ვისთან შეექმნა კონფლიქტი მარინა ბერიძეს

ვისთან შეექმნა კონფლიქტი მარინა ბერიძეს

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარინა ბერიძე "რუსთავი 2"-დან გაუშვეს. მასთან ერთად არხი დატოვა მთელმა მუსიკალურმა რედაქციამ და ათი კაცი "იმედზე" გადავიდა სამუშაოდ. ისიც ცნობილი გახდა, რომ მარინა ბერიძე თავის გუნდთან ერთად უკვე მუშაობს ახალ იდეებზე და შემოდგომიდან ახალი პროექტების განხორციელებას დაიწყებს. "იმედის" მუსიკალური დირექტორი ამჟამად რუსა მორჩილაძეა, მასთან კი, როგორც ამბობენ, მარინა ბერიძეს, არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. მარინა ბერიძესა და "რუსთავი 2"-ს შორის უთანხმოების მიზეზების გარკვევას შევეცადეთ და როგორც გავიგეთ, არხმა ჩათვალა, რომ ხალხს მარინა ბერიძის იმიჯი აღიზიანებს. უკვე ისიც ცნობილია, რომ "რუსთავი 2"-ზე შემოდგომიდან "ჯეოსტარის" ნაცვლად პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" გავა, რომელიც პრინციპში იგივე პროექტია, ოღონდ შეცვლილი სახელწოდებით. "საქართველოს ვარსკვლავის" ეთერში გასვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქალაქში პროექტში მონაწილეობის მსურველები უკვე შეირჩა. ამ ეტაპზე კასტინგზე მისულების ნამღერის აუდიოჩანაწერს ამზადებენ. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება გადაცემის წამყვანი და ვინ იქნებიან ჟიურის წევრები.

ისიც გავიგეთ, რომ "რუსთავი 2"-თან "ჯეოსტარის" წამყვან დუტა სხირტლაძესაც მოსვლია უთანხმოება. ამბობენ, რომ დუტასა და არხის მრავალწლიანი თანამშრომლობა დუტას კაზინოში თამაშის სიყვარულმა შეიწირა. გავრცელებული ხმების მიხედვით, მსახიობს მხოლოდ "ჯეოსტარის" წაყვანისთვის 20 ათასი ლარი მოუთხოვია ჰონორარის სახით, რაზეც არხის წარმომადგენლებმა უარი განუცხადეს. დუტას კახეთშიც გაუფუჭდა საქმე. თელავის თეატრთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის შემდეგ კახეთში მასზე ბევრს აზრი შეეცვალა და ამბობენ, რომ მრავალწლიანმა პოპულარობამ დუტაზე ცუდად იმოქმედა და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა შეუქმნა. ისიც თქვეს, რომ მარინა ბერიძეს დაძაბული შელაპარაკება "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროს ირმა ცქიტიშვილთანაც მოსვლია. რა თქმა უნდა, ყველა ამ ამბის გადამოწმება ვცადეთ.

პირველ რიგში მარინა ბერიძეს დავუკავშირდით, რომელთანაც ყველაზე ბევრი კითხვა გვქონდა, მასთან მოკლე სატელეფონო საუბარი შედგა.

- სალონში ვარ, თმას ვიკეთებ და სამ საათში სტამბოლში მივფრინავ. მკითხეთ, თუ რამე სასწრაფოა, ახლავე გიპასუხებთ.

- "რუსთავი 2"-დან თქვენი წამოსვლის შესახებ მინდოდა დამესვა თქვენთვის რამდენიმე კითხვა.
- როდესაც შვიდი წელი ერთ ადგილას მუშაობ, ის შენი სახლი გახდება და მერე წამოხვალ, ამის შესახებ პასუხის გაცემა ცოტა რთულია. მაპატიეთ, მაგრამ ასეთ საკითხზე საუბრისას ორ კითხვაზე პასუხით ვერ შემოვიფარგლები. ჩემთვის ეს ძალიან რთული თემაა. ინტერვიუსთვის კი ვერ შეგხვდებით, რადგან რამდენიმე საათში ქალაქიდან გავდივარ.

