ბავშვებმა მას "დიმპიტაური ძია" შეარქვეს. ამბობს, რომ პატარებს მისი ეს სიმღერა ძალიან უყვართ და ქუჩაშიც ცნობენ. ის საქართველოში ალტერნატიული მუსიკის ფუძემდებლად მიიჩნევა: ჯერ კიდევ 24 წლის წინ ქუთაისში ჯგუფი - "აუტსაიდერი" ჩამოაყალიბა, რომელიც "ყველაზე უცნაურ" მუსიკას უკრავდა. "დიმპიტაური ძია" - ანუ რობი კუხიანიძე და ჯგუფის სხვა წევრები საკუთარ სათქმელსა თუ პროტესტს დღემდე მუსიკის საშუალებით გამოხატავენ.
- ბატონო რობი, საბჭოთა პერიოდში "ანდერგრაუნდ" ჯგუფის ჩამოყალიბება იოლი არ უნდა ყოფილიყო...
- რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ჯგუფის შექმნის დიდი სურვილი გვქონდა და ყველა ბარიერი გადავლახეთ. ეს ამბავი 1988 წელს დაიწყო. თან ვმეცადინეობდით, თან გემოვნება გვიყალიბდებოდა, გვყავდა პროდიუსერი, მენეჯერი... თავიდან ჯგუფს "ვისტი" ერქვა, მერე - "როვინციალი", "პროვინციალ ბენდი", ბოლოს კი "აუტსაიდერი" დავირქვით... 2 წლის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდით. ჯგუფის ჩამოყალიბება საკმაოდ ძვირი დაჯდა - 35 ათასი დოლარი დაგვჭირდა, რომ პრომოუშენი გაგვეკეთებინა; თანაც - საქართველოში კი არა, მოსკოვში. მახსოვს, პატარა ოთახი გვქონდა, რომელიც მუსიკალურ ყუთს ჰგავდა. მაშინ მუსიკას დიდი ბაბინებით ვუსმენდით. ჩვენი სარეპეტიციო დარბაზის ოთხივე კედელი კასეტებით, ფირფიტებითა და წიგნებით იყო დაფარული. "მოძრავი" ბიბლიოთეკა გვქონდა: მოვიდოდა ვინმე, მოეწონებოდა წიგნი, წაიღებდა და მის ნაცვლად, სხვა წიგნი მოჰქონდა. ამის გამო ჩვენთან წიგნები მუდამ იცვლებოდა.
მოსკოვში ყველაფერი მაღალ დონეზე გავაკეთეთ, ალბომი გამოვუშვით, პარალელურად კონცერტებსაც ვმართავდით. მაშინ მთელი ბალტიისპირეთის ქვეყნები მოვიარეთ. საქართველოდან მოსკოვში პირველად რომ ჩავედით, მეგობრის ნაჩუქარი მაისური მეცვა, რომელზეც ინგლისურად საბჭოთა ჯარის გინება ეწერა. აეროპორტში რომ ჩავედით, ჩვენმა მასპინძელმა ამ მაისურის დანახვისთანავე პერანგი გაიძრო და გადამაცვა. მითხრა: - თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ, ეს რა ჩაგიცვამთო?!. სანამ საქართველოდან წავიდოდით, აქ ეჭვის თვალით კი არა, ზიზღით გვიყურებდნენ, მაგრამ მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ყველა გადარეული დაგვხვდა, უკვე ყველას ვუყვარდით. - მაგრები ხართო, - გვეუბნებოდნენ, მაგრამ მათი სიტყვების არ მჯეროდა. მიკვირდა: - სანამ მოსკოვში წავიდოდით, დაგვცინოდით და მასხრად გვიგდებდით, ახლა რამ გადაგრიათ-მეთქი?!.
- 24 წლის განმავლობაში ალბათ, ჯგუფში ბევრი რამ შეიცვალა...
- საქართველოში 50 ადამიანი მაინც იქნება, რომლებიც ოდესღაც ჩვენთან უკრავდნენ. მათგან ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა, ზოგმაც - პროფესია გამოიცვალა. "აუტსაიდერში" მე დავუკრავ თუ სხვა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მთავარი ჯგუფის სახელი და წარსულია.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ ქუთაისელ მსმენელებს, როცა თქვენს სიმღერას უსმენდნენ?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენს ნამღერას ქუთაისელების მხრიდან უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია. თქვენ გგონიათ, ქუთაისში კონცერტებს დარბაზში ვმართავდით? არა, ბატონო! ყოველი თვის 8 რიცხვში ღია ცის ქვეშ ვაწყობდით კონცერტს. იმ უშუქობისა და უბედურების დროს აპარატურას ხელის ურიკით დავატარებდით. პატარა სცენას ავაწყობდით, აკუმულატორის საშუალებით განათებებსაც ვრთავდით და ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. "აუტსაიდერის" მაგალითზე მაშინ 8 ჯგუფი მაინც შეიქმნა, რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას უკრავდნენ. დღემდე ამბობენ, - 90-იან წლებში ქუთაისი ალტერნატიული მუსიკის ცენტრი იყოო.
- თქვენი სიმღერების უმრავლესობას უცნაური სახელწოდება აქვს...
