გია მაჭარაშვილი:

გია მაჭარაშვილი: "რადგან მათი ტაშის დამკვრელი არ ვარ, ამიტომ ცდილობენ ჩემს იგნორირებას"

კომპოზიტორის სამუშაო ოთახში მუსიკალური ინსტრუმენტები, გადაშლილი ნოტების რვეული და თავაზიანად მოღიმარი გია მაჭარაშვილი შემეგება...ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მას მუსიკისგან რადიკალურად განსხვავებული ჰობი აქვს - თვითმფრინავებისა და ავტომობილების მოდელებს აგროვებს. "ეს ჩემი საყვარელი საქმეა", - მითხრა მუსიკოსმა, როცა კედელზე ჩამოკიდებული სხვადასხვა ზომის მოდელის დათვალიერება დავიწყე. უმეტესად სახლშია, შეკვეთები აქვს, მაგრამ არც ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მიმართ რჩება გულგრილი.

- ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. სხვა ადამიანებისგან არაფრით განვსხვავდები. ვიცი, არიან ისეთებიც, ვისაც განსხვავებული ცხოვრების გრაფიკი არ აქვს, ან უბრალოდ ცდილობს თავი "მაგრად" დაიჭიროს, საზოგადოებას თავს ისე აჩვენებენ, ვითომ ძალიან დაკავებული არიან, ფოე-ფოე ცხოვრება აქვთ, ერთი სიტყვით, ჭკუაზე არ არიან. ამ დროს კი ეს ყველაფერი სამარიაჟოდ უნდათ. მადლობა ღმერთს, ასეთი ტრიპაჩული მოთხოვნილებები არასდროს მქონია. კიდეც რომ ვიტრაბახო, ყველამ, განსაკუთრებით კი ჩემმა საახლობლომ ზეპირად იცის, რით ვსუნთქავ და როგორი ცხოვრების სტილი მაქვს. ძირითადად სახლში ვმუშაობ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ვქმნი მუსიკას, ვაკეთებ არანჟირებას და ამით ვსუნთქავ. ასევე, ვიღებ შეკვეთებს მომღერლებისგან, რამდენიმემ უცხოეთიდანაც დამირეკა. მათ შორის უცხოეთში წასული ქართველი მუსიკოსებიც მიკავშირდებიან. ჩემი ნამუშევრით კმაყოფილები იქიდან მირეკავენ და ტაშს ტელეფონით მიკრავენ. ამ დროს ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს. ანაზღაურებაზე მეტი სიამოვნებაა, როცა შენს ნამუშევარს სწორ შეფასებას აძლევენ... ასე რომ, ჩემი ყოველი მეორე დღე ნაკლებად განსხვავდება წინასგან, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, ბედს ვემდუროდე. ანუ, ძალიან უბრალო ადამიანის ცხოვრება მაქვს. ხანდახან მეგობრები შევიკრიბებით და ვერთობით. მე და ჩემი მეუღლე ბაზარშიც მივდივართ. ვიღაც შეიძლება, ბაზარში სიარულსაც არ კადრულობდეს, ჩემთვის ეს დამამცირებელი არასდროს ყოფილა. როცა მანქანა არ მყავდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც დავდიოდი. ხალხი ყველგან სიყვარულით მხვდებოდა.

ამას წინათ ლილოში წავედი მეუღლესთან ერთად. ხალხს გამოველაპარაკე. ზოგმა ვერ მიცნო, ზოგიც სიყვარულით შემხვდა. ვიღაცამ თქვა, - მაჭარაშვილი არ არის, უბრალოდ ჰგავს, ის უფრო სიმპათიურიაო... არ შემიძლია შავი სათვალითა და დაბურულმინებიანი მანქანებით სიარული. განსაკუთრებული იმიჯის დასამკვიდრებლად კუდის ყავარზე გადება და "პეროს" გარჭობა, სადაც უნდა იყოს, ჩემი მოწოდება არ არის. ბოდიშს მოვიხდი ამ კატეგორიის ადამიანებთან, მაგრამ ასე მგონია, ისინი თავისუფლები არ არიან.

