სვანეთის საგანძური დაუმთავრებელ შენობაში გადააქვთ

სვანეთის საგანძური დაუმთავრებელ შენობაში გადააქვთ

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაუმთავრებელი შენობის გახსნა 5 სექტემბერისთვისაა დაგეგმილი. ეს და სხვა სიახლეები, ასევე ფოტომასალა for.ge-ს სვანეთიდან ჩამოუვიდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ მუზეუმის გახსნის თარიღის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „პირველმა“ გამოაქვეყნა, რომელშიც მესტიის ახლადდანიშნული გამგებელი, ილია ჯაფარიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს.

აქვე კიდევ ერთი სიახლის შესახებ გაცნობებთ - ეროვნული მუზეუმი ვალდებულია მოგვაწოდოს ის საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები, რისი მოწოდებაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიმდინარე წლის 29 მარტს დაავალა.  

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაცია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვითხოვეთ, რაც ეხებოდა: სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საგანძურისა და სხვა ექსპონატების კონტეინერებში მოთავსებას, მათი მესტიის მუსიკალურ სკოლაში გადატანას, კონტეინერების შემადგენლობას, ექსპონატების მდგომარეობას, მათ ტრანსპორტირებას, დაცვის რეჟიმს და სხვა საკითხებს. ყოველი კითხვის ბოლოს მითითებული გვქონდა, რომ მუზეუმს ჩვენთვის მათი პასუხის დამადასტურებელი ასლი უნდა გადმოეცა.

ეროვნული მუზეუმისგან პასუხი კანონით დადგენილ ვადაში მივიღეთ. რადგან ეს პასუხი არაფრისმთქმელი იყო, ჯერ ადმინისტრაციული საჩივარი დავწერეთ. ეს საჩივარი უპასუხოდ დარჩა. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. სასამართლოში ჩვენს უფლებებს ყოველგვარი ანგარებისა და ანაზღაურების გარეშე იცავდა მამუკა ნოზაძე, რისთვისაც მადლიერებას კიდევ ერთხელ გამოვხატავთ.

29 მარტს გამართულ სხდომაზე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჩვენი სარჩელი განიხილა და ეროვნულ მუზეუმს დაავალა „სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან დაკავშირებით 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა“.

ეროვნულმა მუზეუმმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მუზეუმის საჩივარი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა - მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა უცვლელად დატოვა 29 მარტს პირველი ინსტანციის მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალურად მივედით იმის გასაგებად, ეროვნულმა მუზეუმმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თუ არა ზემოხსენებული გადაწყვეტილება. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის თანაშემწემ სატელეფონო საუბრისას განგვიმარტა, რომ ეროვნულ მუზეუმს უზენაესი სასამართლოსთვის არ მიუმართავს და რომ საქმეს აბრუნებენ საქალაქო სასამართლოში.

ეროვნულ მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს 22 აგვისტოს წერილობით მივმართეთ. ამჯერად მუზეუმისგან  მოვითხოვთ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელს ავიღებთ და საქმეში აღმასრულებელი ჩაერთვება.

ახლა რაც შეეხება სვანეთიდან მიღებულ უახლეს ინფორმაციას - მუზეუმის დაუმთავრებელი შენობა გაიხსნება 5 სექტემბერს, სადაც საგანძურის და ექსპონატების ნაწილის გადატანას აპირებენ. სექტემბრის ბოლოსთვის კი სამშენებლო სამუშაოების სრულად დამთავრებას და იქ მუზეუმის სრული კოლექციის გადატანას ვარაუდობენ.

მუზეუმის მშენებლობაზე მუშა-ხელი ძირითადად საჩხერიდან და ჭიათურიდან ჰყავთ აყვანილი. ისინი მთელი ზამთარი, ყინვასა და თოვლში მუშაობდნენ.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საქართველოს საგანძური და სხვა ექსპონატები ისევ მესტიის მუსიკალურ სკოლაშია დაბინავებული. დაცვის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ საგანძური საგულდაგულოდაა დაცული და რომ ყოველ დღე ამოწმებენ ტემპერატურას, ტენიანობას.

რეალურად კი არავინ იცის რა მდგომარეობაშია გასული წლის გაზაფხულიდან ქაღალდებში შეფუთული შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები და ოთხთავები. უცნობია როგორ იმოქმედა მათზე ხუთი თვის განმავლობაში (2011 წლის 28 ივნისიდან 2011 წლის 3 დეკემბრამდე) სამშენებლო ნაგავში ყოფნამ, ვიბრაციამ, მტვერმა, ტემპერატურის ცვალებადობამ, რასაც დენის პერიოდული გათიშვა და კლიმატ-კონტროლის აპარატის დაზიანება იწვევს.

ასევე უცნობია როგორ აისახა ხატებზე, ჯვრებსა და ხელნაწერებზე ტრანსპორტირება თოვლსა და ყინვაში - საგანძური და სხვა ექსპონატები ხომ გასული წლის 3 დეკემბერს სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან შვიდი მანქანით გადაზიდეს მუსიკალური სკოლის შენობაში.