ჯანდაცვის მიმართულებით სპონტანური განცხადებები და გადაწყვეტილებები ერთმანეთს ენაცვლება. მაგალითად, მინისტრი დაუფარავად აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში კორუფცია ყველასათვის აშკარაა. საინტერესო ის არის, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი კი არ საუბრობს, არამედ ფინანსთა უწყების ხელმძღვანელი. ახალცოცხმომარჯვებული ანდრია ურუშაძე კი რატომღაც ჩუმადაა. რას მოასწავებს ეს სიჩუმე – არავინ იცის.
დიდი ცვლილებებია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მხრივაც. 033-ში მომავალი წლიდან რეორგანიზცია იგეგმება. საუბარია 033-ის საგნაგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის შემადგენლობაში გაერთიანებაზე, კადრების შემცირებასა და ფასიან მომსახურებაზე.
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, 033-ისა და სამაშველო სამსახურის გაერთიანების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოსაძახებლად ტელეფონის ნომერზე - 911 დარეკვა იქნება საჭირო.
მისივე თქმით, თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების წლიური ბიუჯეტი 13 მილიონ ლარამდეა და საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურს ამავე ბიუჯეტით შეუერთდება.
რაც შეეხება ფასიან მომსახურებას, როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მისთვის ცნობილი არ არის, რა მოხდება მას შემდეგ, რაც 033 მისი სამსახურის დაქვემდებარებაში აღარ იქნება.
სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას 033-ის ხელმძღვანელმა, სოკრატ მამულაშვილმა განაცხადა, რომ ახალ უწყებასთან შეერთების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ მან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თბილისში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების 12 ფილიალია, სადაც 1300 თანამშრომელი მუშაობს. ამასთან, მამულაშვილმა განმარტა, რომ 033-ის მომსახურება ფასიანი არ გახდება.
საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით კი, 033-ს სამაშველო სამსახურთან შეერთების საკითხს ამ ეტაპზე პროექტის სახე აქვს და თუ აღნიშნული სამსახურები გაერთიანედება, ეს 2011 წელს მოხდება.
სტრუქტურული სიახლეები მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს არ შეეხება. გაისად მთავრობა მორიგ ღონისძიებებს გეგმას საავადმყოფოების მიმართულებითაც. როგორც გაირკვა, სახელმწიფო ყველა საავადმყოფოს პრივატიზებას არ გეგმავს და 2011 წელს მათ გაარემონტებს კიდეც.
როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, სახელმწიფოს ინტერესში შედის, რომ ისეთი საავადამყოფოები, სადაც სპეციფიკური დაავადებების მკურნალობა ხდება, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყოს.
ბაინდურაშვილმა ასეთ საავადმყოფოებად შიდსის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფო დაასახელა.
“ბევრ საავადმყოფოშო, სამწუხაროდ, ისეთი მდგომარეობაა, როგორიც ციხეში არ არის”, – განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ 2011 წელს სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი საავადმყოფოების რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება.
ფინანსთა მინისტრი სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კორუფციაზე ღიად საუბრობს. როგორც კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ჯანდაცვაში კორუფციის წილი არსებობს, რასაც სახელმწიფო არ შეურიგდება. მისი თქმით, ძალიან ბევრი საფინანსო დანაშაულებები სწორედ ამ სექტორშია, რომელსაც მალე მიეხედება.
„ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლარი ავადმყოფს და მის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. მას შემდეგ რაც ამ სექტორში წესრიგი დამყარდება მაშინ შეიძლება ამ სფეროში საბიუჯეტო თანხების ზრდაზეც ვისაუბროთ,“ – აცხადებს მინისტრი.