ბოლო კვირის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური პარტიების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. "სააკაშვილს უკვე ძალიან გაუჭირდა და ვა-ბანკზე მიდის; დაყადაღებებს შესაძლოა, რეპრესიები მოჰყვეს; ვითომ ბიძინა მართლა რუსეთის კაცია? "ნაციონალები" მალე ერთმანეთს დაერევიან; ნახეთ, ბიძინამ 5-ნომრიანი ქუდი რომ დაიხურა? ნეტავ რით დამთავრდება ეს ყველაფერი? თუ ხელისუფლებაში "ნაციონალები" დარჩებიან, მე ამ ქვეყნიდან წავალ..." - ასეთი და მსგავსი შინაარსის ფრაზები უკვე თითქმის ყველგან ისმის, სადაც კი ორი ან სამი ადამიანი იკრიბება.
დავინტერესდით, როგორ აფასებენ საზოგადოების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესს და აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც ყოველთვის, საზოგადოების რიგითი წევრები გაცილებით გულწრფელნი და ენაწყლიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ცნობილი ადამიანები.
ნატო გელაშვილი, მომღერალი:
- არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებ.
- უკვე იცით, ხმას ვის მისცემთ?
- კი, ვიცი.
- წინასაარჩევნო პროცესის შესახებ რას იტყვით?
- წინასაარჩევნო პროცესს საერთოდ არ ვადევნებ თვალყურს. პოლიტიკოსი არა ვარ და არ მაინტერესებს. მე ჩემი საქმე მაქვს, თითქმის სტუდიაშიყოველდღიურად განახლებადი განცხადებები საქმე.გე-ზე! ვცხოვრობ.
- არჩევნებში მონაწილეობას თუ აპირებთ?
ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:
- მაგ თემაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?!
- რატომ არ შეიძლება?
- არაფერსაც არ გეტყვით. გმადლობთ, ნახვამდის.
ეთერ კაკულია, მომღერალი:
- მე ვაპირებ, აბა, რა! არჩევნებში ხომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა!
- დიახ, მართალი ბრძანდებით. უკვე გადაწყვიტეთ, ხმას ვის მისცემთ?
- კი, ჩემს ხმას "ნაციონალებს" ვაძლევ.
- რატომ?
- მომწონს და იმიტომ.
- როგორ ფიქრობთ - წინასაარჩევნო პროცესი სამართლიანად მიმდინარეობს?
- ალბათ კი; კი არ დავკვირვებივარ.
გაიოზ კანდელაკი, "ბიგ-ბენდის" დამაარსებელი:
- ვერ გეტყვით, საარჩევნო გარემო რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს: თითქმის მთელი თვეა, ტელევიზორისთვის არ მიყურებია. მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად მივალ.
- არჩევანი უკვე გააკეთეთ?
- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. იცით, არ მომწონს, სააკაშვილი და ივანიშვილი ასე აგრესიულად რომ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯობია, ამ ორი ადამიანის მხარდამჭერები გაერთიანდნენ და მიშას ან ბიძინას კი არა, საქართველოს გამარჯვებისთვის იბრძოლონ.
ბაადურ წულაძე, მსახიობი:
- არჩევნებზე მისვლასაც ვაპირებ და ისიც ვიცი, ხმა ვის უნდა მივცე. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ძალიან ბევრი დარღვევაა, ძალიან ცუდად იქცევიან.
- ვინ იქცევა ცუდად?
- რას მეკითხებით?! თავად არ იცით, ვინ იქცევა ცუდად?
- ჩვენ თქვენი პოზიცია გვაინტერესებს...
- ჩემი პოზიცია ის არის, რომ "ნაციონალები" უზრდელები და ჯიბგირები არიან. რას ჰგავს მაგათი საქციელი?! სააკაშვილი სოფლიდან სოფელში მთვრალი ამალით დადის. წინასაარჩევნო პერიოდია ეს თუ რა ხდება?! ზუსტად ვიცი, რომ ბეშუშმი მთვრალი აქტივისტები წაიყვანეს და ადგილობრივ მოსახლეობად გაასაღეს.
