"ეკრანზე ყოველი თქვენი გამოჩენა სტიმულს მაძლევს და მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, რომ ზედმეტი არ ვარ და შესაძლებელია, წარმატებული და საჭირო შუახნის ასაკშიც ვიყო", - ასე მიმართა "სამოთხის ვაშლების" ერთ-ერთ წამყვანს, მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს უცნობმა ქალბატონმა. მსახიობი ამბობს, რომ საქმისადმი სიყვარული და შრომისმოყვარეობაა ის უშრეტი წყარო, რაც საშუალებას აძლევს ერთდროულად ტელევიზიაშიც იშრომოს და სცენაზეც...
- ვიდრე "სამოთხის ვაშლებში" გამოვჩნდებოდი, ტელევიზიაში - "ევრიკა" მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება მქონდა. ჟურნალისტობაზე თავს არ ვდებ, თუმცა ამ სფეროში მუშაობის ათწლიანი სტაჟი უკვე დამიგროვდა. სხვათა შორის, წელს "წლის საუკეთესო ჟურნალისტის" ნომინაციაში ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა "ოქროს ფრთა" მიიღო. წელსვე, როგორც მსახიობი, "წლის საუკეთესო ქალის როლისთვის" დამაჯილდოეს. ეს როლი სპექტაკლში - "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!" ვითამაშე. ეს სპექტაკლი საფრანგეთშიც დიდი წარმატებით გავიტანეთ. მიწვევები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში...
- გადაცემაში ყოფნა ხომ ერთგვარად როლში ყოფნაა?
- იცით, ერთხელ რობერტ სტურუასთან დავიწუწუნე, - გადაცემის გამო ჩემს საქმეს ცოტა ჩამოვრჩი-მეთქი. მითხრა: შენ ყოველდღე თამაშობო! იმწუთას ეს მეწყინა, მაგრამ მერე მივხვდი - დიახაც, "სამოთხის ვაშლებში" ყოველთვის როლში ვარ. ეს გადაცემა მოულოდნელ ზარებს ითვალისწინებს. ვცდილობ, უცნობი ადამიანების შეკითხვებს გულწრფელი პასუხები გავცე, მაგრამ არის რაღაცები, რასაც პირდაპირ ეთერში ვერ იტყვი. ეკრანს ზედმეტი "სიშიშვლე" არ უხდება. მუდმივად უნდა გახსოვდეს, რომ გარკვეულ ჩარჩოში ხარ და ნებისმიერ სიტყვას მნიშვნელობა აქვს... მინდა თუ არა, ცოტა დრო დამრჩა, მე კი ბევრი რამ მაქვს მოსასწრები და შესაბამისად, ჩემი დღის რეჟიმიც აჩქარებულია. უქმად ყოფნა არასოდეს მიყვარდა, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი. მგონია, რომ ცხოვრების აზრი და მიზანი სწორედ შრომაშია. ნამდვილად დაუზარელი და შრომისმოყვარე მსახიობი ვარ. მინდა, ყველას ვუთხრა: თუ გინდათ, თქვენი ცხოვრება ლამაზი, ხალისიანი და საჭირო იყოს, ეს ყველაფერი მხოლოდ საქმისადმი დიდი სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით მიიღწევა.
- გადაცემის მსვლელობისას გამორჩეულად გულწრფელი ხართ...
- საკუთარ შეცდომებს სწორედ გულწრფელობაში ვხედავ. ამას ხშირად ვნანობ...
- ყოველდღიურად ფორმაში ყოფნა რთული არ არის?
- პირდაპირი ეთერი ყოველთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა. გადაცემის შემდეგ ჩემი დღე თეატრში გრძელდება. ჩემთვის ამოსავალი სწორედ თეატრია. ალბათ, ეს ის გატაცებაა, რომელსაც სიკვდილამდე უნდა ვემსახურო ან მანამდე მაინც, ვიდრე თეატრს ვჭირდები, თორემ მე ის სულ მჭირდება...
- როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად კომპრომისზე წასვლა აუცილებელია?
- ბუნებრივია! მსახიობის პროფესია სიძლიერეს, ამტანობას მოითხოვს. თეატრს თავისი წესები აქვს და მას უეჭველად უნდა დაემორჩილო, თორემ შეუცვლელი არავინაა - მე ეს თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა და თეატრის წესებთან შეგუება ამიტომაც არ მიჭირს.
- რა ხდება მაშინ, როცა პირადი პრობლემის გამო სცენაზე თამაში გიძნელდებათ?
- ასეთი შემთხვევა ხშირად მაქვს, მაგრამ უნდა შეძლო და ითამაშო! მაყურებელს არაფერი დაუშავებია, მან აუცილებლად სრულყოფილი სპექტაკლი უნდა ნახოს. ზოგიერთი ახალი თაობის მსახიობი ამ საკითხს ზერელედ უდგება, მე კი ეს მაღიზიანებს.
