ქრის სქუაირი - Yes-ის რუხი კარდინალი

ქრის სქუაირი - Yes-ის რუხი კარდინალი

ბრიტანულ პროგრესივ არტ როკმა მრავალი დიდი მუსიკოსი შვა, რომლებიც წლების განმავლობაში იხვეწებოდნენ და უხვევდნენ როკ’ნ’როლზე მორგებულ ტრადიციულ მიდგომას, რაც რეპერტუარის მხოლოდ სასმენად და არა იმავდროულად საცეკვაოდ წარმოდგენაში გამოიხატებოდა. 

60-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, არაერთი ასეთი თამამი მუსიკოსი გამოჩნდა, რომელიც არად დაგიდევდათ მოდურ ტენდენციებს და უფრო ნოვატორობას ესწრაფვოდა, ვიდრე გარანტირებულ მცირეოდენ, მაგრამ მაინც შემოსავალს.

იმ დროს, როდესაც 1966 წელს ინგლისში Eric Clapton with Bluesbreakers გამოვიდა და ამ ფირფიტას უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ვინმე ქრის სქუაირი თავის პირველ ექსპერიმენტებს ანხორციელებდა „რიკენბეკერის“ ბას გიტარაზე, რომელიც მისი თქმით ძალზედ მარტივი, მაგრამ სასწავლად ფრიად მოსახერხებელი ინსტრუმენტი იყო.

გაივლის წლები და მუსიკოსი არც არასოდეს დაშორდება ამ ფირმის ინსტრუმენტს, თუმც, რაღა თქმა უნდა მოდიფიკაციები წლების განმავლობაში შეიცვლება და რაც მთავარია ქრის სქუაირი გახდება მუსიკოსი, რომელმაც შექმნა პროგ როკ ლეგენდად წოდებული Yes, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას, ჰქმნის ალბომებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი გავლენიანობით გამოირჩევა ნეო პროგრესივ როკ ჯგუფებს შორის.

სქუაირი დღესდღეობით ლონდონის გარეუბან ჩელსიში ცხოვრობს, უყვარს ფეხბურთი და სახელოვანი წარსულის გახსენება, რომლის თავი და თავი მომღერალ ჯონ ანდერსონთან შეხვედრა იქცა შორეულ 1969 წელს. გამოირკვა, რომ ორივე მუსიკოსი, რომლებიც იმავდროულად „მომღერლობდნენ“ თავ-თავიანთ ჯგუფებში, პოლ საიმონის შემოქმედებით იყო გატაცებული, მაგრამ რის შექმნასაც აპირებდნენ, საერთო არაფერი  ექნებოდა ზოგადად ამერიკულ მუსიკასთან...

დუეტის გვერდში შესანიშნავმა დრამერმა ბილ ბრაფორდმა, გიტარისტმა პიტერ ბენქსმა და პიანისტმა ტონი კეიმ მოიყარეს თავი. მუსიკოსებმა თქვეს ერთადერთი სიტყვა -Yes! და პირველი რეპეტიციაც დაიწყო… 

ქრის სქუაირი შემდგომში იტყვის, რომ Yes -ის სადებიუტო ალბომი, თითოეული მუსიკოსის თვითწარმოჩენას ემსახურებოდა და იგი ერთგვარ მოთელვას წარმოადგენდა იმ ჩანაფიქრების განხორციელების წინ, რომელთა მონახაზიც ჯგუფის ლიდერს უკვე მოფიქრებული ჰქონდა.

პირველი დიდი ალბომი Yes -მა 1971 წელს სახელწოდებით The Yes Album გამოსცა. აქ სადებიუტო ალბომებისაგან განსხვავებით, თითოეული მუსიკოსის წარმოჩენასთან ერთად, მუსიკოსები უკვე ერთობლიობაშიც უნიკალურ ანსამბლს ჰქმნიდნენ, რისი ნათელი მაგალითიცაა ენერგიული გამხსნელი - Yours Is No Disgrace, რომელიც ჯგუფის ხუთივე წევრის შექმნილია. ალბომის ნამდვილ შედევრებად კი გვერდების დამაბოლოვებელი Starship Trooper და Perpetual Change იქცნენ, რომელთა თემების განვითარებაშიც უდიდესი როლი ეკუთვის ჯგუფის ლიდერ და სულისჩამდგმელ ქრის სქუაირს. მისი ბასური სვლები, რომლებიც ხშირად ძირითადი კომპოზიციური ხაზიდან გადახვეული გზით ვითარდება, ბას გიტარის დამოუკიდებელ პარტიას წარმოადგენს, რაც ძალზედ საინტერესოდ წარმოაჩენს Yes -ის ეკზოტიკურ და საკმაოდ ადვილად ამოსაცნობ ჟღერადობას.

უკვე მომდევნო ალბომ Fragile-ში ქრის სქუაირმა თავის საფირმო ბას გიტარ ინსტრუმენტული The Fish წარმოადგინა. ამ კომპოზიციას დღემდე  ასრულებს მუსიკოსი ყველა კონცერტზე, იქნება ეს Yes -თან გაზიარებული სცენა, თუ კიდევ რაიმე სხვა პროექტში მონაწილეობა. „Fish“ გარდა იმისა, რომ მუსიკოსის მეტსახელიცაა, 1975 წლის სოლო ალბომი, „Fish Out Of Water“ სახელწოდებითაა ჩაწერილი და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს პროგ-როკ გურმანთა შორის.

