ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დანიის სამეფოში თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე კრისტიან ფიშერთან შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა დანიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ძირითადი ყურადღება საქართველოს ევროპულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის დანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა დანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მხარდაჭერა ჩვენ სწრაფვასთან დაკავშირებით ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით," _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-დანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა დანიის მხარეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.