ჯგუფი "შინ"-ის ინიციატივით, ქართველი ემიგრანტები ახალ პროექტს იწყებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
საზოგადოებრივი პროექტით - "ერთი ხმა" ემიგრანტები საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენ, მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობისკენ.
პროექტის ფარგლებში პირველ ღონისძიებას თავად ჯგუფი "შინ"-ი გამართავს. "ერთი ხმის" ეგიდით ჯგუფის პირველი კონცერტი 24 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. მუსიკალურ ტურნეს "შინ"-ი მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყობს.
ჯგუფი "შინ"-ის ხელოვანებისადმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ჩვენ ყველანი ერთი დედამიწის შვილები ვართ. დაგვბადა გამჩენმა პატარა, მშვენიერ სამშობლოში, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია. ჩვენ ახალი საუკუნის დასაწყისის მკვიდრნი ვართ. დღეს ჩვენი უმეტესობა ემიგრანტია წინა საუკუნიდან. ვიცხოვრეთ და მოვედით დღევანდლამდე - ვატარეთ და გადმოვიტანეთ იმ დროის ავიც და კარგიც...
დაბადებიდან მოუცია გამჩენს საჩუქრად არჩევანის უფლება და ჩვენ კი მთელი წინა ცხოვრება მოვუწყვეთ ჩვენ თავს არადანის განაჩენი. ისევ ვაბრალოთ სხვას, თუ მივხვდეთ იქნებ, რომ ის არადანი ჩვენი არჩევანი იყო?!
დღეს ვიყენებთ ღვთისგან ბოძებულ უფლებას და ვირჩევთ, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლო, ანუ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გამოგვაქვს მისთვის და ჩვენთვის განაჩენი!
მე და შენ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ და ვხედავთ მომავალს - ეს ძალიან არსებითია, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც განგვასხვავებს. დიდი ხანია გვიოცნებია თვითოეულს სამშობლოს თავისებურად ნამდვილ, ღირსეულ მომავალზე.
მე და შენ უკვე გადავწყვიტეთ - ჩვენი არჩევანი შედგა! მაგრამ... ჩვენს გვერდით დგას მესამე! აი ის, მოყვასი, თავი თვისივით რომ უნდა გვიყვარდეს თურმე. ის ფიქრობს, მას თავისი არჩევანი აქვს მოსაძებნი. გვახსოვს რა ძნელი იყო ჩვენთვის?!
იმ მესამეს, მოყვასს, ხელთ აქვს ის ერთი ხმა - ზუსტად ის ერთი ხმა, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს საერთო მომავალს! მაშ რითი დავეხმაროთ მას და საკუთარ თავს? მემგონი ერთით - ვაჩვენოთ, რომ ჩვენ - მე, შენ და ის, უკვე დღეს იმ საქართველოს შვილები შეგვიძლია ვიყოთ! თუნდაც ერთი თვისებით მაინც, რომელიც სრულიად აუცილებელი იქნება ხვალინდელი დღისთვის - თითქმის სიყვარულამდე მისული პატივისცემა ერთმანეთის პიროვნული თავისუფლებისადმი!
და კიდევ! მოდი ჩვენ ორმა, რომლებმაც უკვე ზუსტად ვიცით - რაც და რატომაც, ვურჩიოთ ამ ჩვენ მესამეს ის, რასაც ჩვენ თავს ვურჩევდით: შეხვდეს საკუთარ თავს სარკის წინ. ჩახედოს ღვთის საოცარ ქმნილებას, საკუთარ თვალებს, შიგნით დაინახოს მოთმინებით მომლოდინე ყველა თავისიანი - აქ ცოცხალი თუ იქ ცოცხალი. ჩაეკითხოს მათ, საკუთარ თავს, ყოველივეს გამჩენს და იდუმალი ღამის გავლის შემდგომ წამოიმართოს, მხნედ მიადგეს იმ საოცარ ყუთს და დარწმუნებით ჩაუშვას ის ერთი ხმა, რომელიც გადაწყვეტს ყველა ჩვენთაგანის ბედს! შევძლებთ ამ ყოველივეს? ალბათ! რამეთუ საქართველო ერთია - არჩევანი კი ჩვენი!", - ნათქვამია მიმართვაში.