აფბა 112-ის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს

აფბა 112-ის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს

”საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” აგრძელებს კომუნიკაციების ბაზარზე არსებული ხარვეზების გამოვლენას. ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვსურს ”საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი ცენტრის 112”-ის გადასახადზე შევაჩეროთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2012 წლის იანვრიდან საქართველოში 112-ის მოსახურებისთვის გადასახადის სახით ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც თვეში 5 ლარზე მეტს ხარჯავს ანგარიშიდან 20 თეთრს, ხოლო იურიდიული პირი 50 თეთრს იხდის.

აფბა მიიჩნევს, რომ 112-ის გადასახადი ერთ-ერთია იმ დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებათაგან, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. არასამთავრობო ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს შეცვალოს წინა მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო სიტუაციის სამსახურის დაფინანსების მახინჯი სისტემა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი 112-ის სამსახურის მსგავსი სისტემა ყველა ევროპულ სახელმწიფოში, ასევე ამერიკაში, რუსეთსა თუ სხვა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყანას დაევალა მისი შექმნა. 2002 წლის მარტში უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა და შესაბამისი მოთხოვნებიც დაწესდა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის, რომ მისი მომსახურება უფასოა ნებისმიერი აბონენტისათვის.

საინტერესო ფაქტია, რომ მთავრობის დადგენილებით 112-ის გადასახადის აბონენტების ანგარიშებიდან ჩამოჭრა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური მხოლოდ იმავე წლის ივნისიდან ამოქმედდა. გამოდის, რომ მოსახლეობა 5 თვის მანძილზე იხდიდა გადასახადს იმ მომსახურებისთვის, რომელიც ჯერ არ არსებობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 112-ის შემოსავალმა 8 554 859 ლარი შეადგინა. სამსახურმა ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი მიიღო, როგორც საწყისი კაპიტალი, რათა საქმიანობა დაეწყო. გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა საგანგებო სამსახურს საწყისი კაპიტალი, თუ მისი ბიუჯეტის შევსება საქმიანობის დაწყებამდე 5 თვით ადრე დაიწყო?

გადასახადის შემოღებისას ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რა პრინციპით განისაზღვრა თითოეულ აბონენტისთვის სავალდებულო ტარიფი, რა ეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია მობილური ოპერატორების ბაზრის რეგულირებაზე და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობაზე არც კი გაუპროტესტებია ამ გადაწყვეტილების მიღება და უხმოდ დაემორჩილა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აფბა მიმართავს ახალ მთავრობას და მოითხოვს, რომ გადაიხედოს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იქნა დამტკიცებული. მიგვაჩნია, რომ დაფინანსების ამ სისტემის ლოგიკით ხელისუფლებას შეუძლია ანალოგიური გადასახადი (მოსაკრებელი) დააწესოს სხვა პროდუქტების მოხმარებაზეც. მაგალითად, პურზე, რომლითაც სურსათის უვნებლობის სასახური დაფინანსდება, მანდარინზე ან ვაშლზე, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფინანსდება და ა.შ.

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მოითხოვს გაუქმდეს 112-ის გადასახადი, რომლითაც მოსახლეობის ჯიბეებიდან უსამართლოდ ხდება ფინანსების ამოღება. მიგვაჩნია, რომ ამ მოსაკრებლის არსებობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რადგან ყველა მოქალაქე, განურჩევლად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საგანგებო სამსახურის მომსახურებით, ვალდებულია სულ სხვა პროდუქტის მოხმარებისას (მობილურზე საუბარი) მოსაკრებელი გადაიხადოს. რომელიც, თავის მხრივ გაუგებარია, რა გათვლებს ემყარება, თუ რატომ უნდა გადაიხადოს ფიზიკურმა პირმა 20 თეთრი, ხოლო იურიდიულმა 50 თეთრი.