100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ნაძალადევის რაიონში, მე–7–ე საჯარო სკოლაში არსებული წმინდა სამების სახელობის სამლოცველოს წინამძღვარს, მამა დავითს (ქლიბაძე).
რა მნიშვნელობა აქვს 100 000 მოწამის ხსენების დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?
მამა დავითი: ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს ზეციურ საქართველოს შეეძინა 100 000 მფარველი, რომელთაც თავი დასდეს: თავიანთი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის, ქრისტეს სიყვარულისთვის. მათი ხსენების დღეა 13 ნოემბერი, ძველის სტილით 31 ოქტომბერი, ყველა ქართველისთვის, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაული. მსოფლიოს არ ახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ ერთ ქვეყანაში, ერთდროულად 100 000 ადამიანი ყოფილიყო წამებული.
როდის და როგორ აწამეს 100 000 ადამიანი?
– როგორც ჟამთა აღმწერელი მოგვითხრობს, ამ პერიოდში ქვეყნის იმჟამინდელმა მმართველებმა ღმერთი, ღვთის შიში დაივიწყეს და ღვთისმოსაობის ნაცვლად მიეცნენ: გარყვნილებას, სიძვას, მრუშობას, გაუტანლობას, შურს, ზიზღს... ამის გამო, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა ადამიანი უფალს განუდგება, მასზე განსაცდელი მოდის და ღმერთმა ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანაზე დაუშვა.
ხვარაზმის სულთანი, ჯალალედინი საქართველოში1225 წელს შემოიჭრა, ხოლო 1226 წელს თბილისი აიღო. პირველი ბრძოლა გარნისთან მოხდა. ჩვენს ჯარს, რომელსაც სარდლობდნენ შალვა ახალციხელი და მისი ძმა ივანე, მაშველი რაზმი არ დაახმარა ივანე ათაბაგმა. ეს ყველაფერი შურით გააკეთაო, – გადმოგვცემს ჟამთა აღმწერელი – როდესაც ქართულ ჯარს უჭირდა, მან დასახმარებლად მაშველი არ გაუგზავნა, რის გამოც გარნისთან დავმარცხდით. ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო შალვა ახალციხელი ტყვედ წაიყვანეს და ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულა.
გარნისის შემდეგ ჯალალედინი თბილისს მოადგა, მაგრამ დედაქალაქის აღება ვერ შეძლო, რადგან ჩვენმა ჯარმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. როგორც ჟამთა აღმწერელი მოგვითხრობს, ჯალალედინი აქ მცხოვრებ მაჰმადიანებს (თბილისელ სპარსელებს) დაუკავშირდა, რომლებმაც ქალაქში შემოსასვლელი კარი გაუღეს. ამ ღალატში მონაწილეობა მიიღო რუსუდან მეფის ქმარმა, ყოფილმა მუსულმანმა – არზრუმის მფლობლის, თოგრილ შაჰის ძემ, მოღის-ედენმა, რომელიც შემდეგ ისევ მაჰმადიანობას დაუბრუნდა.
თბილისში შემოსვლის შემდეგ ჯალალედინმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები გამოატანინა, ტაძრისთვის გუმბათი მოახდევინა, ზედ თავისი ბილწი დასაჯდომელი დაადგმევინა და იქიდან ადევნებდა თვალს მეტეხის ხიდთან ქრისტიანთა წამებას. როგორც ჟამთა აღმწერელი მოგვითხრობს, ქრისტიანებს უბრძანეს მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები დაენერწყვათ და ფეხით გაეთელათ. ვინც ამაზე უარს ამბობდა, სიკვდილით სჯიდნენ. ამ დროს, ბევრმა სულმოკლე ქრისტიანმა, სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და თვისი შემოქმედი უარყო.
