“ძალიან დამოუკიდებელი ვარ, ეს თვისება უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელიც თავისი ოჯახიდან, მეგობრებისგან წამოვიდა. როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ და არ შეგიძლია, ყველაფრის თვითონ კეთება, სხვას სთხოვ ამის გაკეთებას და დამოუკიდებელ ადამიანს ეს დისკომფორტს გიქმნის”, – ასე ეცნობა პრესა.გე-ს რუბრიკის - “უცხოელები საქართველოში” მკითხველს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა ქერბსი.
“ამერიკაში, აიოვას შტატში დავიბადე, შეერთებული შტატების შუა შტატი, ჩრდილოეთისკენ, სადღაც 1800 მოსახლეა, პრინციპში სოფელია. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ევროპაში ჩამოვსულიყავი”.
ანდრეა ქერბსი: „ამერიკელები არ არიან საგარეო პოლიტიკაში გათვიცნობიერებული, შიდა პოლიტიკა და თავიანთი ცხოვრება უფრო აინტერესებთ. ამიერკავკასიაში, საქართველო შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ავღანეთში, საქართველოს სამხედრო ძალების ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს”.
საქართველოში პირველად როგორც ტურისტი 2006 წელს ჩამოვედი. მანამდე, ჩემი მეგობრები ამ ქვეყნის შესახებ უკრაინაში მიყვებოდნენ.
რას გეუბნებოდნენ?
– ბევრს საუბრობდნენ ქართულ სამზარეულოზე, ღვინოზე, როგორ მღერიან, ცეკვავენ ქართველები. მესმოდა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ხილი და ბოსტნეული.
მონაყოლმა გაამართლა?
– საქართველო განსხვავებულია უკრაინისგან. ხალხი, უფრო გახსნილი და კეთილგანწყობილი დამხვდა, რესტორანში უფრო კარგი მომსახურება და ღია ურთიერთობები.
ადაპტაციის პერიოდი რამდენად რთული აღმოჩნდა?
– არანაირად! ვიგრძენი, რომ სახლში ჩამოვედი. პირველი შთაბეჭდილება საჭმელს უკავშირდება, ძალიან მრავალფეროვანი, მრავალი სახის საკვები გაქვთ. დღემდე ვერ შევეჩვიე, როცა ფინჯანი ყავის დასალევად შედიხარ და ქართველი მამაკაცი ყოველთვის ვალდებულად თვლის თავს, რომ შენს მაგივრად გადაიხადოს.
ეს ცუდია?
– (იცინის) მშვენიერია, უბრალოდ, უცხო იყო ჩემთვის.
ქართული სამზარეულოდან რა გიყვართ?
– ხაჭაპური, ლობიო. მომწონს ქართული სუფრის ტრადიციებიც, სადღეგრძელოების რაოდენობასაც შევეჩვიე. უპირატესობას საფერავს ვანიჭებს. (წითელი, მშრალი)
თავად ამზადებთ?
– აი, ეს მე გავაკეთე... (ნამცხვარს მაჩვენებს)
ხაჭაპური წონის პრობლემებს არ გიქმნით, თუ ვარჯიშით ანეიტრალებთ?..
– ღმერთმა დამიფაროს, არ მომიმატებია, ყოველდღე არ მივირთმევ ხაჭაპურს. რაც შეეხება ვარჯიშს, ეს არის ერთ-ერთი დისკომფორტი, ახლახან, დავიწყე მთაწმინდაზე სირბილი, ასევე ძალიან მიყვარს თხილამურებზე სრიალი.
საყვარელი ადგილი ქალაქში სად გაქვთ?
– მეგობრებთან ერთად ძველ თბილისში ვსეირნობთ, ფოტოებს ვიღებთ და ასე ვერთობით. ხშირად მივდივარ, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ლუდის ბაღში.
რა მუსიკას უსმენთ და როგორ ატარებთ თავისუფლა დროს?
