გლდანის N8 საპყრობილეში, ქსნის ტუბზონიდან გადაყვანილ, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებულმა ექვსმა პატიმარმა: გიგა ლომთათიძემ, ზაზა შიუკაშვილმა, კოტე სალემიანმა, ბადრი პატარაიამ, ლერი გირგვლიანმა და რეზო ხარძიანმა, გასულ ორშაბათს დაწყებული შიმშილობა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამშაბათს შეწყვიტეს.
იმაზე, თუ რა წერია ექიმების მიერ გაცემულ ცნობებში; უტარდებათ თუ არა მსჯავრდებულებს სათანადო მკურნალობა; სად, რა პირობებში იხდიან სასჯელს და გაჰყავთ თუ არა ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებული პატიმრები ჰაერზე, პრესა.გე ესაუბრა: რეზო ხარძიანის უფლებების დამცველ ადვოკატს, მამუკა ქირიას; სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს; ბადრი პატარაის ინტერესების დამცველ ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, თეა სუხიშვილს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრები N8 საპყრობილედან ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას ითხოვენ. შიმშილობის გამოცხადებამდე, ამ მოთხოვნით, ექვსივემ თვითდაზიანებები მიიყენა – მათ ხელები, ყელი და მუცელი დაისერეს. ამ თემაზე მასალა პრესა.გე–მ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა, სათაურით – “ტუბერკულოზით დაავადებულმა პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს“, რომელშიც შეგნებულად არ გაგვიმახვილებია ყურადღება ცალ–ცალკე თითოეულ მსჯავრდებულზე, რათა კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში არ ჩაეგდოთ, მაგრამ ამჯერად, მათი უფლებების დამცველი ადვოკატების თხოვნით, გთავაზობთ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობების შინაარსს და იმ მდგომარეობას, რომელშიც გლდანის N8 საპყრობილეში უწევთ ყოფნა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ევროკონვენციის მიხედვით, არასათანადო მკურნალობა და არაადეკვატურ პირობებში ყოფნა, წამებად ითვლება!
რეზო ხარძიანის უფლებების დამცველ ადვოკატს, მამუკა ქირიას ტელეფონით მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის გორიდან თბილისში ბრუნდებოდა. თავისი დაცვის ქვეშ მყოფს იგი 9 ნოემბერს შეხვდა და ესაუბრა.
მამუკა ქირია: “ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებული 27 წლის რეზო ხარძიანი, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, ქსნის ტუბზონიდან N8 საპყრობილეში დასჯის მიზნით გადაიყვანეს და ახლა ის ჩვეულებრივ საკანში ზის. ქსნის ტუბზონაში, “დოტსის“ პროგრამით ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა. ფილტვები რღვევის ფაზაში აქვს. მეოთხე წელი უსრულდება, რაც საპყრობილეშია. ამჟამად ჰაერზე არ გაჰყავთ, საკანში ზის და იმ წამლებს, რაც “დოტსის“ პროგრამითაა გათვალისწინებული, არ იღებს, რადგან ეს წამლები მასში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ექიმების ხელმოწერილი ცნობაც მაქვს (რომელიც შეხვედრის დროს შემიძლია წარმოგიდგინოთ), სადაც წერია, რომ ხარძიანი, როცა გარკვეულ მედიკამენტებს მოიხმარს, აქვს უკუჩვენება და ეწყება ფსიქიკური აშლილობა.
ასეთ დროს ექიმები კონსილიუმს იწვევენ და ერთ პრეპარატს მეორით უცვლიან, მაგრამ N8 საპყრობილეში ამას არავინ აკეთებს, წამალს არავინ უცვლის; ესაა უბედურება. დანიშნულია სასამართლო–სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზაც. პარლამენტში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან და სახალხო დამცველთან განცხადებები მაქვს შეტანილი, რათა ის სამკურნალოდ გადაიყვანონ, რადგან N8 საპყრობილის პირობებში რეზო ხარძიანის მკურნალობა შეუძლებელია.
ის არის პატიოსანი კაცი, ადმინისტრაციამ ვერ დაიყოლია, სათანამშრომლოდ; არაფერს აშავებს, არავის ერჩის, თავისთვის არის, მაგრამ თავს იცავს და ამის გამო აქვს პრობლემები. გარკვეული ხნის წინ, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან N7 საპყრობილეში გადაიყვანეს; დეპარტამენტის უფროსმა ბრძანება გამოსცა, 9–თვიან “კრიტში“ უნდა მოეთავსებინათ, მაგრამ საჩივარი დავწერე, ის ბრძანება სადღაც გადააგდეს და ერთ კვირაში ტუბზონაში გადაიყვანეს. ის ითხოვს იმის გამოქვეყნებას, რაც გიამბეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ტუბზონის გარდა მისი მოთავსება არსად არ შეიძლება“.
ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის
ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ცნობა წარმოგვიდგინა, რომელიც 2010 წლის 26 მარტითაა დათარიღებული. ცნობას ხელს აწერს ქსნის ტუბზონის მთავარი ექიმი, დ. მჭედლიძე.
