[ირაკლი კაკაბაძე]
ღრმად პატივცემულო ბატონო მოსამართლე
ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო
სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ჩამოსვლა ამ სასამართლო პროცესზე და ჩემი ახალგაზრდა მეგობრებისა და კოლეგების გვერდით დგომა. ამავე დროს, იმის გამო რომ ჩემი საბუთები გაყალბებულ იქნა ვაშინგტონის საქართველოს საკონსულოში და ახლა ჩემი ყოფილი პირადობის ნომრით და ფოტოსურათით სარგებლობს ვინმე ნიკოლოზ ზელიმხანის ძე ბერიძე გართულდა ჩემი წარმომადგენლისთვის საბუთების გაფორმების საკითხიც.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ახალგაზრდა პოეტების, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიღვინაძის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ აქციაში „უოლტ უიტმენი ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ“. როგორც თქვენ მოგეხსენებათ ამ აქციას საფუძვლად დაედო ქართველი პოეტის შაკო ბაკურაძის ლექსი და დადა-მეფე-პრეზიდენტის ზურაბ რთველიაშვილის პოეტური ხედვა, რათა მომხდარიყო პოეტური სულის აღორძინება საქართველოში. მეც მივიჩნიე, რომ თანამედროვე პოსტ-მოდერნულ, ნეოლიბერალური ვაჭრობის კულტის გამეფების პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ამ გაბედული მამულიშვილების მხარდაჭერა, რომელნიც საკუთარი პოეტური ქმედებებით დაუპრისპირდნენ მატერიალისტურ, მოძალადე ფილოსოფიას და პატივი მიაგეს ისეთ სულიერებას, რომელსაც უოლტ უიტმენი და ალენ გინზბერგი წარმოადგენდნენ. იმ სულიერებას, რომელიც ამბობს: ყველაფერი არ იყიდება, სილამაზე არ იყიდება, პოეზიაც არ იყიდება და ყველას და ყველაფერს ვერ დააპატიმრებს ვერანაირი ყველაზე ურჩხული სახელმწიფოც კი. პოეზიას ვერასდროს დააპატიმრებენ და ვერასდროს დაადებენ ჯარიმას.
უხსოვარი დროიდან ყველა ტიპის დიქტატორსა თუ ავტოკრატს ეშინოდა პოეტის მიერ ნათქვამი მართალი სიტყვის და არც ეს ხალხია გამონაკლისი. დააკვირდით თუნდაც იმას რა სწრაფად და ოპერატიულად დაიწყეს ჩვენს მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენება, მას მერე რაც ჩვენ ოდნავ განსხვავებული დისკურსით - მეტყველების ფორმით მივმართეთ სულ რამდენიმე ადამიანს. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ეს ახალგაზრდები ჯარიმის მაგივრად სახელმწიფო პრემიას იმსახურებენ. იმიტომ რომ მათ გაბედეს და ბოროტებისა და ინსტიტუციონალური მკვლელობის სიმბოლოს ნაცვლად სილამაზის და კეთილშობილების სიმბოლოს სცეს პატივი. ეს უდავოდ დიდი ვაჟკაცობაა ჩვენს დროში.
დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჯორჯ ბუშის ქუჩისათვის უოლტ უიტმენის სახელი დაგვერქმია - ანუ ეს სახელი შეგვეცვალა. მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს დიდი მამულიშვილური საქმეა, რომელსაც მომავალი ტაობები დააფასებენ. ჯორჯ ბუში არა მხოლოდ ერაყის ომზეა პასუხისმგებელი, სადაც მან მთელი მსოფლიოს საზოგადოების მოტყუებით შეიყვანა საოკუპაციო ჯარები და ასეულ ათასობით უდანაშაულო მოქალაქე ამოხოცა, არამედ ის ნაწილობრივ მაინც პასუხისმგებელია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დატრიალებულ ტრაგედიაზეც. მართალია, ის დღეს ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის უკრძალავდა სააკაშვილს ამ ნაბიჯის გადადგმას, უკვე ბევრი მოწმობაა იმისა რომ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდა, როდესაც ეს სამხედრო ავანტიურა წამოიწყო. ამას შედეგად მოჰყვა უამრავი ადამიანური ტრაგედია.