70-იანების შუა პერიოდის არტ და პროგრესივ როკ კრიზისს, უკვალოდ Yes -თან დაკავშირებითაც არ ჩაუვლია. კოლექტივი დაიშალა და შემდეგ კვლავ შეიკრიბა. ეს მომავალში კიდევ არაერთხელ განმეორდა, მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ დროთა განმავლობაში მუსიკოსებს შორის დაიძაბა ურთიერთობა ისეთ დონეზე, რომ მაგალითად თუკი ჯონ ანდერსონს  ჟურნალ Classic Rock-ის რომელიმე ჟურნალისტი ჩამოართმევდა ინტერვიუს, ქრის სქუაირი მასთან ცოცხალი თავით აღარაფერს  იტყოდა... ამგვარი სიჯიუტისა და სიკერპის შედეგად, Yes -ის 1983 წლის ალბომი დაუსათაურებელი დარჩა, ხოლო იქამდე კი სქუაირმა Yes-თვის კიდევ ერთი გიტარისტი - თრევორ რებინი გაიცნო. იმავე პერიოდში, 1981 წელს, ქრის სქუაირი სუპერ ჯგუფ XYZ (eX-Yes/Zeppelin)-ის წევრი გახდა, რომელშიც გიტარის პარტიას ჯიმი პეიჯი ასრულებდა, ხოლო დრამზე კი Yes -ის ალან უაიტი უკრავდა. პროექტმა ვერ გაქაჩა და რამდენიმე დემო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, მალევე დაიშალა.

სამაგიეროდ სქუაირმა მალე კლანჭები ჯგუფის დანარჩენი წევრების მიმართ გამოავლინა, როდესაც 1989 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით - Anderson, Bruford, Wakeman, Howe. ბას გიატარაზე აქ ტონი ლევინი უკრავდა, სახელწოდება Yes-ის გამოყენების საავტორო უფლებები კი ქრის სქუაირს ეკუთვნოდა...

იმ დროისათვის რეალურად „ორი იესი“ არსებობდა. მეორე ბანაკში სქუაირს მხარს დრამერი ალან უაიტი და ზემოთხსენებული გიტარისტი თრევორ რებინი უმშვენებდნენ. საბოლოოდ „იესები“ შეიკრიბნენ და 1991 წელს გრანდიოზული ტურის გარდა, როკ საზოგადოებრიობა ჯგუფის საკმაოდ ძლიერი ალბომის Union შემსწრე გახდა, რომელზედაც ბას გიტარის გარდა, ყველა ინსტრუმენტზე ორ-ორი მუსიკოსი უკრავდა...

თითქოს ურთიერთობები უნდა დალაგებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა და Yes -ის ალბომებშიც მუსიკოსები საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ. ურყევი იყო მხოლოდ ქრის სქუაირი, რომელიც სცენური იმიჯითაც უფრო რუხი კარდინალის შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე სტივ ჰოუს ყაიდის „წესიერი ადამიანისა“.

Yes საუკეთესო მუსიკოსებისაგან შემდგარი საკონცერტო ყაიდის ჯგუფია, რადგან ვირტუოზული დაკვრის ფონზე, მათი დიდი იმპროვიზაციული ტევადობის მქონე კომპოზიციები, თითქოს უფრო საინტერესოდ ისმინება, ხოლო სქუაირი კი რიკ უეიკმანისა და სტივ ჰოუს დარ სოლო ინსტრუმენტალისტებთან  ერთად, რეპერტუარის არანჟირების უმთავრეს გადაწყვეტილებებს ღებულობს. გავიხსენოთ თუნდაც 2003 წელს მონტროში ჩატარებული კონცერტის ამსახველი DVD და ენერგეტიკის თვალსაზრისით, ქრის სქუაირის სცენაზე გაღებული წვლილი და მივხვდებით, რომ მის გარეშე Yes წარმოუდგენელია.

სქუაირს ამ ბოლო ხანს საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი უდგას. ჯერ იყო და შარშან Yes -მა 10 წლიანი სტუდიური სიჩუმე ახალი ალბომით დაარღვია, ხოლო წლეულს კი როკ საზოგადოებრიობა ძალზედ საინტერესო ნამუშევრის Squackett შემსწრე გახდა. A Life Within A Day ქრის სქუაირმა Genesis-ის სტივ ჰაკეტთან ერთად ჩაწერა. საკმაოდ მაღალი დონის ნამუშევარი მორგებულია დღევანდელ მოთხოვნებზე და კომპოზიციებიც ძირითადად დაახლოებით 5 წუთიანი ხანგრძლივობისაა. გამონაკლისია თავად გამხსნელი A Life Within A Day, რომლის მოსმენის დროსაც თუკი ყურადღებას Kashmir-ისეულ მომენტებზე გავამახვილებთ, მაშინ დანარჩენი ალბომის მოსმენისადმი ინტერესი შეიძლება ჩაგვიქვრეს, ხოლო თუკი ამას „გავატარებთ“ და სახელგანთქმული პროგ როკ ვეტერანების ნაწარმოებს თავდაპირველად ნაკლებად პრეტენზიული თვალით შევხედავთ, აუცილებლად მოვიგებთ და ამ ალბომის მოსმენას მომავალშიაც დავაპირებთ...