მარინა ბერიძესთან საუბრის შემდეგ "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ირმა ცქიტიშვილს დავუკავშირდით:

- "რუსთავი 2"-ის ეთერში გავა "საქართველოს ვარსკვლავი" და არა "ჯეოსტარი". გაქვთ ინფორმაცია, ასე რატომ მოხდა?
- ვერ გეტყვით. თბილისიდან ერთი თვეა, წამოსული ვარ. პრაღაში ვისვენებ და საქმის კურსში არ ვარ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარინა ბერიძის "რუსთავი 2"-დან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი თქვენთან უთანხმოება გახდა...
- ეს ჭორი სინამდვილეს არ შეესაბამება.

- რადგან თქვენ თბილისში არ იმყოფებით, იქნებ, სხვა დამეხმაროს სიმართლის დადგენაში. "ჯეოსელში" ვის ექნება ამ ყველაფერზე ზუსტი პასუხი?
- ახლა ყველა შვებულებაშია, ვერავინ დაგეხმარებათ სიმართლის გარკვევაში. დანამდვილებით გეტყვით მხოლოდ იმას, რომ "ჯეოსტარი", როგორც ყოველთვის, ეთერში გავა, მაგრამ რა და როგორ შეიცვლება გადაცემაში, თბილისში დაბრუნების შემდეგ მეცოდინება. მოგვიანებით შემეხმიანეთ.

მასალაზე მუშაობისას ისიც გავიგეთ, რომ "იმედზე" სექტემბრიდან ნუცა ჯანელიძე ახალ მუსიკალურ გადაცემას მოამზადებს, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

ნუცა ჯანელიძე:
- ახალ პროექტებში - "მე მიყვარს საქართველო" და "ახალი ხმა", მე არ ვარ ჩართული. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ "ახალ ხმაში" "ნუცას სკოლის" რამდენიმე კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.

- "ნუცას სკოლა" როდის გავა კვლავ ეთერში?
- სავარაუდოდ, იანვრიდან გავალთ კვლავ ეთერში. სექტემბრიდან საბავშვო- მუსიკალური გადაცემა დაიწყება. საცდელ გადაცემას აგვისტოში ჩავწერთ. ძალიან საინტერესო გადაცემას გპირდებით.

- ეს გადაცემა "ანა-ბანას" მსგავსი იქნება?
- "ანა-ბანა" მხოლოდ მუსიკალური იყო, ჩვენ კი შემეცნებით-გასართობ გადაცემას გავაკეთებთ, რაც ბავშვებს ძალიან სჭირდებათ. პროექტში მონაწილეობას მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები მიიღებენ.

- წამყვანი ვინ იქნება?
- ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, პროექტი ჯერ მხოლოდ მზადდება.

- "იმედის" მუსიკალურ რედაქციაში მარინა ბერიძე შემოგიერთდათ. ის თქვენს ახალ გადაცემაში ჩაერთვება?
- ჯერჯერობით არაფერი ვიცი. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მარინა თავის გუნდთან ერთად გადმოვიდა და რას გააკეთებენ, ჯერ არ ვიცი.

რუსა მორჩილაძეს უფრო მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით. ცნობილია, რომ "იმედზე" ის ბევრს წყვეტს მუსიკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

- "ახალი ხმის" წამყვანი დუტა სხირტლაძე რომ ყოფილიყო, ვისი იდეა იყო?
- ჯობს, ეს შეკითხვა გადაცემის პროდიუსერ დათო იმედაშვილს დაუსვათ. წარმოდგენა არ მაქვს, წამყვანი ვინ შეარჩია. მე მხოლოდ გადაცემის მუსიკალური მხარე მეხება.

- ქალბატონი მარინა ბერიძე შემოგიერთდათ. თქვენ ხართ "იმედის" მუსიკალური რედაქციის დირექტორი. თქვენსა და ქალბატონ მარინას შორის ფუნქციები როგორ გადანაწილდება?
- მე არხის მუსიკალური დირექტორი ვარ. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, მარტო მე ხომ არ ვიმუშავებ?

- როგორ ფიქრობთ, თქვენი თანამშრომლობა როგორ მოხერხდება? ამბობენ, რომ აქამდე თქვენ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო...
- ძალიან არაკორექტული კითხვა დამისვით. ჩემსა და მარინას შორის არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა.
"რეიტინგი" ყოველთვის კეთილგანწყობილია და ასეთ რამეს რატომ იგონებთ?

