დაეხმარეთ და ღმერთი დაგეხმარებათ

დაეხმარეთ და ღმერთი დაგეხმარებათ

ისტორია, რომელზეც ამ წერილში გიამბობთ, თავს გადახდა ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ ვასიკო სილაგაძეს, რომელსაც მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს, მარჯვენა ფეხი დაზიანებული, მეტყველება უჭირს, ზედა კბილები საერთოდ აღარ აქვს, ქვედა – დაზიანებული. თუ რატომ არის ამგვარ უმძიმეს მდგომარეობაში, თავად მისი მონათხრობიდან შეიტყობთ. 

იმას, ვისაც კეთილი ნების გამოჩენა და 38 წლის ახალგაზრდა კაცის დახმარების სურვილი გაუჩნდება, შეუძლია სტატიის ბოლოს მითითებულ ანგარიშზე თანხა გადარიცხოს, ხოლო იმას, ვისაც გამოხმაურება სურს, შეუძლია ჩვენს მედია–საშუალებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოგვწეროს.

ამ მასალის მომზადების და გამოქვეყნების მიზანი ერთადერთია – ჩვენ გვინდა ამით კიდევ ერთხელ ვცადოთ ვასიკო სილაგაძის დახმარება! მოგვიანებით აუცილებლად გაცნობებთ რა რეაქცია მოჰყვება მისი მონათხრობის კიდევ ერთხელ გამოქვეყნებას, რომელშიც ისეთ ფაქტებზეც საუბრობს და ისეთ პირებს ასახელებს, რომელზეც დღემდე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1994 წელს დაამთავრა. იმავე წელს პირველ არხზე მეგობართან, დათო თარაშვილთან შეიარა. დერეფანში ნატო ონიანი დაინახა და სინანულით, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ტელევიზიაში მუშაობა მისი ოცნება იყო. “აგერ ნატო ონიანი, მიდი და დაელაპარაკეო“, – უთხრა მეგობარმა და მართლაც მივიდა. დღეს ამბობს, რომ ამ დღიდან დაიწყო რისკზე სიარული. მეორე დღიდან დაიწყო მუშაობა მეორე არხის საინფორმაციო გადაცემაში, რომლის მთავარ რეჟისორს, აწ განსვენებულ დავით ასათიანს მოეწონა და ნატო ონიანთან რეკომენდაცია გაუწია – “შტატში ავიყვანოთ, ჟურნალისტად იმუშავებს, მაგრამ რეჟისორის ასისტენტად გავაფორმებო“. 

მეორე არხზე 1998 წლამდე იმუშავა. ამბობს რომ მისდა საუბედუროდ, დამოუკიდებელი ტელეკომპანია “ტვ 7“ გაიხსნა და სამუშაოდ იქ ისე გადავიდა, რომ ყოფილ სამსახურში ამის შესახებ არავისთვის უთქვამს, რასაც დღემდე ნანობს. 6 თვის შემდეგ დამოუკიდებელი ტელეკომპანია დაიხურა. უკან, მეორე არხზე დაბრუნება მოერიდა. პირველ არხზე, “ალიონში“, ოთარ შაორშაძესთან დაიწყო მუშაობა და იქ 6 თვე გაჩერდა. 

“ალიონიდან“ პრესაში გადაინაცვლა და “ახალი თაობით“ დაიწყო; შემდეგ იყო “რეზონანსი“, სააგენტო “ინტერპრესი“ – “დავდიოდი და რედაქციებს ვიცვლიდი. განა იმიტომ, რომ სიტუაცია არ მომწონდა?! – ელემენტარული შემოსავალი, საარსებო წყარო მინდოდა მქონოდა. “რეზონანსში“ ვიყავი, როცა “გეპეის“ სტუდკავშირის თავმჯდომარე, ახლა გაქრისტიანდემოკრატებული ლევან ჯაფარიძე შემხვდა. მასთან სტუდკავშირში გადავედი სამუშაოდ. იქ დაახლოებით ერთი თვე ვიმუშავე.“

ავარიაში, რომ მოყვა, სწორედ “გეპეის“ სტუდკავშირში მუშაობდა. 2003 წლის 31 ოქტომბერს, გვიან საღამოს სამსახურიდან გამოვიდა და დოლიძის ქუჩისკენ გაემართა, სადაც სიგარეტს ყიდულობდა ხოლმე. სასტუმრო “აჭარასთან“ მანქანა დაეჯახა.

