შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე მთავარ პროკურატურაში სარჩელია შეტანილი. მოსარჩელე – მოძრაობა “სოლიდარობა პოლიტპატიმრებს” ხელძღვანელი ეკა ბესელიაა. საქმე ეხება 2009 წლის 6 მაისის და 15 ივნისს აქციების დარბევის ფაქტებს, როდესაც ახალგაზრდული ორგანიზაციები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მართავდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.
როგორც მოსარჩელე ამბობს, ახალგაზრდები კანონის სრული დაცვით, შენობიდან მოშორებით, გზის მოპირდაპირე მხარეს მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ რეპრესიებსა და დაპატიმრებებს. სამმართველოდან მოულოდნელად გამოვარდა 300-მდე პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, რეზინისა და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნიღბიანი პირი.
დაიწყო არნახული დარბევა, პოლიციელებმა არ დაინდეს არც გოგონები და არც იქ მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც ასრულებდნენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. წაართვეს მათ კამერები და ვიდეო მასალა. სასტიკად იქნა ნაცემი 40-ზე მეტი ახალგაზრდა, მათ შორის - ირაკლი ალასანიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მძიმე დაზიანებებით იყო გადაყვანილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ასევე – საავადმყოფოში იყო მოთავსებული რამდენიმე ადამიანი.
15 ივნისს დარბევის დროს პოლიციის, სპეცრაზმისა და საპატრულო სამსახურის თანამშრომლების მიერ სულ ნაცემი იყო 100 ადამიანი, დაკავებული - 5 ახალგაზრდა. მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულობები:
შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გასცა დანაშაულებრივი ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის თაობაზე და სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 332 მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
პოლიციის თანამშრომლების ქმედებაში იკვეთება 332-ე მე-3, 144(1) წამება, 144(3) (დამამცირებელი და არაადამიანური მოპრობა), 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება), 153-ე (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა), 156-ე (დევნა), 161 (2) (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, როგორც მოსარჩელე სარჩელში მიუთითიებს, უნდა დაიწყოს გამოძება და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უნდა მიეცეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი.
“სსსკ 18, 24, 261 მუხლების თანახმად, ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და დარბევაში მონაწილე ყველა პირის სს პასუხისმგებაში მიცემას საქართველოს სსკ 332, 144, 147, 153, 156, 161, 154 მუხლებით,” - აცხადებს პრესა.გე–სთან საუბრისას ეკა ბესელია.
მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარია შეტანილი - საქმე ეხება 2009 წლის 6 მაისს, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის დარბევას. აქცია თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან რევაზ რევაზიშვილის, მელორ ვაჩნაძის და გიორგი ონიანის მხარდასაჭერად მოეწყო. ბესელიას თქმით, ისინი უკანონოდ იყვნენ დაკავებული და მათზე ხორციელდებოდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა. საზოგადოების მიერ მათი გათავისუფლების მოთხოვნით
გაიმართა მშვიდობიანი აქცია.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც გიორგი (უცნობი) გაჩეჩილაძე ფურცლით ხელში გადავიდა ღობიდან სამმართველოს ეზოში, პოლიციელებმა მოახდინეს მასზე სასტიკი ფიზიკური ზეწოლა, უმაწყალოდ ცემეს, რის გამოც მოხდა სიტუაციის ესკალაცია. პოლიციის სამმართველოს ეზოდან პოლიციელებმა და ნიღბიანმა პირებმა დაიწყეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალადობა, ურტამდნენ რეზინის ხელკეტებს, ხოლო სამმართველოს შენობიდან კი პროფესიონალი სნაიპერები ისროდნენ რეზინისა და ე.წ. “პლასტმასის” ტყვიებს.
სწორედ ასეთი ტყვიების მოხვედრის მოხვედრის შედეგად დავით ჩანტლაძემ დაკარგა თვალი, ხოლო ირაკლი ხომასურიძემ მიიღო თვალის მძიმე დაზიანება. გიორგი გაჩეჩილაძეს მარცხენა მერვე ნეკნის მოტეხილობა და თავის ქალის გარეთა ნაწილის მრავლობითი ჰემატომები აღენიშნებოდა. ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გამყრელიძემ, გია მაისაშვილმა და შალვა ობგაიძემ მიიღეს თავის არეში მძიმე დაზიანებები.