დედებს მეძუძურ შვილებს ართმევდნენ და ქვაზე ახეთქებდნენ; ზოგს თვალი გადმოსცვივდებოდა, ზოგს ტვინს ასხმევინებდნენ კლდეებზე, ქვებზე. სწორედ ამ დღეს, 100 000–მა ქართველმა უარი თქვა ხატთა შეურაცხყოფაზე. მათ თავები მოკვეთეს და ხიდიდან მტკვარში გადაყარეს. მდინარე წითლად შეიღება და გვამებით ისე გაივსო, ფეხის დაუსველებლად გადასვლაც შეიძლებოდაო, – ამბობს ჟამთა აღმწერელი.
რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს ადამიანები თავიანთი ნებით ამბობენ უარს ქრისტიანობაზე?
– მაშინდელ ვითარებასა და დღევანდელობას შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ – დღესაც ებრძვიან ხატებს, ოღონდ სახეშეცვლილი ფორმით და თავიანთი საქციელით ემსგავსებიან ხატთმებრძოლებს.
თითქმის ყველა სკოლიდან (გამონაკლისების გარდა) ხატები გამოაბრძანეს, რელიგიის გაკვეთილები აკრძალეს, სალოცავი კუთხეები მოშალეს. ამის გამო ადამიანები დაშინდნენ. მასწავლებლებიც შეშინებულები არიან – სკოლაში ხატის შეტანა ეშინიათ. ბავშვი გაკვეთილის დაწყების წინ ლოცვას, რომ წაიკითხავს, უფრო მეტი მოკრძალება, მორიდება ექნება და ამაზე კარგი არაფერია.
შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, ხატის ადგილი ეკლესიაშია, სკოლაში რა უნდაო, მაგრამ ჩვენს ოჯახებშიც ხომ არის ხატები?! ოჯახი მცირე ეკლესიაა და თუ ოჯახში შეიძლება იყოს ხატი, სკოლაში, ან სხვა დაწესებულებაში რატომ უნდა აიკრძალოს?! ჩვენი განმანათლებელი ხომ თავად უაფალი იესო ქრისტეა, რომელიც გვაძლევს სიბრძნეს და გონიერებას.
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დარჩა სკოლები, საიდანაც ხატები ჯერ არ გამოუბრძანებიათ. მაგალითად, ნაძალადევის რაიონში, მე–7–ე საშუალო სკოლის დირექტორი ძალიან დაგვეხმარა – ორი ოთახი გამოგვიყო, სადაც ამჟამად წმინდა სამების სახელობის სამლოცველოა მოწყობილი, რომელიც მეუფე იაკობმა (იაკობაშვილი) აკურთხა, მისი უწმინდესობის ლოცვა–კურთხევით. 2010 წლის შემდეგ, რაც მამა გიორგის (თევდორაშვილი) ინიციატივით მღვდლად დამასხეს ხელი, წირვა–ლოცვებს მეშვიდე სკოლაში გახსნილ სამლოცველოში ვატარებ.
რა სტადიაშია ეკლესიის მშენებლობა ნაძალადევის რაიონში, ქავთარაძის სახელობის ბაღში?
– მხოლოდ საძირკველია ამოთხრილი. იქ სამნავიანი ბაზილიკა უნდა აშენდეს, მაგრამ ჯერჯერობით, უანგარო შემომწირველებს დიდი ოდენობის თანხის გაღების საშუალება არ აქვთ და ამიტომ, ჯერ საძირკვლის ჩასხმაც ვერ შევძელით. მეტროსადგურებთან: ნაძალადევთან, ვაგზლის მოედანთან და დიდუბესთან რკინის ყუთები გვიდგას, საიდანაც თვეში დაახლოებით 200 ლარი შემოდის. გამგებობები ხომ ეხმარებიან მშენებარე ტაძრებს?! და 3 000 ლარი გადმოგვირიცხეს. ეს არის და ეს.
რას ითხოვენ ანგარებიანი ადამიანები, დახმარების სანაცვლოდ?
