იწყება ზამთრის, ანუ გაციება-სურდო-გრიპის სეზონი და ექიმები უკვე იწყებენ “შესაფერისი” კამპანიის წარმოებას. ამ სეზონზე მოსახლეობას მორიგი თავსატეხს გაუჩენენ. უკვე გამოვლენილია “ღორის ახალი გრიპის” ვირუსი, რომლისაგან თავდაცვაც “საჭიროების შემთხვევაში” აუცილებელი და გადაუდებელი გახდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან “ღორის გრიპის” ვირუსის მუტაციის შესახებ გაფრთხილება საქართველომაც მიიღო. გაფრთხილება დახურული არხებით მხოლოდ სპეციალისტებისთვის გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ამერიკაში ორ ადამიანს H3N2 ვირუსი აღმოაჩნდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ H3N2 - ეს არის ღორის გრიპის მუტაციის შედეგი და “ახალი გრიპის” შემადგენლობაში თავმოყრილია სამი ვირუსი, რომელიც უკვე ცირკულირებული იყო.
თუმცა, ადრე სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ H1N1 - ის ვირუსს, რომელიც გასულ წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო გავრცელებული, საშიში მუტაცია არ განუცდია.
“ახალი გრიპის” პირველი შემთხვევა პენსილვანიაში 46 წლის მამაკაცს გამოუვლინდა. საერთოდ კი აშშ-ში H3N2 ვირუსი ორ ადამიანს აღმოაჩდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი სახის ვირუსი, H3N2, რომელიც ამერიკაში დაფიქსირდა, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. H3N2 როგორც ღორებში, ისე ადამიანებში მოარული ვირუსია, თუმცა იგი მუტაციაგანცდილ ე.წ. “ღორის გრიპს” არ წარმოადგენს. იმნაძის ინფორმაციით, H3N2-ით დაავადებულები ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.
რაც შეეხება ვირუსულ სეზონს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვირუსული გრიპის შემთხვევების გახშირებას ამინდის გაუარესების შემდეგ მოელის.
აღსანიშნავია, რომ H1N1-ით (ანუ ნამდვილი “ღორის გრიპით”) საქართველოში 27 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ვირუსის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.
სხვათა შორის, ღორის გრიპის გავრცელების თაობაზე ქართველი მედიკოსები, დაახლოებით, ერთი თვის წინათ ალაპარაკდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საქართველოში, შესაძლოა, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები გამოვლინიყო.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავამ თქმით, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან სეზონური გრიპის მატება არის მოსალოდნელი, რომლის როლშიც, შესაძლოა, სწორედ ე.წ. ღორის გრიპი მოგვევლინოს. თუმცა, იმის გამო, რომ მსოფლიოში აღნიშნული დაავადების გავრცელების არეალი შემცირდა, მას, სავარაუდოდ, პანდემიის ხასიათი აღარ ექნება.
ცანავას ინფორმაციით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ევროპული წარმოების ვაქცინა არის შემოტანილი, რომლის გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. რისკ-ჯგუფში მყოფი პირების: სამედიცინო პერსონალისა და ფეხმძიმეების აცრა უკვე დაწყებულია, ქრონიკულად მოავადე პირების აცრის საკითხი კი, დღის წესრიგში მალე დადგება.
სპეციალისტები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომლებიც მათ ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა გაატარონ. კერძოდ, ისინი უნდა მოერიდონ ინფიცირებულთან კონტაქტს, დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანონ ხელები, გრიპის სიმპტომების გამოვლენისას კი მიმართონ ექიმს. ეს სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მატება, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.