- ჩვენი სიმღერებისთვის სახელი არასოდეს დაგვირქმევია. ამას ყოველთვის ხალხი აკეთებს. ერთხელ, ტელევიზიაში სიმღერების ჩამონათვალი მოგვთხოვეს და სირცხვილით სად წავსულიყავით, აღარ ვიცოდით. ახლა არ იკითხავთ, რა დაემართათ ტელევიზიის წარმომადგენლებს, როცა ეს ჩამონათვალი ნახეს?! ლამის მოსასულიერებლები გაგვიხდნენ!
- როგორ მიიღეს თბილისში ალტერნატიული მუსიკა?
- როცა კონცერტი თბილისში გავმართეთ, მსმენელმა შოკი მიიღო: ჯერ ფხუკუნი აუტყდათ, მერე გარეთ გაცვივნენ და კარიდან თავშემოყოფილები გვისმენდნენ. დიდი დაბნეულობა გამოვიწვიეთ. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სიმღერებით გამოხატული პროტესტი გაიგეს და მათი სიყვარული დავიმსახურეთ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. დროთა განმავლობაში იმდენი მოვახერხეთ, რომ ბარიერებს გადავახტით და პირდაპირ ხალხში "შევედით". კონცერტზე პირველად ვნახეთ, რომ სცენაზე ქალებმა საცვლები ამოყარეს. ამაში ხომ კარგი არაფერია, მაგრამ მივხვდით, ჩვენს პროტესტს საზოგადოებისგან გამოხმაურება მოჰყვა.
- როგორ ცხოვრობენ დღეს საქართველოში თქვენნაირი მუსიკოსები?
- ღვთის ნებითა და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობთ. ნურავინ იტყვის, რომ დღეს საქართველოში რომელიმე ჯგუფი ბევრ ფულს შოულობს, მაგრამ არც იმას უარვყოფ, რომ არის რამდენიმე მომღერალი, რომლებიც სახელმწიფოს დაკვეთაზე მუშაობენ და ამაში სოლიდურ თახას იღებენ. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სარფიანი პროფესია პოლიტიკოსობაა. ნახეთ, რა ხდება? - გამოჩნდა ვიღაც ფულიანი კაცი და ყველა მისკენ გარბის. თქვენ ნახეთ, ცოტა ხანში, მუსიკოსების სირბილი... მოკლედ, დიდი მიგრაცია დაიწყება (იღიმის).
- თქვენთვის არ უთხოვიათ, რომელიმე პოლიტიკურ ბანაკში ყოფნა?
- იყო ამის მცდელობაც... ბოლო დროს "აუტსაიდერი" რატომღაც, მოთხოვნადი გახდა. კონცერტზე რამდენიმე სიმღერის შესრულებაში საკმაოდ დიდი თანხა შემომთავაზეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიმღერის პარალელურად, ჩემი პოლიტიკური პოზიციაც უნდა დამეფიქსირებინა. ეს რომ გავიგე, - სულ კარგად იყავით-მეთქი, - ვუთხარი და წამოვედი... იყო პერიოდი, როცა ყველა მუსიკოსს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. პირადად მე, ამის გამო სმა დავიწყე, ვიღაც ქვეყნიდან გადაიხვეწა და ა.შ. იყო შემთხვევა, როცა ღამის გასათევი ადგილიც კი არ მქონდა და ბავშვთან ერთად, ქუჩაში ვიყავი. ნაცნობებთან მისვლაც აღარ მინდოდა. სმამ ძალიან ბევრი რამ დამაკარგვინა, პირველ რიგში კი საკუთარ თავს ვავნე. ჩემთან ერთად ბევრი ისეთი ადამიანი სვამდა, რომლებიც შვილისა და მამის ვინაობას არ ამხელდნენ, ცნობილი ხალხისთვის თავი რომ არ მოეჭრათ.
- ბატონო რობი, გქონდათ ოცნება, რომელიც აისრულეთ?
- ბავშვობაში მეგობრები ხშირად ვამბობდით, - ისე არ მოვკვდეთ, დედამიწას სამი წრე რომ არ დავარტყათო. ერის კულტურული განვითარება მოგზაურობაზეცაა დამოკიდებული. შენს მოქალაქეებს უნდა უქმნიდე იმის საშუალებას, რომ წელიწადში ერთხელ მაინც დატოვონ საქართველოს ფარგლები და სხვა ქვეყანა ნახონ. მე წავალ თუ არა, ეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი; გული მწყდება იმ ახალგაზრდების გამო, რომლებსაც მოგზაურობის საშუალება არა აქვთ... გიკითხავთ ბავშვებისთვის, რა ოცნებები აქვთ? პატარას რომ შეეკითხები: რა გინდა, გამოხვიდეო? გიპასუხებს, - პრეზიდენტიო. ბავშვი რომ ამას იტყვის, ე.ი. რაღაც რიგზე ვერ არის. ადრე პატარებს კოსმონავტობა უნდოდათ და ეს ვაჟკაცობის ნიშანი იყო, ახლა კი, რა ხდება?!.
- შემოქმედებით ასპარეზზე სიახლეებს არ უნდა ველოდოთ თქვენგან?
- კლიპის გადაღებას ვაპირებ ნუცა კუხიანიძესთან ერთად. ასევე მსურს, ერთ უცნობ მოზარდთან ერთად სიმღერა ჩავწერო. ის ბავშვი სრულიად მარტოა და მინდა დარწმუნდეს, რომ ძალიან ნიჭიერია. სხვათა შორის, 21 წლის გოგონაა და უკვე 2 შვილი ჰყავს. იმედია, ყველა გეგმას შევასრულებ.