- დასვენებას ახერხებთ?
- ძირითადად ზაფხულში. ზოგჯერ ზამთარშიც მივდივარ ჩემს საყვარელ ბაკურიანში, მეგობრები ოჯახებთან ერთად ვიკრიბებით, ჩემი ახლო მეგობარია მიშა ცაგარელი, რომლის გოგონას ნათლია ვარ და ერთი სიტყვით, რამდენიმე დღეს იქ სიამოვნებით ვატარებთ. ჩემთვის ძალიან ნოსტალგიური მხარეა, ბავშვობასა და ყმაწვილკაცობას მახსენებს... ასევე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მეგობარია თემურ ყვითელაშვილი, რომელიც ბევრს მოგზაურობს, უცხოეთში სოლოკონცერტები აქვს, მაგრამ როგორც კი საქართველოში ჩამოდის, ჩვენთვის ცოტა დროს აუცილებლად პოულობს.

წელს ბათუმში ვაპირებთ წასვლას. ორი წელია იქ არ ვყოფილვარ. არადა, იქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მითხრეს, ძალიან გალამაზდაო, მაგრამ ჩემი თვალით ნანახი მირჩევნია... პოლიტიკისგან შორს ვარ, ხელოვანი ადამიანი გახლავართ და ერთადერთი, რითაც შემიძლია დავიკვეხნო, გემოვნებაა, არ ვიცი, ჩემი აზრი რას შეცვლის, მაგრამ იქიდან დაბრუნებული ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.

- თქვენი გემოვნების, სმენის მოტყუება ძნელია. ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დროთა განმავლობაში ქართული მუსიკა თანდათან იხვეწება?
- არა, სამწუხაროდ, არ არის ასე. გემოვნებიანი მუსიკა, სიმღერა თუ კომპოზიცია შემცირდა. ყველაფერი ბიზნესსა და მოგებაზეა გათვლილი, მაგრამ რატომ არ შეიძლება კომერციული მოგება გემოვნებიანი მუსიკის შექმნის ხარჯზე მოხდეს?.. თითქოს ვიღაცას ეჯიბრებიან, ხან ამერიკას, ხან ევროპას, ხანაც რუსეთს, უგემოვნო მუსიკის შექმნაში, მაგრამ საკუთარი თავი ვერ იპოვეს. რატომ იღებენ ამ ქვეყნებისგან ცუდსა და უგემოვნოს, მაშინ, როცა კარგის გადმოღებაც შეიძლება... ისიც მესმის, რომ ახლა 70-80-იანი წლების სტილის მუსიკას ვერ დაუკრავენ და ვერც მოუსმენენ, მაგრამ ისეთი სიმღერები იწერება, რომელიც არათუ ქართული მუსიკის, მეტყველების კულტურაშიც კი არ ჯდება.

თანაც, ამას ქართველი თინეიჯერები და სტუდენტები ქმნიან და უსმენენ, სხვები კი მათ ტაშს უკრავენ და ეუბნებიან, შესანიშნავიაო. ამის ფონზე იმ ახალგაზრდებს შეიძლება "შალახოც" გემოვნებიანად მოეჩვენოთ. ამიტომ ვცდილობ, ჩემს გოგონას გემოვნებიანი მუსიკა მოვასმენინო. ეს არ არის ძალადობა. გემოვნება ადამიანს სწორედ პატარა ასაკში უყალიბდება, ჩვენ კი ჩვენი უნიჭო "ბრავოთი", რომლის ყვირილიც არ გვიჭირს, მათ ამისკენ ვუბიძგებთ. დღეს თითქმის მთელი საქართველო "ერთდღიანი პეპლების" მოსმენაზეა გადასული. 10-ბალიანი შეფასების პრინციპით, მე 3-იანს დავუწერდი, ისიც ნაცნობობით. ამასთან, მუსიკა პროფესიონალმა მუსიკოსმა უნდა შეაფასოს და არა შოუმენმა. დღეს ყველაფერი არეულია.

