მეორე ტურის შემდეგ ყველაზე სერიოზული პრობლემა ტყუილები იყო, – განაცხადა ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობებზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო. საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვინმე ასკურავამ იკადრა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს დეზინფორმაცია გაავრცელებინა. ეს ხომ სისულელე იყო? მეორე ტყუილი – ბათილი ბიულეტენები. უმცროსი და უფროსი ვაშაძიდან დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა იძახდა – 97 000, 97 000 ბიულეტენი, რაც ასევე ტყუილია, რადგან ცესკო-ს საიტზე ყველა მონაცემი ზუსტად არის. 2018 წლის პირველ ტურში ბათილი ბიულეტენი იყო 54 708, მეორე ტურში კი- 47 373. გამოდის სააკაშვილი და ამბობს, რომ ამდენი ბათილი ბიულეტენი არასოდეს ყოფილა. როგორ არასოდეს ყოფილა, როცა 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე 45 972 იყო და 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე 75 770, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი – 65 464“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
მისი თქმით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხალხმა თავისი ნება გამოხატა.
„ხალხმა, პირველ ტურში, მმართველ პოლიტიკურ ძალას უთხრა – არა, მეორე ტურში კი, შესაძლებლობა მისცა. ახლა უკვე, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა და რამდენად გაითვალისწინებს ხალხის ნებას „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოში დომინანტია“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
გადაცემაში სტუმრად მყოფი ექსპერტის, დავით ნებიერიძის შეკითხვაზე, რა დარღვევამ შეიძლება, არჩევნების შედეგები არალეგიტიმური გახადოს, ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს ხაშურში გააკეთა, როცა ავტომატიანი სპეცრაზმელები საარჩევნო უბანზე შევარდნენ.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დემოკრატიის ანი-ბანი ისაა, რომ წაგებულმა მოგებულს გამარჯვება მიულოცოს, მაგრამ გრიგოლ ვაშაძემ ეს არ გააკეთა.
„სააკაშვილი რომ ამბობს, ჩემთვის პრეზიდენტი გია ვაშაძეაო, რა, გია ვაშაძე არის პრეზიდენტი? წავიდა ის სააკაშვილი, აღარ ჩანს. გიორგი ვაშაძემ რა გააკეთა? განცხადება გააკეთა – მერე რა მოხდა, წავალ, პოროშენკოს საარჩევნო შტაბში უნდა მივეხმაროო. მსოფლიოში სადმე ასეთი რამ გაგიგონიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მიდიოდეს და სხვა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდეს?“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.