– ტაძრის მშენებლობისთვის თანხა გაიღეო, დაძალებით ვერავის დააძალებ. უბრალოდ, ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს ამის ძალა და მადლი, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. გაზაფხულზე, წინა საარჩევნო პერიოდში, სანამ საძირკველი ამოითხრებოდა, შემომწირველები გამოჩნდნენ, თავად მოვიდნენ, ჩვენ არავინ შეგვიწუხებია – მაგალითად, შოთა ქურდაძემ, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია, დახმარება შემოგვთავაზა, რომ ტაძარს აგვაშენებინებდა; თანხას, ცემენტს, არმატურას მოგვცემდა, მაგრამ სანაცვლოდ, წინა საარჩევნო კამპანიის დროს, გვერდში დადგომა მოითხოვა.
ანუ კონკრეტულად რა უნდა გაგეკეთებინათ?
– ხალხთან შეხვედრების დროს მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ამაზე უარი ვთქვი – სასულიერო პირი ვარ და პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის სასარგებლოდ არ მაქვს–მეთქი. ჩემმა უარმა ბატონი შოთა გაანაწყენა. როდესაც დეპუტატი გახდა და მოსახლეობამ დანაპირები შეახსენა, ამაზე უპასუხა – მამა დავითი გვერდში არ დამიდგა; ამიტომ მას ტაძარს არ ავაშენებინებ, თქვენ ვერაფერს მიიღებთო.
მე ეს ადამიანი მებრალება, რადგან მამა დავითი იქ თავის სახლს კი არ იშენებს?! ღვთის სახლს აშენებს და ეს ადამიანი ჩემი დახმარებით უპირველსად თავის თავს დაეხმარებოდა, თუ დანაპირებს შეასრულებდა. ღმერთს ვთხოვ მას და მისნაირებს გონება გაუნათოს.
რატომ აირჩიეთ ტაძრის ასაშენებლად ქავთარაძის სახელობის ბაღი?
– ეს ადგილი მე არ ამირჩევია, 2002 წელს მის უწინდესობას უკურთხებია, რის შესახებაც მოგვიანებით შევიტყვე. სულ ვფიქრობდი რომ ჩემს უბანს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ამჟამად ვცხოვრობ, რაღაცით დავხმარებოდი. აქ, ისევე, როგორც მეტ–ნაკლებად ყველგან, ბევრია ღვთის გზას აცდენილი. როდესაც დიაკვნად ხელი დამასხეს, სასწაული მოხდა და საპატრიარქოდან გამომიშვეს სწორედ აქ, ჩემს უბანში და ეს ადგილი ჩამაბარეს.
ამ ადგილის კურთხევის შემდეგ, თავიდან პარაკლისებს მამა ზაზა (კირვალიძე) ატარებდა. შემდეგ იქ მოსახლეობა იკრიბებოდა ხოლმე – საერო პირთგაგან ერთ–ერთი, ირაკლი დევნოზაშვილი, თითქმის ყოველდღე პარაკლისებს ატარებდა, სახარებას კითხულობდა. 2008 წელს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ეს ადგილი ჩამაბარა, ორშაბათობით და ოთხშაბათობით პარაკლისებს ვატარებდი.
მართალია ამჟამად მხოლოდ ტაძრის საძირკველია ამოთხრილი, საძირკვლის ჩასხმაც ვერ შევძელით, მაგრამ უფლის ძალით და ნებით ტაძარს აუცილებლად ავაშენებთ. კიდევ ვიმეორებ, დაძალება არ შეიძლება, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს ვთხოვ, თანხა გადმორიცხოს საქველმოქმედო ფონდ სამებაში, რომლის ანგარიშის ნომერია – 943121000, ან დარეკოს ჯეოსელზე–მაგთიზე–ბილაინზე 700 673 და ერთი ლარით შეეწიოს ტაძრის მშენებლობას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!