“მსჯავრდებული პატარაია ბადრი, დაბადებული 1973 წელს, ტუბდაწესებულებაში შემოვიდა 2010 წლის 18 იანვარს, N1 დაწესებულებიდან. იმავე დაწესებულებაში ჩართულია ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაში, “დოტსის“ პროგრამის მიხედვით, დიაგნოზით ფილტვის ტუბერკულოზი, “ემგებე“ პლუს დადებითი. მკურნალობის პერიოდში გახდა ცნობილი “დსტ“ პასუხი, რითაც მსჯავრდებული დაავადებულია ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმით. ამ ეტაპზე მსჯავრდებულის “დოტს პლუს“ პროგრამაში ჩართვა ვერ ხერხდება, ვინაიდან, მსჯავრდებულს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევებით აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაღალი მაჩვენებლები. უტარდება დამატებით ჰეპატოპროტექტორებით მკურნალობა. ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზების შემდეგ, “დოტს პლუს“ მკურნალობის საკითხი გადაწყდება საექიმო კონსილიუმზე.“
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ქსნის ტუბზონიდან N8 საპყრობილეში პატიმრები 26 ოქტომბერს გადაიყვანეს; 5 ნოემბერს მსჯავრდებულებმა საპყრობილის ადმინისტრაციას წერილობით მიმართეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ მათ ორშაბათამდე, ანუ 8 ნოემბრამდე არ დააბრუნებდნენ ქსნის ტუბზონაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავდნენ – შიმშილობას გამოაცხადებდნენ.
გელა ნიკოლაიშვილი: “მათ ციხის ადმინისტრაცია დაელაპარაკა და უთხრა, რომ მათი დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა მათზე დამოკიდებული არ არის და რომ ეს დეპარტამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რაც პრინციპში სწორია. ამ ექვსი პატიმრიდან ერთ–ერთის ადვოკატმა, რომელიც თავის დაცვის ქვეშ მყოფს 9 ნოემბერს შეხვდა, დამირეკა და მითხრა, რომ ორშაბათს კი დაუწყიათ შიმშილობა (რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითმკვლელობის ტოლფასია), მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუუარესდათ, რომ შიმშილობა სამშაბათს შეწყვიტეს.
ცნობის შინაარსის გახმაურება, რომელიც მოგაწოდეთ, ბადრი პატარაიას თხოვნაა. მსჯავრდებულებთან სახალხო დამცველი იყო შესული და ვიმედოვნებ, რომ ის შესაბამის უწყებას ავადმყოფი პატიმრების ქსნის ტუბზონაში დაბრუნების რეკომენდაციით მიმართავდა. პატიმრებსაც აქვთ ამის იმედი, რომ დეპარტამენტი მათი სიცოცხლის შენარჩუნების საკითხს გადაწყვეტს, რადგან იმ პირობებში ყოფნა, როგორშიც ამჟამად არიან, მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.
იმაზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არის თუ არა ინფორმირებული, ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული ექვსი მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას ითხოვენ, ამავე უწყების პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, თეა სუხიშვილმა გვითხრა, რომ არ იცის რა საფუძველი აქვს კონკრეტული მსჯავრდებულების მოთხოვნას.
თეა სუხიშვილი: “მათი მოთხოვნა არ ვიცი რის საფუძველზე არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გლდანში, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან, იგივე მკურნალობა უტარდებათ, იგივე მედიკამენტებით, ანალოგიური მეთოდით, რაც უტარდებოდათ მანამდე. მოგეხსენებათ, გლდანის N8 დაწესებულებასთან არსებობს ციხის რეპუბლიკური საავადმყოფო და იგივე კვებაც აქვთ, ადეკვატური“.
პრესა.გე–ს კითხვაზე – ესე იგი, ავადმყოფი პატიმრების ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას არ აპირებთ? სუხიშვილმა მოგვიგო: “მე როგორ გითხრათ, წინასწარ?! თუ განცხადებები აქვთ დაწერილი, მათზე გაეცემათ პასუხი, ამას გადაწყვეტს ადმინისტრაცია“.
ეს საპყრობილის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, დეპარტამენტმა, თუ სამინისტრომ, ამაზე ალბათ, ერთანეთში მოილაპარაკებენ. მანამდე, სახალხო დამცველის ოფისს დავუკავშირდით და დავინტერესდით რა რეაგირება მოახდინეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა, ამ ეტაპზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, რადგან სახალხო დამცველის ოფისს ჯერ არ აქვს პასუხები, კონკრეტულ მიმართვებზე და იმ ექიმ–ექსპერტების დასკვნა, რომლებმაც მსჯავრდებულები მოინახულეს.
ნინო ერემაშვილი: “4–5 ნოემბერს სახალხო დამცველის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენრტ “ემპათიას“ ექიმ–ექსპერტებთან ერთად მსჯავრდებულები ინახულეს. ორ მათგანს ახსნა–განმარტებები ჩამოართვეს. კანონის მოთხოვნათა გამო, კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებთ, რადგან ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალურია.
ისინი მიუთითებენ, რომ ექვსნი არიან ერთნაირ მდგომარეობაში. მოხდა შესაბამისი რეაგირება. მსჯავრდებულების კიდევ მოვინახულებთ. იმ სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენ შევიყვანეთ, დასკვნის დასაწერად დრო სჭირდებათ. ამ კონკრეტულ საკითხს თვალ–ყურს ბოლომდე მივადევნებთ“.