“იყო ერთი ტიპი. ნიჭიერი იყო ეგ ოხერი. ოხერი კი იმიტომ იყო, რომ ქალები უყვარდა. სიმართლე რომ გითხრათ “ისე რა“ ტიპი იყო ის ტიპი (გარეგნობას ვგულისხმობ) დაბალი, დიდი ცხვირით, მომელოტო, ცოტა ენასაც უკიდებდა, მაყუთიც არ ჰქონდა... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალებს მაინც კერავდა გარდი-გარდმო. რომ მისულიყავით მის მიერ დაკერილ ქალთან და გეკითხათ: “აი ამას, შენ - ასეთმა ლამაზმა და ყველასათვის სასურველმა, როგორ მიეციო?“
ქალი ვერაფერს გეტყოდათ. წავიდოდა და გაგეცლებოდათ დარცხვენილი““.
ეს გახლავთ ამონარიდი შალვა რამიშვილის ფეისბუკური ჩანაწერიდან. წინა კვირას, ქართულ ინტერნეტ–სივრცეში დარცხვენილი ადამიანები ნამდვილად არ აქტიურობდნენ, თუმცა რუსეთის 20–მდე ჯაშუშის გამოვლენის შემდეგ, სიტყვა “დარცხვენა“ სულ სხვა კუთხით უნდა გავიგოთ.
პრეა.გე–ს სტატიაზე: “საქართველო–რუსეთის დაპირისპირება “ჯაშუშური ქსელის“ გამო“, ჩვენი მკითხველი – არტემი წერს:
“რუსეთის სპეცსამსახურები გაიყინა გასული საუკუნის 80-იან წლების დონეზე. მათ საქართველოში ეგონათ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ და პრიმიტიული მეთოდებით ცდილობდნენ თავიანთი აგენტურული ქსელის გაშლას. ისინი მოტყუვდნენ მათ ჯეროვნად ვერ შეაფასეს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ეს შეეხება ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, პოლიტიკურ, სამხედრო თუ სამართლადამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რადიკალურ მოდერნიზაციას.
საქართველოს სპეცსამსახურები სრულებითაც არ ჩამოუვარდებიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებს გნებავთ , ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თუ “მოსადს”. რაც არ უნდა უარყოს რუსეთის ხელისუფლებამ მათი აგენტურული ქსელის ჩავარდნის შესახებ, მაინც ვერავის დააჯერებს“
აბა რაღა გვიჭირს?! დაუნახავი ხალხი ჩვენ ვყოფილვართ, თუ ვყოფილვართ. ავშენებულვართ და ვერ ვაფასებთ...
ტრადიციულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სტატიას: “სომხები აცხადებენ, რომ აფხაზებს მათი გასახლება სურთ“. ამ თემაზე ინკოგნიტოდ დარჩენილი მკითხველი წერს:
“არა მგონია აფხაზეთიდან სომხების გასახლება მოხდეს. ამას რუსები არ დაუშვებენ. მანდ ხომ ყველაფრის ბატონ-პატრონი რუსი ვანიაა… ისე, აფხაზები ნელ–ნელა გამოუვალ მდგომარეობაში შედიან და იმედია მიხვდებიან, რომ მათვის MALENKAIA შვეიცარიაზე ფიქრი მხოლოდ უაზრო ოცნებაა, რომელიც არასოდეს არ აუხდებათ. დროა თავისი ეთნოსის გადარჩენაზე იფიქრონ. მათი ეთნოსის გადარჩენა კი მხოლოდ ქართველებთან შერიგებით და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით შეიძლება“.
თავის გადარჩენა ვისაც უნდოდა, იმან უკვე გაასწრო კარგსა და კოხტა ქვეყნებში. ხოლო, ვინც აფხაზეთში დარჩა, იმას სწორედ ეგ “გადარჩენა“ არ აწყობს...
გიხაროდენ – ხორცი გაიაფდა! აი რას ნიშნავს ცეზარ ჩოჩელის, “სასაკლაოს'' პოლიტ–ეკონომია...
Mdogvi: “დღეს მსურს გაცნობოთ, რომ ყაზბეგის გამზირზე ფუნქციონირება დაიწყო ცეზარ ჩოჩელის, “სასაკლაოს'' საფირმო მაღაზიამ, სადაც ხორცი ძალიან იაფია (დავძენდი - თითქმის არარეალურად იაფია).