ვასიკო სილაგაძე: “არაფერი მახსოვს. როგორც ამბობენ, ქუჩაში ღამის სამის ნახევრამდე ვეგდე. ვუპოვივარ შემთხვევით გამვლელს – დეიდაშვილის თანამშრომელს, ჰიდრომეტცენტრიდან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. 

3 თვე გონზე არ მოვსულვარ. გამოძიებამ გაიგო, რომ შავი, უნომრო “ოპელ–ვექტრა“ დამეჯახა და შემდეგ ხილიანზე აუხვია. ღმერთმა იცის ის მანქანა ნომრიანი იყო თუ უნომრო. ჩივილის და ხელახალი გამოძიების თავი და ნერვები არ მაქვს; შერჩა და კარგად იყოს“.

მანქანა 2003 წლის 31 ოქტომბერს დაეჯახა. გონზე 2004 წლის 12 იანვარს მოვიდა. 23–ე დღეს რეანიმაციაში დედა შეუშვეს. საბანი შემთხვევით გადახდია და რომ უსწორებდა, ნახა, რომ მარჯვენა ფეხი დასიებული ჰქონდა. 

“მეუბნებიან ექიმებზე ცუდი არ თქვა, მაგათ გადაგარჩინესო; ამას თუ გადარჩენა ჰქვია. 23–ე დღეს შემამოწმეს და ნახეს, რომ ფეხი დამტვრეული მქონია, ტერფი – მთლიანად დაშლილი. გონზე მოსვლის შემდეგ ყელიდან სასუნთქი მილი, რომ ამომაცალეს (რომელიც გაუწმენდაობის გამო ზედ იყო შეხორცებული), ხორხი ამოჰყვა. 2 წელი ყელში მილი მედგა, აქედან 5 თვე მუცელში 52–სანტიმეტრიანი შლანგი და სუპებს შპრიცებით მასხამდნენ. ვერ დავდიოდი, ფეხი საოპერაციო მქონდა – 5 თვის განმავლობაში გათენდებოდა, დავჯდებოდი ლოგინზე, დაღამდებოდა – დავწვებოდი“, – იხსენებს ვასიკო სილაგაძე.

პირველად ასეთი დიაგნოზი დაუსვეს – ქალა–ტვინის მძიმე ტრავმა; ქალა–ფუძის მოტეხილობა, სუბარქნოიდალური სისხლჩაქცევა, შუბლის, წელის ორმხრივი ჰიგრომა, კონტუზიური კერა მარცხენა საფეთქლის წელში, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ენფალოპატია. 

ფეხზე ოპერაციის გაკეთებამდე პოლისს სთხოვდნენ, რომელიც მისთვის სახელმწიფო ფონდს უნდა მიეცა – “ფონდის თავმჯდომარე დღემდე ვატო სურგულაძეა. დედაჩემი ფონდში, რომ მიდიოდა, ეუბნებოდნენ – “ვატო არ არის, ვატო გასულია, ვატო მივლინებაშია, ვატო ორ კვირაში ჩამოვა.“ ასე 2 თვე გაგრძელდა. ავიღე ჩემი ჯოხი და “ახალ ვერსიაში“, მაია ფურცელაძესთან წავედი. ამ ამბავზე სტატია გამოქვეყნდა. ფონდში ნაცნობი მყავდა; მისგან შევიტყვე, რომ გაზეთში მასალის გამოქვეყნების შემდეგ ფონდში კედლებზე გადიოდნენო. 2 დღის შემდეგ დაფინანსება მომცეს“.