თავდაპირველად შსს უარყოფდა არალეტალური ან სხვა რაიმე ტიპის ტყვიების გამოყენებას, მაგრამ მოგვიანებით შს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დაადასტურა, რომ გამოიყენა ALSL6 ტიპის იარაღი, რომელიც ისროდა რეზინის ტყვიებს, გარდა ამისა, გამოყენებული იქნა FN303, რომელიც ისვრის არალეტალურ ტყვიებს და რომელსაც მოქალქეებს სწორედ თავის არეში დამიზნებით ესროდნენ.
აღნიშნული სარჩელი დიდი ხანია, რაც პროკურატურაში შევიდა, თუმცა ერთადერთი პასუხი, რაც ბესელიამ პროკურატურიდან მიიღო, არის ის, რომ ეს საჩივარი გადაეგზავნა საგამოძიებო უწყებას. თუმცა, რომელ უწყება იძიებს მერაბიშვილის წინააღმდეგ შესულ საჩივარს, ამას მთავარი პროკურატურა საგულდაგულოდ მალავს. რა ეტაპზეა აღნიშნული საქმე და ვინ არის საქმის გამომძიებელი, ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში კომენტარი არ კეთდება.
“არანარი გამოძიება არ დაწყებულა. ფორმალურად გვეცნობა ის, რომ საჩივარი მიღებულია და ქვემდებარეობისამებრ გადაეგზავნა საგამოძებო განყოფილებას. მაგრამ, ამის შემდეგ ერთი საგამოძიებო მოქმედება არაა ჩატარებული. კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც ასეთ შემთხვევაში სავალდებულო წესით იწყება დაუყონებლივი წინასწარი გამოძიება.
“ბოლო პერიოდში მთავარი პროკურატურის პოლიტიკაა, არ მოახდინოს რეაგირება განცხადებებსა და საჭივრებზე. ეს არის ადეიშვილის უწყების პირდაპირი პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებდა მაშინ, როდესაც იყო გენერალური პროკურორი და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია დღესაც,” - ამბობს ბესელია.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმეს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, სარჩელი უკვე გაიგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.
“დაზარალებულების სახელით გაიგზავნა განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, სადაც მითითებულია: “იმის გამო, რომ ქვეყნის შიდა სამართალდამცავი ორგანოები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ ატარებენ გამოძიებას, არ იკვლევენ ამ ფაქტებს, ვერ ხერხდება სამართლებლივი ინსტანციების გავლა იმისთვის, რომ შემდეგ მივმართოთ ევროსასამართლოს, როგორც უკვე ბოლო ეტაპს”.
“ასეთ შემთხვევაში ევროსასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი არის სწორედ ის, რომ ხელოვნურად ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება. იცით, რომ ევროსასამართლოში პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი არ იხილება. იქ მოპასუხე მხარე არის მთავრობა და სწორედ ამიტომ გახშირდა ბოლო პერიოდში პატიმრების მიმართ ზეწოლა,” - აცხადებს ეკა ბესელია.
ა/ო “კანონი ხალხისათვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო წინასწარი გამოძიება, ვინაიდან, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახეზეა დანაშაული.
“არის ეჭვი, და ეს ეჭვი დასაბუთებულ ვარაუდს ეფუძნება, რომ ეს ბრძანება ვანო მერაბიშვილის მიერ იყო გაცემული, ამ ბრძანების გაცემაში არა მარტო მერაბიშვილი იღებდა მონაწილეობას, არამედ ქვეყნის პირველი პირი და მთავარი პროკურორიც იყო ჩართული. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ორგანიზებულ გადაწყვეტილებასთან, რომელშიც მონაწილეობდა პირთა წრე.
საქართველოში ყველა უწყება თავის ადგილზე რომ იყოს, მაშინ დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს რომელი პირის მიმართ არის ეს დანაშაულის ნიშნები აღმოჩენლი, პროკურატურა ვალდებულია, რომ გამოძიება აწარმოოს. მაგრამ, თქვენ იცით, რომ ჩვენთან პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურა არაა და ამ შემთხვევაში მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურა აღძრავს საქმეს ან დაიწყებს წინასწარ გამოძიებას და გამოავლენს ეჭვმიტანილ პირებს, ნაკლებად არსებობს,” - ამბობს პრესა.გე–სთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.