ახმეტაში ჟურნალისტების ცემის ფაქტს შსს განსხვავებულ ინტეპრეტაციას უკეთებს

ახმეტაში ჟურნალისტების ცემის ფაქტს შსს განსხვავებულ ინტეპრეტაციას უკეთებს

სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფისა და ყარმაზანაშვილ-ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა.  ყაჩმაზაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით, სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ, მათი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოყვა შელაპარაკება და ჩხუბი. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს, რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა მიაყენეს. სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყაჩმაზაშვილი-ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სტუდია GNS-ში კი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტაში მომხდარი ინცინდენტის სურათის შეცვლა სურს. კერძოდ, საქმე აღძრულია არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, არამედ სხეულის დაზიანების მუხლით და შსს ყურადღებას არ ამახვილებს GNS-ის აპარატურის დაზიანებაზე. ახმეტაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ for.ge-ს სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი ესაუბრება.

ვასილ დაბრუნდაშვილი: „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ახმეტაში არსებობდა ხე-ტყის გადამამუშავებელი სამი საამქრო, რომელიც უკანონოდ მოჭრილ ხეებს ამუშავებდა და იქიდან მასალა თბილისში სარეალიზაციოდ ჩამოჰქონდათ. ამდენად, სამ მისამართზე გვქონდა ინფორმაცია, ახმეტაში რეპორტაჟის მოსამზადებლად ვიყავით ჩასულები და გვინდოდა სამივე მისამართზე ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. როდესაც ერთ-ერთ მისამართზე მივედით, დავაფიქსირეთ ეზოში მდგარი სატვირთო ავტომობილი, რომელიც მორებით იყო დატვირთული, ასევე მორები ეყარა ეზოშიც. კამერის გამოჩენისთანავე, ამ საამქროში მყოფი ადამიანებისგან წამოვიდა აგრესია. ერთ-ერთმა პიროვნებამ თავზე მაისური გადაიცვა, რათა მისი ამოცნობა არ მომხდარიყო. ეს ადამიანი წამოვიდა კამერისკენ, ხელი ჰკრა ოპერატორს და ასე ძალის გამოყენებით დაგვატოვებინა ტერიტორია.

ამ ინცინდენტიდან დაახლოებით 20 წუთში მოხდა მეორე ინცინდენტი. ჩვენ მივედით მეორე მისამართზე და მეორე საამქროს შესახებ ინფორმაციას ვამოწმებდით. ადგილზე მისვლისას ძალიან მშვიდ ვითარებაში ვითხოვე, რომ გამოსულიყო პიროვნება, რომელიც იქნებოდა კომპეტენტური და ჩვენს კითხვებს უპასუხებდა. ჩვენ გვინდოდა მათგან მიგვეღო პასუხი კითხვებზე, რა საწარმო იყო, ჰქონდა თუ არა მას ლიცენზია, რას აწარმოებდნენ და ა.შ. როდესაც ეს კითხვები დავსვი, პიროვნება, რომელიც ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა და რომელიც, სავარაუდოდ საამქროს ხელმძღვანელი იყო, ჩვენს მიმართ აგრესიულად განეწყო. ადგილზე მისი შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც კამერას ხელი ჩაარტყა და ოპერატორზე გამოიწია.

ამ ადამიანების ვინაობა თუ არის თქვენთვის ცნობილი?

- დიახ, ესენი არიან მამა-შვილი იოსებ და ნოდარ ჭიჭიაშვილები. ეს ადამიანები პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, ცდილობდნენ ოპერატორისთვის კამერა წაერთმიათ, ოპერატორსაც დაარტყეს და მეც ჩამარტყეს ბეჭების არეში. შემდეგ კი მათი აგრესია უფრო ოპერატორზე გადავიდა, რადგან მისთვის კამერის და შესაბამისად, იმ ვიდეო-მასალის წართმევას ცდილობდნენ, რომელზეც ჩვენი ცემის ფაქტიც იყო ასახული. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპერატორს, რის შემდეგაც მოახერხეს კამერისთვის ელემენტის მოძრობა. როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ ეს კასეტა იყო და ამ დროს უკვე ოპერატორმა მოახერხა მათი ხელიდან გასხლტომა და მანქანაში ჩაჯდომა, რის შემდეგაც ჩვენ ტერიტორია დავტოვეთ.

იქიდან პირდაპირ საავადმყოფოში მივედით და პატრულიც გამოვიძახეთ. საავადმყოფოში იმიტომ მივედით, რომ სამედიცინო დამხარება გვესაჭიროებოდა. ოპერატორს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. კერძოდ, თავზე ჰქონდა კოპები, სახე შეშუპებული, მკლავი, მუცელი და ფეხები სულ ნაკაწრებში ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. ასევე დაზიანებები მქონდა მეც და ორივეს აღმოგვიჩინეს სამედიცინო დახმარება. შემდეგ საავადმყოფოში მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გვითხრეს, რომ დაკითხვაზე გადაგვიყვანდნენ, მაგრამ ჩვენ მათ ორი საათი ველოდეთ და ისინი აღარ გამოჩნდნენ. ამიტომ, ჩვენ თვითონ მივედით საპატრულო პოლიციაში, სადაც გვითხრეს, რომ უკვე გვიანი იყო და თან გვქონდა მძიმე ემოციური ფონი და ამიტომ, ჩვენი დაკითხვა მიზანშეწონილი არ იყო. ამდენად, დასაკითხად დილით დაგვიბარეს. მართლაც, დილით ჩვენ მივედით და მათ დაგვკითხეს, რა დროსაც მათ საქმის დეტალები გავაცანით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენებია ვინმე ყაჩმაზაშვილიც. თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვინ არის ეს ადამიანი?

- ჩვენ საერთოდ არ ვიცით, ვინ არის შსს-ს განცხადებაში ნახსენები ეს ადამიანი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეს ყაჩმაზაშვილი არის შუახნის მამაკაცი და ამ ასაკის პიროვნება იმ საამქროს ტერიტორიაზე არ ყოფილა. ინცინდენტის ადგილზე სულ ახალგაზრდები იყვნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი იყო ამ ყაჩმაზაშვილის ვაჟი და ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც ინცინდენტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გამოგვიყვანა.

თქვენი აპარატურის გადარჩენა მოახერხეთ?

- აპარატურა მთლიანად განადგურებულია, კამერა საერთოდ გამოსულია მწყობრიდან და მისი გამოყენება უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა, დამტვრეულია მიკროფონი და ერთადერთი რისი გადარჩენაც მოვახერხეთ, ეს არის ვიდეო-მასალა, რომელზეც სრულად არის ასახული ყველაფერი, რაც ახმეტაში მოხდა.

შსს- განცხადებაში ნათქვამია, რომ თქვენ კერძო საკუთრებაში შეიჭერით და ინცინდენტიც ამას მოჰყვა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ჩვენ არ შევსულვართ კერძო საკუთრებაში და ზუსტად ამის დამადასტურებელი მასალა გვაქვს, სადაც კარგად ჩანს, რომ ორივე შემთხვევაში ეს იყო საამქროს ეზოს მიმდებარე ტერიტორია. ყველაფერ ამას მაყურებელი კვირას იხილავს.