საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ამერიკული გამოცემა Foreign Policy. როგორც გამოცემა იუწყება, საქართველოში აშშ-ის ელჩი და რამდენიმე სხვა ამერიკელი დიპლომატი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა მას შემდეგ, რაც გაშმაგებული დემონსტრანტების ბრბო შეეცადა, ხელი შეეშალა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბიბლიოთეკაში გამოსვლაში.
"არსებობს დემოკრატიის ძირითადი პრინციპები და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერად განიცდი საკითხს ან რამდენად ძლიერად გრძნობ თავს უსამართლობის მსხვერპლად. ეს არ ამართლებს ძალადობასა და პარლამენტარების ცემას მაშინ, როცა ისინი პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად მიდიან. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა მომხდარის შემდეგ და დასძინა, რომ საჭიროა, მთავრობამ შეინარჩუნოს სიმშვიდე.
საქართველოში ძალადობა და კონფლიქტი, - წერს Foreign Policy, - გასული წლის ოქტომბრის ერთობ საკამათო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება. მას შემდეგ, რაც საქართველო დემოკრატიული გახდა, სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პირველად დამარცხდა არჩევნებში და ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელძღვანელობით.
"ოქტომბრამდე სააკაშვილი პრეზიდენტად რჩება და ორივე მხარემ პირობა დადო, გაატარონ კოჰაბიტაციის პოლიტიკა, თუმცა თბილისში პოლიტიკური
განწყობა კვლავ დაძაბული რჩება, რაც
ნაწილობრივ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებით არის განპირობებული, რასაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. გასული წლის ნოემბერში, ვაშინგტონში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ Foreign Policy-ს განუცხადა, რომ დაკავებული მაღალჩინოსნები "კრიმინალები და დამნაშავეები არიან". თუმცა, ზოგიერთი ამერიკელი სენატორი მისმა ამ კომენტარმა ისე გააღიზიანა, რომ ფანჯიკიძეს წერილობით მიმართეს, მოეწოდებინა საქართველოს ახალი მთავრობისთვის, თავი აერიდებინათ შერჩევითი დევნისგან და კანონის შესაბამისად ემოქმედათ.
ამასთან, Foreign Policy-ს მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველის, რაფაელ გლუკსმანის ციტატა - "რა თქმა უნდა, მესმის, რომ დასავლეთის ხელისუფლებამ ურთიერთობა უნდა დაამყარონ საქართველოს ახალ მთავრობასთან, თუმცა ამავდროულად ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან გაკეთებული მკვეთრი განცხადებები, საქართველოში მოვლენების დამშვიდებას წაადგება".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის თქმით კი, "ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რათა გაიზარდოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება".
მომზადებულია Foreign Policy-ის მიხედვით.