კიტ რიჩარდსი - სამი აკორდი და ცოტაოდენი ენერგია...

კიტ რიჩარდსი - სამი აკორდი და ცოტაოდენი ენერგია...

როკ მუსიკას თავისებური განათლებაცმოჰყვება და მას ზოგჯერ არ ესაჭიროება მაინცდამაინც ფართო ხედვა თუნდაც კლასიკურ მუსიკაში, თუმც ეს დისკუსიის თემაა და ჩვენც ძალიან მარტივად შეგვიძლია მასთან თავის არიდება, მით უმეტეს, რომ არსებობს ასეთი მცნება - „მგორავ ქვას, ხავსი არ მოეკიდებაო“...

კიტ რიჩარდსი სხვათა შორის საკმაოდ განათლებული პიროვნებაა და მის გრანდიოზულ ბიბლიოთეკას არაერთი ეპოქალური წიგნი ამშვენებს. მაგრამ გონებას, გულს, სულს? რაღა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა როკ’ნ’როლი და სამი აკორდი გიტარაზე და ცოტაოდენი ენერგია, რაც უკვე უშრეტადაც კია ქცეული ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

როლინგების ენერგია მართლაც განსაკუთრებული ფენომენია, ხოლო კიტ რიჩარდსი კი მიკ ჯაგერთან ერთად, ამის სულისჩამდგმელი. როდესაც მოზარდი მუსიკოსები ერთამანეთს პირველად შეხვდენენ ჯერ კიდევ 1961 წელს, გაირკვა რომ მათ მუსიკალურ კოლექციებს ერთი და იგივე შემსრულებელთა უიშვიათესი დისკები ამშვენებდა. არადა იმ პერიოდში მაინცდამაინც ადვილი არ ყოფილა ამერიკაში ფირფიტების შოვნა და მათი მიღება...

საბოლოოდ ლეგენდარული ჯგუფი შედგა და თანამედროვეთაგან კი არადა, აგერ 1963 წლიდან მოყოლებული 50 წლის განმავლობაში როლინგების გამორჩევა ნებისმიერი სხვა ჯგუფისაგან უმარტივესია.მიკ ჯაგერის ფენომენის გარდა, ამაში დიდი დამსახურება ჯგუფის გიტარ ტანდემურ ჟღერადობას მიუძღვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია The Rolling Stones!

კიტ რიჩარდსის მუსიკალური კარიერა ჩვეულებრივ აეწყო. მისი საწყისი სასცენო წლები არც არავისაგან განსხვავდებოდა. ანუ მან მიატოვა საშუალო სკოლა, მერე ხელოვნების კოლეჯი, იქამდე უყიდეს პირველი გიტარა, დედას მოეწონა, მამას არა, მერე დედ-მამა გაეყარნენ, რიჩარდსმა დედასთან ამჯობინა ურთიერთობა, მამა კი 1982 წლამდე მიივიწყა...

როგორც ხედავთ ფესვები მაინც ძალიან ძლიერია, ბლიუზური ფესვები. ამიტომაც კიტ რიჩარდსი როგორც მამას ბოლომდე არასოდეს მიივიწყებდა, ასევე მის სულიერ მამებს - ელვის პრესლის გიტარისტ სკოტი მურსა და რაღა თქმა უნდა ჩაკ ბერის, რომელთა გარეშეც კიტ რიჩარდსი უბრალოდ ვერ შედგებოდა და ვინძლო სხვა პროფესიასაც აირჩევდა, მაგრამ ალბათ უფრო მაინც მუსიკას ამჯობინებდა, თუმცა სხვა მუსიკოსად თუ გიტარისტად ჩამოყალიბდებოდა...

როლინგების პირველ გიტარ ტანდემს ბრაინ ჯონსი - კიტ რიჩარდსი ჰქმნიდა. ბრაინ ჯონსი რიტმ გიტარისტობას სხვადასხვა და მით უმეტეს იმ დროისათვის  ეკზოტიკური ინსტრუმენტების ჟღერადობასაც ჰმატებდა და როლინგების საუნდი ამიტომაც მკვეთრად განსხვავდებოდა The Beatles-ის, Yardbirds-ის, Kinks-ის, The Who-სა, თუ Animals-ის ჟღერადობისაგან. გასული საუკუნის ბლიუზ ბრიტანული ბუმი ხომ ძირითადად როლინგებმა განაპირობა, რამდენადაც ბევრს არ უნდა ვსაუბრობდეთ მაინცდამაინც ნაკლებ ვირტუოზულ შესრულების მანერაზე.

„მგორავმა ქვამ“ კი დღემდე გაძლო, ისე რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული, მის დაკვრაში ბევრი არაფერი შეცვლილა. იცვლებოდნენ მხოლოდ კიტ რიჩარდსის პარტნიორები და Satisfaction-ს, Paint It Black-ს, Get Off My Cloud-სა, თუ Under My Thumb-ს, იგი მომავალში ჯერ მიკ ტეილორთან, ხოლო 1974 წლიდან დღემდე რონ ვუდთან დუეტში ასრულებს.