პოეტისათვის ადამიანური ტრაგედია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განზომილებაა ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მდიდარი ტერიტორია. თუნდაც ამიტომ, რომ ჯორჯ ბუშმა ნებსით თუ უნებლიედ დიდი როლი ითამაშა ბევრი ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქის გაუბედურებაში, მე ვთვლი რომ მისი ქუჩის არსებობა თბილისში არის დანაშაულის ტოლფასი. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მოქალაქე მეც გახლავართ ამჟამად არსად გამიგია ჯორჯ ბუშის ქუჩის არსებობა და რატომ უნდა არსებობდეს ის საქართველოში? იმიტომ რომ მისი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ და უსახლკაროდ დავტოვეთ ამდენი ადამიანი?
ბატონო მოსამართლევ, როგორც პროფესიონალ იურისტს, მოგმართავთ კითხვით: ამდენი ადამიანის სიკვდილისა და გაუბედურების მიზეზს, იმ ადამიანს, რომელსაც ცოტა მაინც აქვს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე თქვენ პრემიას მისცემდით? მე იმედი მაქვს რომ - არა. ამერიკელ ერს მე დიდ პატივს ვცემ და ამ ქვეყანას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. ამ ქვეყანაში უოლტ უიტმენის გარდა მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი ადამიანები როგორებიცაა რობერტ ფროსტი, ედგარ ალან პო, თომას სტერნ ელიოტი, იუჯინ ონილი, ალენ გინზბერგი, ჯეკ კერუაკი, უილიამ ფოლკნერი, ელლა ფიცჯერალდი, კაუნტ ბეისი, მაილს დეივისი და ბევრი სხვა. მათი ქუჩები დაამშვენებდა ყველა ქვეყნის ქალაქებს, მათს შორის ჩვენს ახალ ესტაკადებსაც. თუნდაც ჰენრი დეივიდ თოროუს მაგალითი ავიღოთ. ამ უდიდესმა მოაზროვნემ ჩამოყალიბა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თეორია, რომელიც უკვე მეოცე საუკუნეში კარგად გამოიყენეს ისეთმა დიდმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან მოჰანდას განდი, მართინ ლუთერ კინგ ჯუნიორი, ვაცლავ ჰაველი, მერაბ კოსტავა და ასე შემდეგ.
თანამედროვე ამერიკული პოლიტიკური მეცნიერებისა და ლინგვისტიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნოამ ჩომსკი ამბობს რომ უსამართლობასთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩვენ ამ აქციით პოეტური სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ჩავატარეთ. დიახ, მე პირადად შევღებე ჯორჯ ბუშის სურათი შოთას დახმარებით. ვფიქრობ, რომ ამით სამართალი გარკვეულწილად მაინც აღდგა. ეს იყო სიმბოლური და პოეტური აღდგენა სამართლისა, რომელსაც ბევრი ადამიანი მიესალმა მთელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახალგაზრდა პოეტებმა ნამდვილად მამულიშვილური საქმე გააკეთეს ლიტერატურული კითხვისას. მათ ქართული სულის ტრადიციებზე დაყრდნობით მთელს მსოფლიოს დაანახვეს რომ არსებობს ალტერნატიული დისკურსი - მრავალხმოვანი პოეტური ფორმა. ახლახანს სტამბულში გამართული მწერალთა საერთაშორისო კონფერენცია ფეხზე დადგომით მიესალმე ამ ახალი პოეტური და ზოგადად ურთიერთობის ფორმის გამოჩენას.