დოდო ხურცილავა, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:
- არჩევნებში ყოველთვის ვმონაწილეობ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში აუცილებლად უნდა შეიტანოს წვლილი. ჩვენ, ქართველებს, ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს - რაღაც პროცესებისგან თავს შორს ვიჭერთ. მერე კი, რამე რომ გაფუჭდება, ყველაფერს სხვას ვაბრალებთ.
- ალბათ არჩევანიც გაკეთებული გექნებათ...
- აბა, რა. მე ყოველთვის წინასწარ ვიცი, ვის უნდა მივცე ჩემი ხმა.
- წინასაარჩევნო პროცესსაც ხომ არ აკვირდებით?
- არა, სად მცალია მაგისთვის?! ძალიან დაკავებული ვარ.
- აბა, არჩევანს რაზე დაყრდნობით აკეთებთ?
- ჩემზე პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნო პროცესში გაკეთებული პიარი მაინც არასდროს მოქმედებს. მე პიარის გარეშეც მშვენივრად ვიცი, ვინ რისი გამკეთებელია. საკმაოდ მოზრდილი ასაკის ვარ და კარგისა და ცუდის გარჩევა შესანიშნავად შემიძლია.
კახა ბერიშვილი, სტუდენტი:
- რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. იმედი არ მაქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, მაგრამ ჩემი პოზიციის დაფიქსირებით ხელისუფლებას ცოტათი მაინც გავურთულებ საქმეს და ჩემი ბიულეტენის გამოყენების საშუალებას არ მივცემ.
- რატომ არ გაქვთ იმედი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?
- იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებს. მოწინააღმდეგეს უკვე ყველა აკრძალული მეთოდით ებრძვის; ერთი რეპრესიები არ დაუწყია, თორემ ისე ყველაფერს კადრულებს.
- რას გულისხმობ?
- დაყადაღებების სერიას, ხალხის დაშინებას, დაშანტაჟებას, მოქრთამვას. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ "ნაციონალურ" არხზე ქალი ალაპარაკეს. ის საცოდავი ამბობდა, - არც სამსახური მაქვს, არც დაზღვევა, არც სახლი მივარგა, შვილებიც ლუკმაპურის ფულს ძლივს შეულობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, მიშა რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიაო... როგორ დავიჯერო, რომ ეს ქალი გულწრფელი იყო და "ნაციონალების" დაშინების ან დაშანტაჟების შედეგად არ ამბობდა ასეთ სისულელეს?! ახლა, ამ ყველაფრის შემხედვარემ როგორ დავიჯერო, რომ ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს?!
ირინა მაისურაძე, ფარმაცევტი:
- თუ მოვახერხებ, აუცილებლად გავაკეთებ ჩემს არჩევანს "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ. აღარ მინდა, ხელისუფლებაში ახალი დამშეული ძალა მოვიდეს. ბიძინა ივანიშვილს კი აქვს ფული, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მის გარშემო ხელმოცარულთა და დამშეულთა ბრბო შეიკრიბა. მე მგონი, ვიღაცები გაბოროტებულებიც არიან. ვერ ვიტყვი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მთლად სამართლიანია, მაგრამ არა მგონია, ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში უფრო მეტი სამართლიანობა და დემოკრატია დამკვიდრდეს. ამიტომ ისევ ეს ხელისუფლება მირჩევნია. ის მაინც ვიცი, რომ პროდასავლური კურსი აქვს აღებული.
კობა ზარიძე, ტაქსის მძღოლი:
- არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, მაგრამ ხმას ვის მივცემ, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. დაპირებები ხელისუფლებასაც კარგად ეხერხება და ოპოზიციასაც. ამის წინათ ჩემს უბანში "ნაციონალების" აგიტატორი იყო მოსული. რომ მოვუსმინე, სიცილით მოვკვდი: ზუსტად იგივე ტექსტი ჰქონდა, რაც მის წინამორბედს წინა არჩევნების დროს. ნეტავ ან ხალხს რაღაზე აწვალებენ, ან ფულს რისთვის ხარჯავენ. ერთი ჩანაწერი გააკეთონ და ყოველი არჩევნების წინ მოგვასმენინონ ხოლმე. ივანიშვილი აქამდე კი ეხმარებოდა ხალხს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ მოიქცევა, კაცმა არ იცის. რაღაც უცნაური ხალხი ჰყავს გარშემო შემოკრებილი.