რაშია მაინც როლინგების მარადიულობის საიდუმლო? რა თქმა უნდა ამის ერთ-ერთი მიზეზი მიკ ჯაგერია, რომელმაც დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლისაგან ქვიშის საათი დაამზადონ. აი მეორე მიზეზი კი კიტ რიჩარდსია, რომელსაც ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს როგორც ზოგადად გიტარასთან, ასევე იმ მუსიკასთან, რომელსაც ამდენი ხანია ასრულებს. „გიტარის არსი აკუსტიკაა. რამდენ ეფექტსაც არ უნდა ხმარობდეს გიტარისტი და რამდენად გადართული არ უნდა იყოს ელექტროგიტარაზე, აუცილებელია, რომ მან შინ საათობით მიუძღვნას თავი აკუსტიკურ გიტარას, რადგანაც მის გარეშე წყდება კონტაქტი მუსიკასთან...“ -აი ასეთია გიტარის „კიტის“ აზრი ინსტრუმენტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველსაც იგი მხოლოდ და მხოლოდ ბლიუზში ხედავს: „თუკი ბლიუზში ვერ ერკვევი, მაშინ ჯობია რომ გიტარა არც გეკავოს ხელში, რადგან ბლიუზის გარეშე წარმოუდგენელიაარამარტო როკ’ნ’როლის, არამედ პოპ მუსიკის ნებისმიერი (!) ფორმის შესრულება“ - სიტყვასიტყვით ნათარგმნი ასეთი დალაგებული ფრაზა, ალბათ დამეთანხმებით, რომ შედარებით უფრო „ცივილური“ გამომეტყველების ბლიუზმენისაგან, თუ ზოგადად მუსიკოსისაგან - მაგალითად გარი ბრუკერისაგან არ იქნებოდა საკვირველი, მაგრამ მეცნიერული სიზუსტით გადმოცემული დასკვნა, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია, სწორედ რომ კიტ რიჩარდსს და არა ვთქვათ ერიკ კლაპტონსა, თუ რობინ ტრაუერს ეკუთვნის.

კიტ რიჩარდსის დაკვრას ოპონენტები ყოველთვის ეყოლება და იტყვიან, რომ აგერ 50 წელიწადია ერთსა და იმავეს უკრავს და რით ვეღარ განვითარდა ეს კაციო. მეორეს მხრივ გასაგებია, რომ გიტარაზე დაკვრის ტექნიკა და ზოგადად ამ სოლო ინსტრუმენტის შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს და ბევრმა თანამედროვე (და არც უკვე მაინცდამაინც) გიტარისტმა, აღარც იცის რა მოიფიქროს... როკ ისტორიამ იცის ჰენდრიქსი, ბლექმორი, პეიჯი, ვან ჰალენი, ვაი, მალმსტინი, თუ სატრიანი. მათ ემატებიან კიდევ ბონამასა და სხვებიც. აი კიტ რიჩარდსი კი 60-ებთან შედარებით „არ დახვეწილა“ და მიუხედავად ამისა, მის სახელს ყოველთვის ვხედავთ მსოფლიო საუკეთესო გიტარისტთა შორის. ეს უკანასკნელი არაა ამოსავალი რა თქმა უნდა, რადგან როლინგების რეკლამით შეჭმულია მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, რომ აქ გადაჭარბებული ნოტებიც შეიძლება რომ შეიმჩნეოდეს, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვალი,რომ კიტ რიჩარდსის დაკვრის რთულ სიმარტივეშია, ესეც ფაქტია. რთული კი ეს დაკვრა იმიტომაა, რომ მისებრ დაკვრის ხელწერას ვერც ერთი სხვა გიტარისტი ვერ იმეორებს, ამის დიდი სურვლისდა მიუხედავად.

როლინგების დისკოგრაფია გასული საუკუნის 60-ებიდან მოყოლებული, 21-ე საუკუნემდეა გადაჭიმული და მისი საფირმო ჟღერადობა ყურისთვის ყოველთვის უმარტივესი ამოსაცნობია. ამგვარ სამ აკორდს გიტარაზე და ცოტაოდენ ენერგიას კი მრავალი სხვა ჯგუფი ინატრებდა, რომლის წევრთა ან ჯანმრთელობამ, ან კიდევფსიქოლოგიურმა, თუიდეურმა მდგრადობამ შეიძლება ბოლომდე ვერ გაძლო...

ფაქტი ერთია, რომ როლინგები ისე ხშირად კონცერტებს აღარ მართავენ, მაგრამ როცა გამოდიან სცენაზე, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან იმავე ვთქვათ AC/DC-თანშედარებით. კიტ რიჩარდსი კი აქ ყველაზე მეტად განყენებული ფიგურაა, რადგან შეიძლება იგი ხანდახან ჯემ სეშენზე ვიხილოთ ბადი გაის, რობერტ ქრეის, ერიკ კლაპტონისა, თუ სხვა ბლიუზმენთა საზოგადოებაში, სადაც იგი სიბერეშიაც იწრთობა და იხვეწება, ხანდახან კი საკუთარ ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნების კითხვის გარდა, მემუარების წერითაც შეიძლება იყოს გართული...