რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილ კინომსახიობ ჯონი დეპს სერბეთის ერთ-ერთ მიყრუებულ და მაღალმთიან სოფელში ძეგლი დაუდგეს.
სოფელი სერბეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთიან ადგილას მდებარეობს. ამერიკელმა ჟურნალისტებმა მისი სახელწოდების გაგება მოისურვეს, მაგრამ ამ დასახლებული პუნქტის დასახელება სერბებმაც კი არ იცოდნენ.
ცნობილი გახდა, რომ ძეგლის დადგმის ინიციატივა ემირ კუსტურიცას ეკუთვნოდა. ის და ჯონი დეპი დიდი ხნის მეგობრები ბრძანდებიან.
რამდენიმე წლის წინ კუსტურიცას დეპი მექსიკელი რევოლუციონერი პანჩო ვილიას ცხოვრების შესახებ სურათში უნდა გადაეღო. სამწუხაროდ ეს პროექტი არ განხორციელდა. მაშინ რეჟისორი „ძმაკაცს“ დაპირდა, რომ სერბეთის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში მის ძეგლს დადგამდა.
ცოტა ხნის წინ შეპირება აასრულა, ოღონდ თავად დეპს ეს ადგილი ჯერ არ მოუნახულებია. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ემირთან ერთად მას აუცილებლად ეწვევა.