უგემოვნობას ვერავინ დამწამებს, რადგან ჩემი სიმღერების 70-80% მერაბ სეფაშვილს აქვს ნამღერი და თუ ვინმე იტყვის, სეფაშვილი ცუდ სიმღერებს მღერისო, კი ბატონო, მზად ვარ, ხმა არ ამოვიღო... დღეისთვის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტებია "ჯეოსტარი" და "ნუცას სკოლა". ეს ტელეპროექტები მართლაც დიდ როლს თამაშობს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენასა და ზოგადად, საზოგადოების მუსიკალური გემოვნების დახვეწაში, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მათი კარიერა პროექტის დასრულებისთანავე სრულდება. პროექტის დამთავრების შემდეგ ზოგი რესტორანში ეძებს ადგილს, ზოგი - ღამის კლუბსა და ბარში. უნდა არსებობდეს ცალკე ორგანიზაცია, რომელიც მათ უცხოეთის ბაზარზე გაიყვანდა და უპატრონებდა. ამით თავადაც იხეირებს და მომღერლებიც წინ წავლენ. 10-დან ერთი მაინც რომ გახდეს ევროპის ბაზარზე წარმატებული, მაინც კარგია. ჩემს ახალგაზრდობაში ოღონდ გემღერა და არ დაიკარგებოდი.

- საბჭოთა წლებს გულისხმობთ?
- დიახ, მაგრამ იქ ყველას არ უსმენდნენ, ახლანდელივით კი არ იყო, ვიღაც პირს რომ გააღებს და მერე ზედაც არ გიყურებს, არიქა, "ვარსკვლავი" ვარო. ვაი, ამას რას მოვესწარი... ახლა საბჭოთა კავშირის გინება ძალზე მოდურია, მაგრამ მაშინ ხელოვანი ადამიანები მშივრები არ იყვნენ. ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა, რუსეთი ისევ ძალიან დიდი ბაზარია და გასტროლის შემდეგ იმდენი ფული შემოგვდიოდა, კარდაკარ სიარული და ხვეწნა-მუდარა არ გვჭირდებოდა... მე რომ ფული მქონდეს, კულტურულ გაცვლით პროგრამას გავაკეთებდი, ანუ უცხოეთიდან წამოვიყვანდი მომღერლებს, აქ მათი კონცერტის ორგანიზებას გავაკეთებდი, შემდეგ ქართველს გავუშვებდი მის ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი იქნება, სომხეთი თუ აზერბაიჯანი, პოლიტიკა ხელოვნებას არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკა წყვეტს.

- ბოლო დროს მოდაში შემოსულ პოლიტიზებულ მუსიკაზეც გკითხავთ...
- ეს ყოველთვის იყო, პროტესტს ხან როკით, ხანაც რეპით გამოხატავდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ იმ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ხელოვანი ადამიანის გაპოლიტიკურება ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ეს ტენდენცია გუშინ არ დაწყებულა. წლებია ასე ხდება. ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ ჩამოვყალიბდით. ვერ დავღვინდით. თითქოს პოლიტიკოსთა ძველი თაობა წავიდა და ახლები წამოვიდნენ, მაგრამ მაინც ყველა თავისკენ ექაჩება. იმ ნაპრალის ამოვსებაზე კი არ ფიქრობენ, რაც მათსა და ოპოზიციას შორის არის, პირიქით, უფრო ხლეჩენ. ამის შემყურე ხალხი დაშინებულია, შეიძლება ხელისუფლებისაც ეშინოდეთ და ოპოზიციისაც, რადგან არეულობის ეშინიათ, ვაითუ ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და ხელი წასცდეს... ქუჩაში რომ გახვიდეთ, აუცილებლად მოისმენთ, - ოღონდ ეს ქვეყანა დამშვიდდეს, მეტი არაფერი გვინდაო. საბჭოთა კავშირს რომ აგინებენ, მაშინ მხოლოდ ორი პოლიტიკოსის გვარი ვიცოდი, ლეონიდ ბრეჟნევისა და საქართველოს "ცეკას" მდივნის, ვასილ მჟავანაძის. მათი მოადგილეები და მით უფრო ცხოვრების წესი, არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა...

