საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით ვნებათაღელვამ პარლამენტის წინ და პარლამენტში ერთდროულად შეაღწია. მოსწავლეები პარლამეტთან მივიდნენ, ხოლო დეპატუტები – ტრიბუნასთან.
მთელი დღის განმავლობაში თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები განათლების სამინისტროსგან საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ. მოსწავლეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით, განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
მოსწავლეთა განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს პერმანენტულ სახეს მისცემენ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის შეუძლებელია საატესტატო გამოცდების ჩაბარება, ვინაიდან საგამოცდო ნუსხაში არის შესული ფიზიკისა და ქიმიის საგნები, ხოლო ეს საგნები მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ისწავლეს. საატესტატო გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
მათივე განცხადებით, ისინი არიან გაურკვევლობაში, რადგან თვითონ განათლების სამინისტროც არ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხის მიმართ. გამოცდების მომზადებისთვის და ჩაბარებისთვის უფროსკლასელებს აქვთ ძალიან ცოტა დრო.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ უარყოფენ სწავლას, მაგრამ განათლების სამინისტროს მიერ მოღებული გადაწყვეტილება დამამთავრებელი კლასების მიმართ არ არის სამართლიანი.
პარლამენტს შიგნით მოსწავლეებს მხარდაჭერას დეპუტატი ჯონდი ბაღათურია უზრუნველყოფდა. დეპუტატმა მეთორმეტე კლასის მოსწავლთა მოთხოვნა “სამართლიანად” შეაფასა და კოლეგებს მოსწავლეთათვის სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
როგორც ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, მოსწავლეები ვერ შეძლებენ რვა სასკოლო გამოცდის ჩაბარებას ისე, რომ პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვისაც მოემზადონ. ამიტომ დეპუტატმა განათლების სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ბაღათურია შაშკინის უწყებისგან საგანმანათლებლო სისტემიდან იმ უცხოელი პედაგოგის გაწვევას მოითხოვს, რომელმაც საკუთარი ეროტიული ფოტოები გამოაქვეყნა. “თუკი ეთიკის კოდექსს ვაღიარებთ, მაშინ დაუშვებელია, ასეთმა პედაგოგმა სკოლებში რეპეტიტორობა გასწიოს”, - მიიჩნევს ბაღათურია.
განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა კი არათუ არ დაუჭირა ბაღათურიას ინიციატივას მხარი, არამედ მკაცრად დაგმო მოსწავლეების აქცია.
“არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა და იმათ, ვისაც ატესტატის აღების პრეტენზია აქვთ, ამ გეგმით გათვალისწინებულ საგნებში მინიმალურ ცოდნას უნდა ფლობდნენ. შეფასება ხდება გამოცდებზე უმაღლესიდან უმდაბლესამდე, ან ყოვლედღიური შეფასებით და აქ არანაირი ახალი თამაშის წესები არ არის. პირიქით ჩვენ იმდენად ვფრთხილობთ, რომ გამოცდაზე, თუ მოსწავლე კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს მას კიდევ უფრო უმარტივდება და ასე შემდეგ, სანამ ცოდნის მინიმალურ ზღვრამდე არ დავა”, - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ეს გამოცდები ადასტურებს, რომ მოსწავლებს სკოლაში ამ საგნის შესახებ საერთოდ გაუგია რამე, ასევე ეს ფასს მატებს ატესტატს, სკოლაში მიღებულ ცოდნას.
“სკოლაში მოსწავლე საგანს, რომ გაივლის ელემენტარული ცოდნა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ექსპერიმეტი ჩავატარეთ და მინიმალური ზღვარი 95%–მა გადალახა, მაპატიეთ და, ის 5%, რომელმაც ელემენტარულ კითხვებზეც კი ვერ გასცა პასუხი, არ არის ღირსი სახელმწიფო ატესტატის აღებისა”, - აღნიშნა გაბაშვილმა.
სხვათა შორის, საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა საპარლამენტო ოპოზიციაშიც შეინიშნება. მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატი დეპუტატი გურამ ჩახვაძე სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების კრიტიკას არ იზიარებს.
მისი აზრით, საატესტატო გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რათა მოსწავლეებს საშუალო დონის ცოდნა ჰქონდეთ. “ატესტატი არ არის დასჯის მექანიზმი”, - განაცხადა ჩახვაძემ და დასძინა, რომ მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან, რომ გამოცდები ისევ მათთვის არის უკეთესი.
“საატესტატო გამოცდების ჩატარდების თაობაზე სამინისტრო პოზიციას რომ არ შეიცვლის, ეს განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი განათლების ხარისხი იყოს მაღალი. არაფერი ამაში საშიში არ არის”, - განაცხადა შაშკინმა.
მინისტრის თქმით, მიუღებელია, რომ XII კლასელების პროტესტში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიებიც. “ეს ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ამოწურა პოლიტიკური რესურსი და ცდილობს, XII კლასელების ხარჯზე დაიწეროს ქულები”, - აღნიშნა შაშკინმა.