ჩემს მიერ ხსენებული მსოფლიო ტრანსფორმაციული ლინგვისტიკის მამა, ნოამ ჩომსკიც იქ გახლდათ და ბევრი ცნობილი მწერალიც და საზოგადო მოღვაწეც. კონფერენციის პირველივე დღეს დემოსტრაციულად აჩვენეს შოთას და ალექსის თვისობრივად განსხვავებული პერფორმანსი და მეორე დღეს 4 ძირითადი გამომსვლელიდან 3-მა ხაზი გაუსვა ამ ახალი სტილის შემოსვლას მსოფლიო ლიტერატურაში. ნუთუ ამის გულისათვის ეს ახალგაზრდები უნდა დაისაჯონ? არა, პირიქით ისინი სახელმწიფო პრემიას იმსახურებენ და თუ ამის გაკეთება ცენტრალურ ბიუჯეტს არ შეუძლია, მაშინ ქალაქ თბილისის ბიუჯეტში მაინც მოიძებნება თანხა რომელიც პოეტურ და კომუნიკაციურ ინოვაციას წაახალისებს და შემოქმედებით ნიჭს დააჯილდოვებს.
ჩვენმა წინაპრებმა მრავალხმოვანი სიმღერა ქართული კულტურის საგანძურად აქციეს. 2005 წელს დაიწერა „21-ე საუკუნის ქართული ჰუმანიზმის მანიფესტო“, რომელიც სწორედ მრავალჟამიერის ტრადიციას ეყრდნობოდა. ახლა, ამ ახალგაზრდებმა ქართული მრავალხმოვანება თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურული დისკურსის ნაწილად აქციეს. ეს ნამდვილად ვიზიონერული აქტი იყო - და თანაც მეტად გაბედული ვიზიონერული აქტი. ვის ვის, და თვენ მაინც მოგეხსენებათ რა ძნელია დღეს საქართველოში გაბედული და ახალი სიტყვის თქმა. შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ ეს შეძლეს. ისიც ნათქვამია რომ საკუთარ ქვეყანაში წინასწარმეტყველები არ არსებობენო. ნამდვილად ნათქვამია. აღარ მინდა მოვიყვანო სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვათა მაგალითები.
მინდა წინა საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის სიტყვები შეგახსენოთ. მან ეს სიტყვები თავის ახალგაზრდობაში, თითქმის ერთი საუკუნის წინ დაწერა, მაგრამ მჯერა რომ ეს სიტყვები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო. „საქართველოში მეფეები არ სცემდნენ მანიფესტებს. ქართულ რევოლუციას არ ჰქონია მანიფესტის ენერგია. ლაპარაკობს პოეზია. საქართველო არსებობს თავისთავად... საქართველოში აშენდებიან ვერფები კავკასზე უმაღლესი და ექსპრესები დასერავენ უდაბნოს. ქართული ლექსიც ადუღდება ახალი ფოლადით ჩვენ ველით ახალ ბარრიკადებს. მალარმე და კანტი დაარბევენ მონგოლების ჩალმებს ახალი ვიზიონერობა გაუღრმავებს მათ ვიწრო თვალებს..“ ეს ტიციან ტაბიძის მიერ, 1920 წელს დაწერილი მანიფესტიდანაა.
ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ: თქვენს წინაშე დგანან ვიზიონერები, რომელთა ექსპრესები უკვე სერავენ უდაბნოებს. და საქართველო ნამდვილად თავისთავად არსებობს. და ამ ქვეყანაში ნამდვილად პოეზია ლაპარაკობს.
ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ: ქართული ლექსი მუდმივად დუღდება ახალი ფოლადით.
ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ: ვიზიონერები და პოეტები სახელმწიფო ჯარიმის მაგივრად სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეთ, რამეთუ მათ მკვლელობას სილამაზე არჩიეს!
მარად თქვენი განსასჯელი, ირაკლი კაკაბაძე