- უცნაურ ხალხში ვის გულისხმობთ?
- ოპოზიციონერებს, რომლებიც ამინდივით იცვლიან პოზიციებსა და შეხედულებებს. ამ ხალხს როცა უნდათ, რუსეთი - ოკუპანტია, როცა უნდათ - ერთმორწმუნე მეზობელი. როდესაც როგორც სჭირდებათ, ისე ლაპარაკობენ. რამდენი ხანია, ვაკვირდები ამ პოლიტიკოსებს და მათ შორის ერთი პრინციპული და სიტყვის კაცი ვერ აღმოვაჩინე.
- თქვენ როგორ ფიქრობთ - რუსეთი ოკუპანტია თუ ერთმორწმუნე მეზობელი?
- რა თქმა, ოკუპანტია, მაგრამ რაშია, იცით, საქმე? შაჰ-აბასს უთქვამს, სადაც ლომის ტორი ვერაფერს გახდება, იქ მელიის კუდი უნდა მოიხმაროო. აი, ამას ვერ ხვდება ჩვენი ხელისუფლება.
მაია ფანცულაია, დიასახლისი:
- ჩემს ხმას არავისაც არ მივცემ. ეს პოლიტიკოსები ყველანი ერთმანეთზე უარესები არიან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაანგრევს ქვეყანას - მიშა თავისი უაზრო გამოხდომებით და ივანიშვილი თავისი "რუსეთუმეობით"?!.
- სააკაშვილის უაზრო გამოხდომად რას მიიჩნევთ? ან ივანიშვილი რატომ გგონიათ "რუსეთუმე"?
- სააკაშვილის უაზრო გამოხდომად ის მიმაჩნია, რომ თანამდებობებზე "ნაშებს" ნიშნავს, უცხო ქვეყნებიდან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ჩამოჰყავს და გადაცემებს უკეთებს. მაგალითად, ის ქალი, კაცის სახელი რომ აქვს - მგონი, ივანე ჰქვია.
- ის ქალი ივანაა, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ მსუბუქი ყოფაქცევისაა?
- ძალიან გთხოვთ, არ შემეკამათოთ; სააკაშვილი ტყუილად თავს არ შეიწუხებდა... მის უაზრო გამოხდომად მივიჩნევ იმასაც, რომ მთელი ქვეყანა გაავსო ისეთი უაზრო ძეგლებით, როგორიცაა "კვერცხები", "ველოსიპედები" და მსგავსი სისულელეები. საპატრიარქოს გვერდით კაზინო ააშენა. იქ, სადაც ქართველებმა საუკუნეების წინ სარწმუნოებისთვის თავი გაწირეს, ბუდა-ბარი დადგა. ეს კაცი აშკარად დაგვცინის და გვამასხარავებს. რაც შეეხება ივანიშვილს, - რა ვქნა, მართლა არ მჯერა, რომ ამ კაცმა რუსეთში წლების განმავლობაში ისე ააწყო ბიზნესი, რომ პუტინს არ შეეკრა. თუმცა ერთი კითხვა ძალიან მაწვალებს: სააკაშვილი ადრე რატომ არაფერს ამბობდა მის "რუსეთუმეობაზე"?..
- თქვენ ამის მიზეზი რა გგონიათ?
- მე მგონია, რომ ორივე "რუსეთუმეა", ახლა ძალაუფლებისთვის დაიწყეს ბრძოლა და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახეს. აშკარაა, რომ ორივე ჩემი არჩევნის გარეშეც კარგად დაანგრევს ქვეყანას. ამიტომ არ წავალ არჩევნებზე.