- თქვენს რომელიმე შვილს მსახიობობა ხომ არ უნდოდა?
- გოგონას უნდოდა, მაგრამ ეს სურვილი ჩავუკალით. თვინიერი, დამთმობი ხასიათი აქვს, მსახიობისთვის კი მებრძოლი სულია აუცილებელი. არტისტმა პირველ რიგში, თვითდამკვიდრება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, "პრეზენტაცია" უნდა შეძლო; უნდა დაამტკიცო, რომ ყველაფერი შეგიძლია. სხვაგვარად დაიჩაგრები, რაც უნდა ნიჭიერი მსახიობი იყო...
- "ჯაყოს ხიზნებიდან" გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, საქართველოში თამამი როლების შესრულება ღირს?
- "ჯაყოს ხიზნები" აღარ მიხსენოთ (იცინის)! რამდენიმე დღის წინ თემურ ჩხეიძეს ტელეფონით ვესაუბრე. ვუთხარი: ასეთი რა გადაიღე, რომ თითქმის ასამდე როლი ვითამაშე და მაინც სულ ამაზეა ლაპარაკი-მეთქი?! - მეც "რაიკომის მდივნიდან" მიცნობენო, - შემომჩივლა... ეს ფილმი იმ დროისთვის მართლაც, ძალზე თამამი იყო, მაგრამ მთავარი ხარისხია. მთავარია, რეჟისორს ენდობოდე, რომ მერე შენი როლის გამო არ შეგრცხვეს. თუ ფილმი ხარისხიანია, ის მაყურებლისთვის შოკის მომგვრელი არ იქნება...
- როგორც ვიცი, ნანობთ, რომ თეატრის გამო ბევრი შვილი არ გააჩინეთ - ანუ შეიძლება ითქვას, რომ თეატრმა თქვენგან გარკვეული მსხვერპლი მოითხოვა?
- ასეა! სამწუხაროდ, ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემთვის შვილის გაჩენა უკვე ძალიან გვიანი იყო. ამქვეყნად შვილზე ძვირფასი არაფერი ყოფილა.
- როგორ ფიქრობთ, თავის დროზე პროფესია სწორად შეარჩიეთ?
- ჩემი ცხოვრება ნამდვილად უფერული იქნებოდა, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი. ამ პროფესიას ძალიან ბევრი ხიბლი აქვს. უპირველესად, როცა თამაშობ, ბავშვობის ოცნებებს ისრულებ. როცა პატარა ვიყავი, ვოცნებობდი დედოფალი, ფერია, მომღერალი, მოცეკვავე, მილიონერი ვყოფილიყავი. ჰოდა, ყველა ამ ოცნებას სცენაზე თამაშით შევასხი ფრთა... ვითამაშე მარტოხელა და სულით ავადმყოფი ადამიანების როლი, იმ 2 პიესის მიხედვით დადგმული, რომლებიც რუსთაველის თეატრში საკუთარი ხელით მივიტანე. მთელი ცხოვრება მეშინოდა მარტოობის, მარტოხელობის და რისიც მეშინოდა, იმას მაინც ვერ გადავურჩი - მარტო დავრჩი (მეორე ნახევრის დაკარგვას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა!).
- თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ხართ იმისა, რომ შეიძლება, ადამიანი წარმატებული ნებისმიერ ასაკში იყოს.
- მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად სუსტი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, სინამდვილეში ასე არ არის. მე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ვარ და ფარ-ხმალს იოლად არ ვყრი. უბრალოდ, გაცნობიერებული მაქვს, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ყველამ თავისი ჯვარი უნდა ზიდოს. ამას შენ მაგივრად სხვა ვერ გააკეთებს ან კი, რატომ უნდა გააკეთოს?!.
- ასაკის მატებასთან ერთად, ღირებულებებიც გადააფასეთ?
- დიახ, ეს ასაკს ნამდვილად მოაქვს. საკუთარ შეცდომებს ახლა უფრო ვხვდები, უფრო მეტად მომთმენი და შემწყნარებელი გავხდი...
- როგორ ატარებთ დღეს, როცა საღამოს სპექტაკლში როლი გაქვთ შესასრულებელი?
- ამ დროს მობილიზება აუცილებელია. ბოლო დროს ტექსტების გამეორება უფრო ხშირად მიწევს. არის როლები, რომლისთვისაც გათენებიდანვე ვემზადები. თუ "მძიმე" როლია, დღის განმავლობაში მხიარული ვერ ვიქნები.
- დამწყებმა მსახიობმა რა უნდა გაითვალისწინოს?
- ყველას ვურჩევ, უყვარდეთ საკუთარი პროფესია, უფრო მეტად თავგანწირულნი, მომთმენნი და შრომისმოყვარენი იყვნენ.