ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ თბილისთან მეგობრული ურთიერთობა სურს, მხოლოდ დიპლომატიური ფრაზაა.
"ეს არის ლავროვის დიპლომატიური ფრაზა. ამაში საკვირველი, სენსაციური და სკანდალური არაფერია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ლავროვს და სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე, როდესაც საქართველოდან ჯარების გაყვანაზე იყო საუბარი, საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ და იცნობენ ერთმანეთს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის პრეზიდენტი, გადაწყვეტენ, რომ გარკვეული დიალოგის რეჟიმი შექმნან რუსეთთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს მიესალმება“, - აღნიშნა არეშიძემ.
ლავროვმა ზურაბიშვილს უსურვა, ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს, ის რაც მის ხალხს სურს. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ამ ნათქვამში ვერანაირ ქვეტექსტს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ლავროვმა კარგად იცის, რა სურს ქართველ ხალხს რუსეთთან მიმართებაში.
"მე ამ ნათქვამს არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ეს არის უბრალოდ დიპლომატიური განცხადება. თუ რა ნაბიჯები მოჰყვება ლავროვის განცხადებას, ეს დამოკიდებულია ოფიციალურ რუსეთსა და საქართველოს შორის კულუარულ ურთიერთობებზე. საქართველოს შემდგომი ნაბიჯი როგორი იქნება, ეს დამოკიდებულია არა ლავროვის განცხადებებზე, არამედ კულუარულ ურთიერთობებზე. თუ ოფიციალური რუსეთი დაინტერესებიულია, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, ეს მოხდება და თუ ეს რუსეთს არ სურს, მაშინ არაფერს არ აქვს აზრი.
რუსეთი დღეს არის ერთის მხრივ სანქციების და მეორეს მხრივ ისტორიული ამბიციების გავლენის ქვეშ. ძალიან არაპროგნოზირებადია რუსეთის შემდგომი ნაბიჯები. რასაკვირველია, მას უნდა, როდესაც უკრაინასთან სიტუაციის გართულების კონტექსტში, მჰქონდეს თუნდაც ერთ "ნაწყენ ქვეყანასთან“ დიალოგის რეჟიმი ოფიციალურ დონეზე. მას სჭირდება, დანარჩენ მსოფლიოს ასეთი მესიჯი გაუგზავნოს, მაგრამ ისეთი საჭიროება არ უდგას, რომ დათმობებზე წავიდეს. დათმობა იქნება, თუ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დამოკიდებულებას შეცვლის, ამისთვის კი რუსეთი ჯერ მზად არ არის“, - აცხადებს არეშიძე.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან კარგი ურთიერთობების განვითარებაზეა განწყობილი.