ოპერაცია 3 აგვისტოს დაინიშნა. დღეს ზუსტად აღარ ახსოვს, ეს იყო 2007 თუ 2008 წელი – “ოპერაცია თამაზ კაციტაძემ გამიკეთა. თაბაშირი დამადო. თვენახევარი მუხლი არ უნდა მოხრილიყო. თვენახევრის შემდეგ თაბაშირის მოსაჭრელად დამიბარა. მივედი, თაბაშირი გადამიჭრეს. სამ დღეში სიცხემ 40 გრადუსამდე ამიწია. ექიმს დავურეკე და სასწრაფოდ მოდიო. როგორც ჩანს, რაღაც გაახსენდა. რომ მივედი, თავად ოთახში, არც შემოსულა, თაბაშირი ასისტენტმა გოგონამ მომხსნა. ფეხში 7 ცალი რკინა, ე.წ. სპიცი მქონდა ჩარჩენილი. მადლობა ღმერთს, რომ მოწამვლას გადავურჩი“.

შემდეგ “არამიანცის“ საავადმყოფოში პროფესორმა ვახტანგ ქაცარავამ ყელზე ოპერაცია გაუკეთა. დღეს ამბობს, რომ ორი ექიმი ჰყავდა, ვინც ბოლომდე უვლიდა. ვახტანგ ქაცარავას და რობერტ გობეჩიას დღემდე ემადლიერება.  

2009 წლის სექტემბერში, მსახიობ მედეა ჩახავას გარდაცვალების ამბავი, რომ შეიტყო, თავისი ჯოხი აიღო და რუსთაველის თეატრში წავიდა, საიდანაც მსახიობი უნდა გამოესვენებინათ.

ვასიკო სილაგაძე: “მედეა ჩახავას ოჯახის წევრებს მივუსამძიმრე. გამოვედი და თეატრის შესასვლელთან დავდექი. ცოტას რომ გავივლი, თუ არ გავჩერდი, ან რაიმეს მივეყრდენი, გზის გაგრძელება მიჭირს. ჩემგან 5–6 მეტრის მოშორებით ბურჯანაძეების მთელი დინასტია იდგა; ვიღაცას ელაპარაკებოდნენ. გავხედე ქალბატონ ნინოს, მანაც გამომხედა. ხელით სათვალე გაისწორა და მკითხა: “სილაგაძე ხომ?!“ დიახ–მეთქი, – თავი დავუქნიე, რაზეც პასუხად მომიგო: “ერთი დრო არავის შერჩება!“ ამის გაგონების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტისკენ ბარბაცით წავედი. იქვე სკამი ვნახე, დავჯექი და 15 წუთი არ გავნძრეულვარ. შემდეგ ერეკლე საღლიანმა გამოიარა და გაჩერებამდე მისი დახმარებით მივედი“.

დღეს, ვასიკო, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ “ერთი დრო არავის შერჩება“–ს თქმას წინ უძღვოდა შევარდნაძის მმართველობისას, ნინო ბურჯანაძის მიერ გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთში დაბრუნებაზე ისაუბრა: “ინტერპრესს“ მივაწოდე ეს ინფორმაცია, რაც მეორე დღეს გაზეთ “ალიაში“ დაიბეჭდა. მაშინ აფხაზეთში დაბრუნებაზე ასე არ ლაპარაკობდნენ, როგორც ახლა. ჰოდა, ამის გამო ქალბატონმა ნინომ თავის კაბინეტშიც კი დამიბარა და “ლექცია“ წამიკითხა. იმავე დღეს, იქვე, პარლამენტში ერთი ღონისძიების გაშუქება მომიწია. კიბეებზე ჩავდიოდი. ქალბატონმა ნინომ ირონიით გადმომხედა და “ჰა, რას ვშვებით, შევდივართ აფხაზეთში?“–ო, – მითხრა“.

ვასიკო სილაგაძის გაჭირვება, ჩვენმა კიდევ ერთმა კოლეგამ, გადაცემა “პროფილის“ წამყვანმა, მაია ასათიანმა მიიტანა გულთან ახლოს და თავის გადაცემაში სტუმრად მიიწვია – “პროფილის“ შემდეგ “ნაციონალებს“ გავახსენდი – უი, ეს კაცი ცოცხალი ყოფილაო და ვატო სურგულაძის ფონდიდან 5 000 ლარით დამაფინანსეს“.