- ეს საკმაოდ ცნობილი და ფართოდ გავრცელებული კულუარული ინფორმაციაა, არანაირად არ ვცდილობთ, რამე მოვიგონოთ.
- არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს მარინასთან. მე ვარ არხის მუსიკალური დირექტორი. "იმედზე" ჩემი მუსიკალური გემოვნება და ჩემი მუსიკალური პოლიტიკა გადამწყვეტი და ერთმნიშვნელოვანია. მუსიკალური არხის ახალ წევრებთან ნელ-ნელა ავეწყობით. კარგი აზრი შეიძლება, ასისტენტმაც მოიტანოს და დავეთანხმო, მაგრამ მუსიკალურ მიმართულებას მე გადავწყვეტ. არხზე სხვადასხვა მუსიკალური გადაცემა გაკეთდება და ასე გაგრძელდება მუშაობა.

დათო იმედაშვილი (გადაცემა "ახალი ხმის" პროდიუსერი):

- უცხოეთში "ახალი ხმა" ყველაზე წარმატებული ფორმატია. ფანტასტიკა და ბედნიერებაა, რომ "იმედმა" შეძლო ამ ფორმატის პროექტის შეძენა და საქართველოში ჩამოტანა. უკეთესი პროექტი მსოფლიოში არ არსებობს. ე.ი. ჩვენ, ქართველებს, გვექნება შესაძლებლობა, მსოფლიოში საუკეთესო ფორმატი ვიხილოთ შემოდგომაზე.

- როგორ ფიქრობთ, ქართულ არხებზე რამდენიმე მუსიკალური პროექტის გაკეთება რთული არ იქნება? მართალია, მუსიკალური ერი ვართ, მაგრამ ამდენად მუსიკალურები ვართ, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" და "ახალი ხმა" ერთდროულად გავიდეს ეთერში და მონაწილეების შერჩევა არ გაძნელდეს?
- სხვა პროექტების მაგივრად კომენტარს ვერ მოგცემთ, მაგრამ ჩემი მხრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ რეგისტრაცია 10 დღეა, რაც გამოცხადდა და უკვე 2000 კაცზე მეტს აქვს აპლიკაცია შევსებული. როგორც ჩანს, მართლა ძალიან ბევრი მღერის საქართველოში და არჩევანიც დიდია. შესაბამისად, შეიძლება ორი და სამი შოუც გაკეთდეს და მონაწილეების შერჩევის პრობლემა არ იქნება.

- დათო, "ახალი ხმის" წამყვანად დუტას გარდა სხვა კანდიდატურაც განიხილებოდა?
- კასტინგი გვქონდა გამოცხადებული, თუმცა როცა გაჩნდა შესაძლებლობა, დუტა ყოფილიყო შოუს წამყვანი, ალტერნატივაზე არც კი მიფიქრია. დუტას გამოცდილება და პროფესიონალიზმი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემთვის.

- შოუს წამყვანობა დუტას პირადად თქვენ შესთავაზეთ?
- დუტას დიდი ხანია, ვიცნობ. ის ჩემს ფილმ "ოცნების ქალაქში" მონაწილეობდა. დუტას შევთავაზეთ წამყვანობა და მასაც უარი არ უთქვამს. კონკურენტი არხის პროექტში რა ხდებოდა, ნამდვილად არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია, დუტა რატომ წამოვიდა "რუსთავი 2"-დან.

- მარინა ბერიძე ჩაერთვება თქვენს პროექტში?
- პირადად მე მოწვეული პროდიუსერი ვარ. ტელეკომპანიებს შორის რა გადაადგილებები მოხდა, არ ვიცი. ამ ეტაპზე "ახალ ხმაში" მარინა ბერიძე ჩართული არ არის, თუმცა ქალბატონ მარინას კარგად ვიცნობ და მასთან მუშაობა არანაირად არ გამიჭირდება. "ახალი ხმის" მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე გახლავთ, რომელიც ფანტასტიკურად ასრულებს თავის საქმეს.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ, "რუსთავი 2-ში" საერთაშორისო პროექტების დირექტორ გიორგი ხაბურზანიას დავკავშირებოდით და ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, გიორგიმ ჩვენთან საუბარი ვერ მოახერხა. იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და მარინა ბერიძეც და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელიც დაწვრილებით გვიამბობენ სიახლეების შესახებ.