მივმართავ უზერებს, რომლებიც ფასწარმოქმნის წმინდა ეკონომიკური მექანიზმის გარდა ფასწარმოქმნის პოლიტიკურ საფუძვლებშიც ერკვევიან: თქვენი აზრით, რამ აიძულა ეს ფირმა, რომ ხორცის ფასი ადრე არსებულ ფასზე უფრო დაბალ ნიშნულზე დაეწიათ? შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ეს არის დემპინგური ფასი, რაც საქონლის ხორცის ბაზრიდან სხვა მოვაჭრეების განდევნას და მონოპოლიის ხელში ჩაგდებას ემსახურება? რამდენ ხანს გაძლებს ,“ხელოვნური ფასი?“
ცეზარ ჩოჩელი მეფედ! ცეზარ, ადი ტახტზე და გვიხელმძღვანელე!
ღია შეკითხვა: არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება სექსისტი?
Human Rights: “მგონი შეკითხვა ნათელია, მაგრამ მათთვის ვისთვისაც ტერმინი “სექსიზმი“ ცოტა ბუნდოვანია, განვმარტავ, რომ სექსიზმი ეს არის დამოკიდებულება, რწმენა, გაგება, რომ ერთი სქესი უფრო მნიშვნელოვანია, უფრო კომპეტენტურია, უფრო ძლიერია ვიდრე მეორე.
ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მამაკაცურ სიძლიერეზე მდედრობითი სქესის მიმართ, როგორც კონკრეტული მოქმედებების ისე ზოგადად პოლიტიკის დონეზე. არიან ქალები ქართულ ხელისუფლებაში უკანა რიგებში თუ მათ მიმართ არანაირი დისკრიმინაცია არ შეინიშნება?“
აფსუს, მთელ მინისტრთა კაბინეტში ქალი ერთი ვერა ქობალიაღა შემორჩა და მალე ალბათ მაგასაც “მაია ნადირაძის სახელობის გუვერნანტ ქალთა სასწავლებელში“ გააგზავნიან.
თქვენ მართლა გგონიათ, რომ სსრკ დაიშალა? ძალიანაც შემცდარხართ...
UZUL: “მე ის მახსოვს, აქ ამას წინ კობზონი რომ ჩამოვიდა და ფილარმონია რომ გადაიტენა. დღემდე ვერ ვხდები – რატომ... დავიჯერო, ბრძენ ქართველ ერს ასე от и до აქვს შესწავლილი კობზონის დისკოგრაფია? ეს “მზიური” რა... ვიღაცისთვის ბავშვობაა... ვიღაცისთვის კიდევ რაღაცა... მე ფეხებზე მეკიდა და ახლაც მკიდია...“
იქ, სადაც რუსული არმიისთვის მომღერალ ქეთა თოფურიას ლამის ძეგლი დაუდგეს, თბილისში თამრიკო გვეწითელის ჩამოსვლა და კონცერტში მონაწილეობა რატომ უნდა გვიკვირდეს?
ფორუმელები დაინტერესდნენ, თუ ვინ მეტყველებს “სათანადოდ“ საქართველოში.
Axalirevolucia: “საქართველოში თუკი სათანადოდ მეტყველებ, კარგი სამსახური გერგება. ნებისმიერ ჟღურტულა დიქტორს შეუძლია დაირქვას პოლიტიკოსი და წარმატებულიც იყოს. არის პროფესიები, რომლებიც კარგ მეტყველებას მოითხოვს: ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე, ჟურნალისტი, დიქტორი, ექიმი, ლექტორი, მასწავლებელი... და სულაც არ არის აუცილებელი ამ ხალხს უფრო მეტი პოლიტიკური ნება ჰქონდეთ, ვიდრე ვთქვათ ვანო მერაბიშვილს, ან დღევანდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს.
მოდი დავაარსოთ უჩინარ მწერალთა პარტია, სადაც არცერთს არ მოგვიწევს ტელეკამერებთან მეტყველება. ჩვენი სათქმელი მხოლოდ ბეჭდური სიტყვით ითქვას. პოლიტიკური პარტია, რაღაც “გორილაზ”-ის მსგავსი. ანუ ტვ-ში არ ვჩანვართ, მოდიფიცირებულები ვართ.