– სტინგი, ანასთეიშა, რობი უილიამსი, უფრო პოპს, ემტივის მუსიკას ვუსმენ. გარდა ამისა, მიყვარს აღმოჩენები, მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში სიარული. თხილამურებზე სრიალი, სირბილი, მოგზაურობა. ფეხბურთის ყურება და როცა საქართველოს ნაკრები ითამაშებს, სტადიონზე აუცილებლად წავალ.
სამსახურში და მის გარეთ როგორია ქალბატონი ანდრეა?
– ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თუშეთისა და სვანეთის გარდა ყველგან გვიწევს ჩასვლა. სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა. ბოლო წლებს თუ გადავხედავ “ვორკაჰოლიკი” (სამსახურზე ორიენტირებული) გავხდი. ზაფხულში მინდა მოვინახულო სვანეთი და თუშეთი.
აღნიშნეთ, რომ რეგიონებში ბევრს მოგზაურობთ, რა იყო ის პრობლემები, რაც თვალში მოგხვდათ, ასევე დედაქალაქშიც?
– პირველი პრობლემა, რასაც შევეჯახე – ძალიან მეშინია ქართველი მძღოლების.
ქალაქში, თითქმის, ყველა უწესრიგობას ქალ მძღოლებს აბრალებენ, ქართველ მამაკაცებს ეშინიათ საჭესთან მსხდომი ქალების.
– (იცინის)ეს მართალი არ არის. ძალიან ბევრი მამაკაცი ზის საჭესთან, რომელიც წესებს არღვევს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ როცა კვების ობიექტზე შედიხარ, მენიუ მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზეა. დისკომფორტს მიქმნის ასევე ენა, მრცხვენია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი ქართულად. ვიცი უკრაინული და უფრო მიადვილდება რუსული, რადგან უკრაინულს გავს.
რაც შეეხება უკრაინას და იქ თქვენი მუშაობის პერიოდს. ვიქტორ იუშჩენკოს პერიოდში, განსაკუთრებით იგრძნობოდა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული, მჭიდრო ურთიერთოებები. თქვენ თუ გრძნობდით ამას უკრაინაში?
– პირველად ქართული დროშა ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ვნახე. მაშინ, არ ვიცოდი, რომელი ქვეყნის დროშა იყო. დავინტერესდი და მითხრეს, რომ საქართველო უკრაინის დიდი მეგობარია. როდესაც ქართულ მინერალურ წყალსა და ღვინოზე ემბარგო დაწესდა, უკრაინაში დიდი სარეკლამო კამპანია ჩატარდა ჩვენი ძმების, ქართველების დასახმარებლად. ქართულ ღვინოს ვყიდულობდით.
უკრაინაში რა სფეროში მოღვაწეობდით?
– საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკრაინის ოფისში, იგივეს ვაკეთებდი, რასაც აქ. პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა. იქაც მოქმედებს ახალგაზრდული პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში.
როცა უკვე 2008 წელს საქართველოში სამუშაოდ გადმოხვედით, რა ცვლილებები დაგხვდათ?
– გაუმჯობესდა გზები, განათება, უფრო ბევრი მაღაზიაა, ბევრი რესტორანი, ეს თვალშისაცემია.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე შეხვედრებში ჩართული ხართ. როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს ეს შეხვედრები?
–პარლმენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან გვქონდა შეხვედრა, მან გაგვაცნო ოპოზიციასთან შეხვედრის შედეგები სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ შედეგებამდე მივალთ.
გაზეთმა “კვირის პალიტრამ” გამოკითხვა ჩაატარა. თემას – „ენდობით თუ არა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებს?” 403 მკითხველიდან 54.9% ამბობს, რომ არ ენდობა. 14.5% ენდობა, 30.6 % - ს კი გაუჭირდა. შედეგებს როგორ შეაფასებთ?
– არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. ადამიანებს უფლება აქვთ, დაიჯერონ ის, რაც სჯერათ. თუ ჟურნალისტებს აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ პროფესიონალები, აუცილებელია, მოიპოვონ მეტი ინფორმაცია და მაღალკვალიფიციურად გასცენ პასუხები იმ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი.