ევროსაბჭოში საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციას კენჭს უყრიან

ევროსაბჭოში საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციას კენჭს უყრიან

ევროპის საბჭოში „საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ“ რეზოლუციას კენჭს დღეს დაგეგმილ სესიაზე უყრიან.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაა და ამ დოკუმენტის ტექსტი არა თუ შერბილებული არ არის, არამედ მასში ისეთი ახალი ელემენტებია გაჩენილი, როგორიცაა   - ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.

დეპუტატის განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტმა,  რომელმაც რეზოლუცია განიხილა,  ქართული დელეგაციის შენიშვნები გაითვალისწინა. კერძოდ, ეს ეხება იმას, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს  უსაფრთხო დაბრუნების საშუალება გააჩნდეს, როგორიც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

„ასევე საუბარია იმაზე, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება უპირობოდ უნდა შესრულდეს,  რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული. ასევე დოკუმენტში ჩაიწერება,  რომ ხელი არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ უნდა შეეშალოს - გადალახოს ადმინისტრაციული საზღვარი იმისთვის, რომ  შეუფერხებელი სამედიცინო დახმარება მიიღოს და კონფლიქტის ზონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას  შეუფერხებელი მონიტორინგის საშუალება მიეცეს. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში აფხაზეთსა და საქართველოსთან დაკავშირებით მითითებულია ფრაზა - „აფხაზეთი-საქართველო“ და „სამხრეთ ოსეთი-საქართველო“ და რამდენჯერმე იქნება ნათქვამი, რომ აღნიშნული ტერიტორიები ოკუპირებული იქნა“, - განმარტავს დეპუტატი.