და თუ ეს აზრი აბსურდულად და წინასწარ განწირულად გეჩვენათ, (მეც თქვენთან ვარ), მაშინ მიიღეთ ეს საქართველო თავისი პოლიტსპექტრიანად ისეთი, როგორიც არის – თავისი ბაინდურაშვილებით, კირკიტაძეებით, კუკავებით, სამყურაშვილებით, ბესელიებით...“
მეც ჩავერთვები ამ მოძარობაში და დიმიტრი შაშკინს შემიძლია საზოგადოებრივ საფუძვლებზე, უფასოდ ჩავუტარო ლექცია ზმნის და სახელის შეწყობის პრობლემებზე ქართულში.
ილია - მოვიკლათ წარსულ დროებაზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს...
Liceme: “ეროვნული ნიჰილიზმის თემა არახალია, მაგრამ ამ საკითხთან შეხება ძალიან სათუთად და დელიკატურად უნდა მოხდეს. ამ თემაზე რომ ისაუბრო სულ მცირე ნიკოლო მიწიშვილი მაინც უნდა იყო (მასავით უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა).
ნიკოლო მიწიშვილი 1926 წელს ჟურნალ "ქართულ მწერლობაში" დიდი გულისტკივილით წერდა: "და როცა კვლავ ვუბრუნდები საქართველოს, მე მას ვერ ვხედავ. ვერ ვნახულობ და მეშინია: ნუთუ საქართველო მარტო ეთნოგრაფიული ქვეყანაა, თანდათანობით გადაგვარებაში გადასული? როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას - იქ მე ღმერთს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართულის იდეისა ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოს წარსულში“
პახმელიაზე რომ კაცი ასეთ გულის ამაჩქარებელ თემებს ხსნის, სხვა დროს რას იზამს, ხომ წარმოგიდგენიათ...
საქართველოში ხშირად არ ვაფასებთ და ვლანძღავთ იმას, რაც მართლა საერთაშორისო დონის გაგვაჩნია.
Johnnie Walker: “ფორუმზეც, მედიაშიც, ხშირად ე.წ. “ინტელექტუალთა” თავყრილობებზე და ზვიადისტების შაბაშებზე ხშირად გამიგია მერაბ მამარდაშვილის – ამ დიდი ფილოსოფოსის ლანძღვა. არადა მე ვფიქრობ, ეგ კაცი სიამაყეა ამ ქვეყნის! მისი წყალობით იქ, სადაც იხსენებენ ვთქვათ, გერმანიას და ჰანს-გეორგ გადამერს, ზოგჯერ ვიღაცა მერბ მამარდაშვილსაც გაიხსენებს ხოლმე და საქართველოს. მე ვფიქრობ, ეს დიდი პატივია!“
როდესაც სოკრატეს სკოლის დამფასებელი ფილოსოფოსი არისტოტელეს პერეფრაზირებას ახდენს (“პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება მთავარია”) რატომ სტეხენ ჭიქაში ქარიშხალს?!
გიხაროდენ! ირანელებს და სხვა მსგავსი ტიპის ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა!
Lazare: “არ ვიცი, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის რამდენად არის სასარგებლო ირანში წასვლა. შესაძლოა, ეს უფრო ბიზნესმენებს აინტერესებდეთ, მაგრამ გაცილებით საინტერესოა ეს ირანელებისათვის... განსაკუთრებით იმ კატეგორიისათვის, ვისაც მიზანი აქვს დაამყაროს კავშირები ჩრდილოეთ კავკასიის, აზიის, აფრიკის და იმ ქვეყნების ტერორისტებთან, რომლებიც ასევე უვიზოდ შემოდიან საქართველოში.
ანუ, საქართველო შეიძლება ძალიან ადვილად იქცეს ტერორისტების და სხვა ჯურის არამზადების შეხვედრის ადგილად... ეს საუკეთესო მიზეზი იქნება რუსეთისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტებში დაგვდოს ბრალი, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს შორის. მუსულმანების ასე შემოდინება ჩვენს ქვეყანაში უკვალოდ არ ჩაივლის“
ერთ რამეში მაინც გამომადგება ქართული პასპორტი. ყოველთვის მინდოდა ირანში მოგზაურობა…