სალაფატკედ გამზადებულები და ჩაშვება პროფესიონალურად (რეპლიკასავით)

სალაფატკედ გამზადებულები და ჩაშვება პროფესიონალურად (რეპლიკასავით)

შიდა ქართლის სამართალდამცავ უწყებებში  საკადრო ცვლილებები ხმაურის გარეშე გრძელდება. მართალია, მერაბიშვილის მინისტრობისას დანიშნული კადრების მასიური წმენდა არ დაწყებულა, თუმცა, მათ, ვინც ამინდს ქმნიდა, იცოცხლე, ვანოს გასოციალურებიდან მეორე დღესვე დაეწყოთ შიშები და, როგორც ამბობენ,  არცთუ უსაფუძვლოდ.

სამსახურის დაკარგვის შიშით, აი, ისე – ბოლოჟამს რომ ახსენდება ადამიანს ყველაფერი, ამ სამართალდამცავ უწყებებში წამოსკუპულებსაც მოაგონდათ საკუთარი თუ სხვისი ცოდვები და ზოგი მხოლოდ თავისას ფარავს, სხვამ კი, პროფესიული გამოცდილებით გამომუშავებულ ნაცად ხერხს მიმართა და წავიდა „ჩაშვება“ და რა წავიდა!

არა, ერთმანეთის „ჩაშვებაზე“ არც აქამდე ყოფილან მწყრალად, მაგრამ ახლა უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტიც ჩაერთო და... რა ქნან აბა, ბიჭებმა? ამდენი ხანი რომ  პოლიციას შეაკლავ თავს და დორბლი გდის შენი ზემდგომის თუ ზემჯდომის კაი მანქნასა და ცხოვრებაზე, ან ძმაკაცი უნდა დაღუპო და შენ დარჩე, ან – დაჯექი, ბატონო, სახლში და უცქირე ვაშლის ბაღს.

ალბათ, ზუსტად ამ დორბლის გამოა, გორის პოლიციის თანამშრომლებს შორს რომ აქვთ სახელი გავარდნილი მანქანებით ვაჭრობით. შემიძლია დავიფიცო, რომ ბევრმა მათგანმა, შესაძლოა, სამოქალაქო და სისხლის სამართალი ვერ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგრამ აბა, მიდი და ის ჰკითხე, ვინაა ყველაზე მაგარი „მალიარი“, ან სად უნდა მივიდნენ, მანქანის სპიდომეტრზე გარბენი რომ ჩამოაყრევინონ?!

რაც მართალია – მართალია, ყველაფერი კი არ უნდა დაუკარგო ადამიანს! ეს საქმე მართლა იციან.

ჰო, იმასაც წუწუნებენ ჩუმ-ჩუმად, ყველა კადრს მისდგება ახალაია, დიდსაც და პატარასაც – ასე ქნა, თურმე, თავდაცვაშიცო.

თუ მოგდგა და, მამა გიცხონდა, არ გეკუთვნის თუ რა?! ეგაა, შენზე უარესი არ მოიყვანოს კიდევ...

ამ ცვლილებებმა, საარჩევნოდ ალმოდებულმა უწყებებმა და ბიძინას ,,მაყუთზე“ ვნებააღძრულმა დასაქმებულებმა, თავდაცვის კიდევ ერთი მეთოდიც შეიმუშავეს - ფილოსოფია და შედეგზე ორიენტირება მარტივია, მეთოდი კი – სარისკო: ეს „სალაფატკედ” გამზადებულები, შებინდებულზე, თითქოს ,,პანელზე“ გამოდიანო, ხან სკამმაგარ ჩინოვნიკებს ელაქუცებიან - ხომ იცი, საჭირო კაცი (კაცი არა, ის...) ვარო,  ხანაც - ოპოზიციას და ჟურნალისტებს აეტუზებიან დამწყები მრუშებივით - თუ რამე და, „ოცნება“  თუ გაიმარჯვებს, სიტყვა წამაშველე და თქვი, რომ თქვენზე ვმუშაობდი და ინფორმაციას გაწვდიდითო...

ოღონდ, არ თქვათ, ახლა, რომ გაგიკვირდათ!..