მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად დღეს ჩხოროწყუში დილიდან ემზადებოდნენ, თუმცა პრეზიდენტი იქ მხოლოდ საღამოს, ბეშუმიდან ჩავიდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილს 4 საათის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა სოფლიდან მიკროავტობუსებით თავად მმართველმა პარტიამ გადაიყვანა.
ღია ცის ქვეშ გამართული შეხვედრა მედიისთვის დღესაც დახურული იყო. სამთავრობო დაცვის წევრებმა და პოლიციამ გადაადგილება ყველა გადამღებ ჯგუფს აუკრძალა. შესაბამისად, „აკრძალული ზონიდან“ ევაკუირებული ჟურნალისტები ნაცმოძრაობის მხარდამჭერებთან ინტერვიუს ჩაწერას „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ ცდილობდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს სოფელ კირცხში მცხოვრებ თამუშა ახალაიასაც აეკრძალა, რომელიც შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სამი წელია უშედეგოდ ცდილობს. ახალაიას ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით ზუგდიდში დღეს საგანგებო განცხადება „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა, კახა მიქაიამ გაავრცელა, რომელსაც თამუშა ახალაია თავად დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
სოფელ კირცხში ჩასულ ჟურნალისტებს თამუშა ახალაიამ იმ დევნის შესახებ უამბო, რომელსაც ჩხოროწყუს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მის მიმართ მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ და პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.
თამუშა ახალაიამ საკუთარი ვაჟის ცხედარი 2009 წლის 8 ივლისს მდინარეში იპოვა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მას ჩხოროწყუს პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით ჭანტურია მიაჩნია, თუმცა გამოძიება პოლიციელის დაკითხვით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
დიდი მცდელობის მიუხედავად თამუშა ახალაია საქართველოს პრეზიდენტს დღეს ვერ შეხვდა...
სამაგიეროდ, სურვილის საწინააღმდეგოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე დღეს ერთი ხანდაზმული ქალბატონი მოხვდა. ქვედა ჩხოროწყუში დაკრძალვაზე მიმავალი პროცესია პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილზე აღმოჩნდა...
რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტამდე ჩხოროწყუში, რატომ „ენაცვალებიან“ ჩხოროწყუელები პრეზიდენტს და რატომ ვერ დაესწრნენ ადამიანები დაკრძალვის ცერემონიალს, ნახეთ ვიდეოკადრებში.