კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიტატი ეკა ბესელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად კანდიდატი ნინოშვილის, ჭონქაძისა და ბრათაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ფოთის პრობლემების პარალელურად, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა ფოთის, როგორც განსაკუთრებული ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლიდან მოკლე პერიოდში იგრძნობენ იმ წარმატებული ნაბიჯების შედეგებს, რომელიც საპორტო ქალაქის აღმშენებლობის საწინდარი იქნება.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ფოთელ ამომრჩევლებთან საუბრისას აქცენტი ქვეყანაში სამართლიანობის და დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობაზე გააკეთა. ბესელიამ ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ -უმუშევრობის პრობლემაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, პატიმრების თემაზე, რეპრესიებზე, შიშის დაძლევაზე და ა.შ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამართულ შეხვედრაზე მცირე ინციდენტიც მოხდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი რამდენიმე ადამიანი პროვოკაციის მოწყობას შეეცადა, თუმცა, დაპირისპირებას სერიოზული სახე არ მიუღია და კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრა ჩვეულებრივად გააგრძელდა.
ბესელიას მხარდამჭერებთან ერთად გამოჩნდა, პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი, თემურ მურვანიძე.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატ ეკა ბესელიასთან შეხვედრების დროს მოსახლეობა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად დანგრეული გარაჟების საკითხს განიხილავს.
როგორც ფოთელები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალაქში არა მხოლოდ უკანონო, ოფიციალურად დარეგისტრირებული გარაჟებიც დაანგრიეს, რასაც ორო ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. რამდენიმემ კი ინფარქტი და ინსულტი მიიღო.
„3000-მდე გარაჟი დაანგრიეს ოფიციალურად რეგისტრირებული. ჩვენი იურისტები ამ საკითხს სწავლობენ და 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრობლემას მოაგვარებს, ისევე როგორც სხვა უამრავ პრობლემას, რომელიც ამ ქალაქში დგას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც პირადად იმყოფებოდა იმ ადგილებში, რომლებსაც დანგრეული გარაჟების კვალი დღემდე ეტყობა და მიზეზი, რის გამოც თავის დროზე მათი დემონტაჟი მოხდა-ეზოების კეთილმოწყობა, დღემდე არ დაწყებულა.