ამ თანხით ვასიკო სილაგაძემ ორთაჭალაში მდებარე თვალის კლინიკის შენობაში რეაბილიტაციის ერთთვიანი კურსი ჩაიტარა. ამის შემდეგ, დაახლოებით 3 კვირა შეძლო შედარებით უკეთესად სიარული. 

კლინიკაში ყოფნისას შეიტყო, რომ მანამდე იქ მკურნალობდა აგვისტოს ომის მონაწილე, ერთ–ერთი სამხედრო პირი, გიორგი ძებისაშვილი, რომელიც “პროფილის“ სტუდიაში პირველად ორი ადამიანის დახმარებით შევიდა, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ მოხვდა ერთ–ერთ გერმანულ კლინიკაში და მდგომარეობა ისე გაუუმჯობესდა, რომ ერთი თვის თავზე სამსახურში გავიდა და “პროფილშიც“ ხელმეორედ, თავისი ფეხით მივიდა. 

ვასიკო სილაგაძე: “პროფილიდან“ გავიგე, რომ თურმე გერმანიაში, ქალაქ ბად–ფუსინგში არსებობს იოჰანესბადის კლინიკა, სადაც რეაბილიტაციის კურსი გაიარა და ერთი კურსის შემდეგ მუშაობა დაიწყო. დავიწყე ძებისაშვილის ძებნა. ექიმები მის კოორდინატებს დიდხანს მიმალავდნენ – არ გინდა, უხეშია, არ გიპასუხებსო.  

ჩემი სახით კლიენტს კარგავდნენ, რადგან თუ ფულს ვიშოვიდი, გერმანიაში წავიდოდი. ბოლო–ბოლო, როგორც იქნა, გიორგის ნომერი მომცეს. ველაპარაკე. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა, 40 წუთი ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ გერმანიაში ეს კლინიკა ცოლ–ქმარ იგორ და სვეტლანა მელნიკოვებს აქვთ გახსნილი, სადაც გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ და ემსახურებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ პაციენტებს“.


ვასიკო სილაგაძე კლინიკის მეპატრონეებს დაუკავშირდა, მასალები გადაუგზავნა და ორი დღის შემდეგ უთხრეს: “საბჭომ თქვენი საქმე განიხილა, მკურნალობას ექვემდებარებით“. შემდეგ ხარჯთაღრიცხვა გადმოგზავნეს. 21–დღიანი სარეაბილიტაციო კურსი, მკურნალობიან–კვებიან–სასტუმროიან–მგზავრობიანად 25 000 დოლარამდე ჯდება. აქედან 18 420 დოლარი მხოლოდ მკურნალობას სჭირდება.

ვასიკო სილაგაძე მარტიდან მოყოლებული დღემდე ცდილობს ამ თანხის მოპოვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ:

“ხათუნა გოგორიშვილს მგონი თავი მოვაბეზრე. ერთხელ ლიფტიდან გამოვდიოდი
და რომ დამინახა, გამარჯობის მაგივრად მითხრა – “ოღონდ დღეს არა“–ო. არც დღეს, არც ხვალ, შენთან სიარულს მოვეშვი–მეთქი, – მივუგე. პეტრე ცისკარიშვილი, რომელთანაც ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა (მაშინ, როცა შევარდნაძის მმართველობისას სხვებთან ერთად ოპოზიციაში იყო), დერეფანში პირისპირ შემხვდა, თავი ჩაღუნა და ისე გაიარა, გამარჯობაც არ უთქვამს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა, ნორმალურად მხვდება და თავის შესაძლებლობის ფარგლებში მეხმარება, სიტყვიერად მაინც, ზურაბ მელიქიშვილია. ერთხელ მეუბნება: “აქედან ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის პირად მრჩეველს ვესაუბრე, თანახმაა დაფინანსებაზე და დაუკავშირდი“. 

მინისტრის მრჩეველთან იმ დღესვე მივედი – “შენზე ზურამ მელაპარაკა, ყველაფერი ვიცი, სარკოზივით შეშფოთებული ვარ; შენ ფული იშოვე და თუ დაგაკლდება, 3 000 ლარს დაგიმატებთო“. აი, ეს იყო მათი დახმარება. რა უნდა მექნა?! ავიღე ჩემი ჯოხი და მეზობელს ვთხოვე მანქანით წამიყვანე–მეთქი. პარლამენტარ გიორგი ახვლედიანის სამდივნოში წერილობითი თხოვნები გავამზადე, თანდართული ცნობებით, დიაგნოზებით, გერმანიიდან მოსული ხარჯთაღრიცხვით და ერთ დღეში ჩამოვარიგე: “ნატახტარში“, “ეკოფუდში“, “გუდვილში“, “ჯეოსელში“, “მაგთიში“, “ბილაინში“, “პეესპეში“, “ავერსში“, “ჯიპისიში“. დღემდე არანაირი პასუხი არ მიმიღია“.

ამის შემდეგ შეიტყო, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიწვდენას მისი პირადი მოძღვრის საშუალებით შეძლებდა. პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომლებმა 60 ლარამდე შეუგროვეს, ბენზინის ტალონები გიორგი ახვლედიანმა მისცა და ნათესავის მანქანით ივანიშვილის მშობლიური სოფლისკენ, ჭორვილასკენ გაემართა. შეხვდა სასულიერო პირს, რომელმაც უთხრა, “ვერანაირად ვეკონტაქტები, სამი თვეა არ გამოჩენილა; მეტსაც გეტყვი – ძმის ცოლი მყავს საოპერაციო და ფული სად ვიშოვო, არ ვიციო“. ამბობს, რომ დანამდვილებით არ იცის, ნამდვილად პირადი მოძღვარი იყო თუ არა ის, ვისაც შეხვდა, მაგრამ პასუხის მოსმენის შემდეგ გაოგნებული დარჩა და უკან, თბილისისკენ გამოემართა. 

“გამწარებულ გულზე გზაზე ხაჭაპური მივირთვი და მხოლოდ ეს დამრჩა სასიამოვნო მოგონებად, ჭორვილადან“, – ამბობს ვასიკო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ “ქართუში“ მივიდა, მაგრამ ამაოდ. ივანიშვილამდე ხმის მიწვდენა ვერ შეძლო. არადა, დარწმუნებულია, რომ თუ გაიგებს, აუცილებლად დაეხმარება. გვთხოვა დაგვეწერა, რომ უნდა გიორგი კარბელაშვილთან შეხვედრა, რომელიც 8 წელია არ უნახავს. 

ერთი იდეა ზურაბ მელიქიშვილს გაუზიარა და დახმარება სთხოვა – “გადაცემა “ვის უნდა 20 000”–ში ეგებ როგორმე მომახვედროთო“. მეორე დღეს გახარებულმა მელიქიშვილმა უთხრა, “რუსთავი 2“–ში გოგის ველაპარაკე და დაგეხმარებიან, დაგირეკავენო“. ეს ამბავი ვასიკო სილაგაძემ გიორგი ახვლედიანს ახარა, მაგრამ ამაოდ – მელიქიშვილის ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მან სცადა მაინც და თან არა ერთხელ. ამასთან, ამ დროს შეიტყო, რომ გადაცემა 20 000–ში მოსახვედრად რიგში დგას მომაკვდინებელი სენით დაავადებული 3 000 ბავშვი და თან, პროექტი დეკემბრის შემდეგ შეიძლება დაიხუროს.

ჩვენთან საუბრისას იმედოვნებს, რომ კიდევ ერთ მცდელობას – ამ მასალის გამოქვეყნებას დადებითი შედეგი მოჰყვება, რის შემდეგაც ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ აქვს თავისი გეგმა, მაგრამ რადგან ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ურჩევნია, ამის შესახებ საჯაროდ ჯერ არაფერი თქვას. 

P.S. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თანხა გადარიცხოთ “თიბისი“ ბანკში, შემდეგ ანგარიშზე – 2336512500031. თუ პირადად ვასიკო სილაგაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ჩვენს მედია–საშუალებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.