დღეს 148 წელი გახდა, ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი ქართველი მხატვრის – გიორგი (გიგო) გაბაშვილის დაბადებიდან. გიგო გაბაშვილი დაიბადა 1862 წლის 9 ნოემბერს, თბილისში. ის იყო თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომლის ივანე გაბაშვილისა და მდაბიო მოქალაქის თამარ ნარეკლიძის უკანონო შვილი. მამა ადრეულ ასაკში 1868 წელს ქოლერის ეპიდემიის დროს გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე.
გიგო მთელ დღეებს ატარებდა თბილისის ძველ უბნებში, ხატავდა ძველი ციხის ნანგრევებს, ქალაქის ქუჩებს, აღმოსავლური ფერებით მორთულ თბილისის ბაზრებს, ქალაქელ ტიპაჟებს, ყველაფერს, რაც ყურადღებას იპყრობდა. ათი წლის გიგო დედამ აღსაზრდელად თბილისში მცხოვრებ გერმანელს ფონ დერ ნენიეს მიაბარა, სადაც იგი მისივე ასაკის ორ სხვა ბავშვთან ერთად იზრდებოდა და გერმანულ და ფრანგულ ენებს ეუფლებოდა.
გიგო გაბაშვილმა ჯერ კიდევ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მიიპყრო ყურადღება თავისი ნამუშევრებით. 1886 წელს საგამოცდო გამოფენაზე მან წარადგინა ეტუდი “ცხენი”, რისთვისაც დაჯილდოვდა წამახალისებელი პატარა ვერცხლის მედალით. ნამუშევარი კი, როგორც საუკეთესო ნახატი აკადემიაში დატოვეს. შემდგომ წარმატებას მან მიაღწია თავისუფალ თემაზე შესრულებული კომპოზიციებით “ქურთი მეომარი” და “ქარავანი შესვენებისას”. გ. გაბაშვილს ამ ნამუშევრებისთვის გადაეცა დიდი და მცირე ვერცხლის მედლები. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გამოფენილმა მრავალფიგურიანმა ტილომ “ბაზარი ბაქოში”, მას მხატვრის წოდება და ვერცხლის მედალი მოუპოვა. ეს სურათი ცნობილმა კოლექციონერმა ტრეტიაკოვმა გალერეისათვის შეიძინა.
გიგო გაბაშვილმა განვლო ცხოვრების ხანგრძლივი და ნაყოფიერი გზა. მან 2000-ზე მეტი სურათი, ეტიუდი და ნახატი შექმნა, რომელთა უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ცალკეული მისი სურათები ინახება რუსეთის, ევროპისა და ამერიკის მუზეუმებში, ხოლო ნაწილი კერძო კოლექციებში.
გიგო გაბაშვილის სურათებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია “ბაზარი სამარყანდში” (1894წ.), რომელიც 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის “კრისტის” აუქციონზე მილიონ ასოცდათექვსმეტი ათას დოლარად. არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.