არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს გასაღების ბაზარზე პრობლემები შეექმნას. საქმე ეხება უკრაინას და მის კანონმდებლობას. ექსპორტის თვალსაზრისით, უკრაინა საქართველოსთვის მე-4-5 პარტნიორი ქვეყანაა. მასზე წინ არიან მხოლოდ აზერბაიჯანი, თურქეთი და აშშ.
უკრაინის ახალმა საგადასახადო კოდექსმა ქართული პროდუქციის ექსპორტს პრობლემები შეუქმნა. ჩაის მწარმოებელი კომპანია “ქობულეთი აგროს” დირექტორის თემურ ჯაშის თქმით, წლეულს კომპანიამ უკრაინიდან 100 ტონა ჩაის ექსპორტის შეკვეთა მიიღო, თუმცა ექსპორტზე გადასახადის გაზრდის გამო შესაძლოა, მას პრობლემები შეექმნას.
უკრაინის ახალი საგადასახადო კოდექსის უარყოფით მხარეზე საუბრობს კომპანია “სხალტა 22”-ის დამფუძნებელი ოთარ ფუტკარაძე.
“შარშან უკრაინაში 43 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განვახორციელეთ, მაგრამ მაშინ ექსპორტის გადასახადი 500 აშშ დოლარი იყო, ახალი კოდექსის თანახმად კი ტარიფი 650 დოლარამდე გაიზარდა”, - აცხადებს ფუტკარაძე.
უკრაინაში პრობლემები ქართულ ხურმასაც შეექმნა. მაშინ, როდესაც 1 ტონა ხურმას ქართველი ფერმერები 1000 აშშ დოლარად ყიდიან, უკრაინის საბაჟო სამსახურები მისი ექსპორტირებისთვის 400 აშშ დოლარს ითხოვენ. წელს უკრაინაში 5000 ტონა ხურმის გატანა იგეგმება.
რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს, ღვინის კომპანიების ნაწილის განცხადებით, ტარიფების გაზრდა პროდუქციის ფასზე აისახება, თუმცა, მათი თქმით, ეს ღვინის ექსპორტს ვერ შეაფერხებს.
„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, უკრაინაში იმპორტირებული პროდუქციაზე დაბეგვრის ტარიფების გაზრდა ამ სახელმწიფოს გადასაწყვეტია და ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინულ ბაზარზე ქართული ღვინო აღარ უნდა გაიყიდოს. „თელავის ღვინის მარანს“ უკრაინაში ექსპორტზე 600 ათასი ბოთლი ღვინო გააქვს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2009 წელს საქართველოდან უკრაინაში, დაახლოებით, 84 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.
დსთ და კონკრეტულად უკრაინა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორიებია. რუსული ემბარგოს შემდეგ, ნაწილობრივ, სწორედ უკრაინაში მოხდა ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანა. იმპორტის თვალსაზრისითაც რუსულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე სწორედ უკრაინული ჩაენაცვლა.
საქართველოს დსთ-ს ქვეყნებში საკუთარი პროდუქციის დიდი ნაწილი გააქვს. მაგალითად, 2010 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, დსთ-ს სახელმწიფოებში განხორციელდა 444479.5 ათასი აშშ დოლარი ექსპორტი და აქედან 68762.8 ათასი დოლარის ექსპორტირება უკრაინაში მოხდა; ანუ მთელ დსთ-ს სივრცეში ექსპორტის 16 პროცენტი უკრაინაზე მოდის. ამ ქვეყანაზე უკეთ ქართულ პროდუქციას მხოლოდ აზებაიჯანსა და სომხეთში ეტანებიან.
კიდევ უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაა იმპორტის თვალსაზრისით. ამჟამად საქართველო ყველაზე დიდ იმპორტს უკრაინიდან ეწევა. საერთოდ, დსთ-ს სახელმწიფოებთან იმპორტის მოცულობა 1044550.3 ათას აშშ დოლარს აღწევს და ამათგან 36 პროცენტი უკრაინაზე მოდის. 2010 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში 375958.6 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.