მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №326 დადგენილების თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ინვესტირებაზე ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც ექს-პრემიერი გილაური უხელმძღვანელებს, გადამზიდავმა კომპანიებმა, ფაქტობრივად, ყველა ტვირთი დაკარგეს.
გადამზიადავ კომპანიებში ამაზე ღიად საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში არ მალავენ, რომ მითითება ტვირთების მხოლოდ რკინიგზაზე გადანაწილების შესახებ უკვე მიიღეს. მსგავს კომპანიებში დასაქმებულთა გაანგარიშებით, ახალი მონოპოლიური მიდგომით, ერთიანობაში სამუშაოს 4 ათას 800 ადამიანი დაკარგავს. მათ შორის ოფისებში, ტერმინალებზე და მანქანებზე მძღოლებად დასაქმებული ადამიანები.
100-მდე მძღოლმა, ეს შეზღუდვა, უკვე მესამედ, საპროტესტო აქციით დაგმო, თუმცა ხელისუფლებიდან მათთან, არც ამჯერად მისულა ვინმე. ერთადერთი, ვინც მათ სამართლებრივ დახმარებას დაჰპირდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელიაა.
„ყველა ჩვენთაგანი დარეგისტრირებულები ვართ, როგორც ინდმეწარმეები, ვიხდით გადასახადებს. ბანკებდან აღებული გვაქვს კრედიტები, რომლის დაფარვის ფინანსური საშუალება იმის გამო, რომ ფაქტობრივად, ყველა ტვირთი რკინიგზას მისცეს, ჩვენ არ გაგვაჩნია. ბევრს უკვე გაუყიდა სახლები ბანკებმა, ყველანი მათ დღეში აღმოვჩნდებით, თუ სახელმწიფო რამეთი არ დაგვეხმარა. ქუჩაში ვიცხოვროთ? ოჯახებს რა ვაჭამოთ? როგორ ვიარსებოთ?“,-აცხადებენ მძღოლები.
ეკა ბესელიას თქმით კი, როგორც ჩანს, საქმეში ჩარეულია სააკაშვილის გარემოცვა, რომლებიც ბიზნესებს, საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
„მე მივმართავ ხელისუფლებას, პასუხი გასცენ ამ ადამიანებს, სანამ შიმშილით დაიხოცებიან მძღოლების შვილები და ოჯახები. სხვა საშუალება ოჯახის რჩენის მათ არ გააჩნიათ. მე ვიქნები მათი პირადი დამცველი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, -განაცხადა ბესელიამ.
ბესელია მიიჩნევს, რომ მძღოლები სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მონოპოლიური ბიზნესის მსხვერპლნი არიან. მისივე თქმით, ხვალამდე საკითხს დაწვრილებით შეისწავლის და სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
№326 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ფონდის კაპიტალში ინვესტირება“.
„საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით ახალი დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. აქამდე ფონდის კაპიტალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მხოლოდ ნაწილის ინვესტირება ხდებოდა. თუმცა, ამიერიდან „საპარტნიორო ფონდს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების აქციების 100–ვე პროცენტი გადაეცემა.
საუბარია „ნავთობის და გაზის კორპორაციაზე“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „თელასზე“. საწარმოების აქციები სამართავად ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, თუმცა, აქციების გასხვისების, დივიდენდის განაწილების, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, გაუქმების, წევრთა არჩევის და გამოწვევის უფლებამოსილება „საპარტნიორო ფონდს“ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ნიკოლოზ გილაური დაინიშნა. თავად, სს „საპარტნიორო ფონდი“ კი 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ 2011 წელს შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი შეფერხებული პროექტების დასრულება, ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.
ფონდის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები, კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოძიებული თანხები, პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები და ფონდის მიერ დაფუძნებული, სახელმწიფოს მიერ ფონდისთვის გადაცემული ან უშუალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების/კომპანიების დივიდენდები.
საპარტნიორო ფონდის მიერ პროექტის განხილვა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მისი ღირებულება აგრარულ სფეროში მინიმუმ 5 მილიონი ლარია, არასასოფლო–სამეურნეო სექტორში კი არანაკლებ 30 მილიონი ლარი.
ასევე, კერძო სექტორის მონაწილეობა პროექტში, მისი საბოლოო ღირებულების მინიმუმ 25%-ით არის განსაზღვრული, პროექტის დასრულების შემდეგ კი ფონდი თავისი წილის განსახელმწიფოებრიობას მოახდენს. ამ დროისათვის ფონდის მიერ ლიკანის სამთავრობო პროექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ავტომატურად არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და ასევე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.