ამერიკაში დღემდე ბევრმა არ იცის თავისი პრეზიდენტის გვარი. აქ კი ძალით გვახვევენ თავს პოლიტიკას, რა საჭიროა ამდენი პოლიტიკურ თოკშოუ, რატომ მაყურებინებენ, ვინ სად სადილობს და რით ერთობა?.. თუ დავაშავებ, კი ბატონო, დამსაჯონ, მაგრამ ჩვენ მუდმივად დასჯილები ვართ, - თავისუფლად ცხოვრების საშუალება არ გვაქვს. საღამოს ტელევიზორის ყურება რომ მინდა, საათობით ვეძებ არხს, სადაც პოლიტიკური დებატები არ იქნება. ახლა ნახეთ, როგორი გადარეული აგვისტო და სექტემბერი იქნება...

- რას ელოდებით?
- მეშინია, ყველაფერი ცუდად არ დამთავრდეს. რომელიმე მხარემ თუ არ დათმო, სისხლი დაიღვრება, ცოტა მაინც... არ მიყვარს პოლიტიკა, მაგრამ ვიღაცებს მაინც ჰგონიათ, რომ ოპოზიციონერი ვარ, - მე მუსიკოსი ვარ და ჩემი საქმის კეთება ყველანაირ პოლიტიკას მირჩევნია.

- ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, ცნობილი ადამიანები გვერდით დაიყენოს. თქვენ არავინ დაგკავშირებიათ?
- საბედნიეროდ, არა... სამი წლის წინ ცხონებულმა ალექსანდრე ბასილაიამ, რომელიც ჩემს ოჯახთან ძალიან მეგობრობდა, მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა და მეგონა, რაღაცას ხუმრობდა. იმ ზამთარს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელისუფლებამ ინდაურები და ტკბილეული მოუკითხა. ინდაურის ადრესატი მე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვეხუმრე, - რა ხდება, ალექსანდრე, - ახლობლები ბუთხუზს ვეძახდით, - დაგვიანებული ინდაური ხომ არ უნდა მომიტანონ-მეთქი? საღამოს სახლის ტელეფონზე დამირეკეს. უცნობმა მამაკაცმა მითხრა, "ქართუ ბანკის" დახმარების ფონდის გადაწყვეტილებით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მიიღებთო. იცით რა დამემართა? სიხარულისგან ხმა ჩამიწყდა და ლამის ტირილი დავიწყე... ის თანხა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგან სტაბილური შემოსავალი არ მქონდა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ის კაცი მძულდეს? ან რატომ უნდა ვლანძღო? კაცს არასდროს შევხვედრივარ და ამხელა სიკეთე გამიკეთა.

- ოპოზიციონერი ვგონივარო, თქვით, რატომ?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ამითვალწუნეს, არც ერთ ტელეგადაცემაში არ მიწვევენ... არც მჭირდება, მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო. იმაზე მტკივა გული, რომ მუსიკაში თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა, ერთ-ერთი მეც ვარ, მაგრამ რადგან მათი ტაშის დამკვრელი არ ვარ, ამიტომ ცდილობენ ჩემს იგნორირებას. წლების წინ, როცა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მაშინ აქტუალური სოციალური პრობლემის, სარეცხის აივანზე გაფენის საკითხს განიხილავდნენ, - ამახინჯებდა თუ არა ქალაქის ცენტრალური ქუჩების იერსახეს ეს დეტალი, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, აბა, სად უნდა წაიღონ სარეცხი, სასტუმრო ოთახში ხომ არ გაფენენ-მეთქი. ისიც ნახევრად ხუმრობით ვთქვი... სასაცილოა, მაგრამ იმ გადაცემის შემდეგ რამდენიმე ე.წ. გავლენიანმა პირმა შემომითვალა, - ჩვენი იმედი ნურაფერში ექნებაო. ერთდროულად გაოცებული და შეურაცხყოფილი დავრჩი. გული მტკივა, რომ ამ სიყვარულის ქვეყანაში ბოლო დროს საკუთარი საქმის, ხალხისა და ქვეყნის სიყვარული ვიღაცის მომხრეობით იზომება. ნეტავ იმ დღეს მოვესწრებოდე, როცა პოლიტიკა გადამწყვეტი აღარ იქნება