ჩვენი დროის ფშაველი

ჩვენი დროის ფშაველი

ერთ–ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტი – ბესიკ ხარანაული, დღეს 71 წლის გახდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ფრანგულ და ქართულ ლიტერატურულ წრეებში დომინირებს აზრი ბესიკ ხარანაულის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

ბესიკ ხარანაულის ადრეულ ნაწარმოებებში მეტი იყო სახოვანება, თვითდინება, ასოციაციური წიაღსვლები. ამჟამად კი ჭარბობს პოეტის ნებას დაქვემდებარებული აზრი, რომელიც ნატიფი ოსტატობით იშლება ლექსში და ფაქიზ აქცენტებს იძენს. საქართველოზე დაწერილი ლექსებიც ამ კატეგორიის ნაწარმოებებს მიეკუთვნება, აქაც არის ვარიაციები ქართული კლასიკური პოეზიისა. მთავარი კი ისაა, რომ პოეტი გახსნილად, სრულიად თავისებურ პოეტურ კონტექსტში საუბრობს საქართველოზე და ეს, რა თქმა უნდა, ახალი შტრიხით ავსებს მთელ მის შემოქმედებას.