მედპერსონალს პერსონალური დაპირება გამოუწერეს

მედპერსონალს პერსონალური დაპირება გამოუწერეს

მთავრობა პირველი სექტემბრიდან ექთნებს ხელფასების მომატებას პირდება.

აქ ორი მომენტია საინტერესო. ჯერ ერთი, ხელისუფლება კერძო კომპანიების და მათი თანამშრომლების ურთიერთობაში რატომ ერევა, აკი, მათი მტკიცებით, ყველაფერს ბაზარი არეგულირებს? და მეორეც პრეზიდენტიდან მოყოლებული მინისტრით დამთავრებული მერამდენედ უნდა დაპირდნენ მედპერსონალს უკეთეს მომავალს?

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თეთრიწყაროში ახლადგახსნილ კლინიკაში სტუმრობისას საარჩევნო მანევრი ჩაატარა. მას გვერდს უმშვენებდა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელიც პრემიერის ყველა ინიციატივას კვერს უკრავდა.

“ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ექთნებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ და ახლა ჩვენ სადაზღვეო კომპანიებთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, ექთნებისთვის ხელფასის მომატების საკითხს ვაყენებთ. ჩვენ გვინდა პირველი სექტემბრიდან ექთნებისთვის ხელფასები გაიზარდოს. ამავე დროს, გვინდა, ექიმებისთვის ხელფასების მომატებაც რადგან მომართვიანობა იზრდება, დატვირთვა მატულობს, ამიტომ ეს აუცილებელია”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ამ ორიოდე კვირის წინ ახალი საავდმყოფოების მფლობელი სადაზღვევო კომპანიების მიერ უსამართლოდ დაჩაგრული მედპერსონალის ქომაგად პრეზიდენტი სააკაშვილიც მოგვევლინა. მისი აზრით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა.

„ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს, ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს, ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს?

ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოკლედ, სააკაშვილი საკუთარ თავსა და გუნდს ოპოზიციაში ჩაუდგა და პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა, სავარაუდოდ, საკუთარი გუნდის წვრილფეხობას შეაწმენდს. საქმე ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი საავადმყოფოების ხელმძღვანელების მიმართ მკაცრი მითითებით გამოდის, მაგრამ სამწუხაროდ ვითარება ოდნავადაც არ იცვლება. სწორედ ამის დასტურია ის, რომ პრემიერი მერაბიშვილი დღესაც საპრეზიდენტო მელოდიას იმეორებს.

მაგალითად, “საქსტატის” 2012 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 149 ლარია. ქობულეთელი ექიმების საშუალო ხელფასი კი 100-იდან 120 ლარამდე მერყეობს. ეს ინფორმაცია სტუმრად მყოფ ჯანდაცვის მინისტრს თავად ექიმებმა მოახსენეს. ასეთი ინფორმაციის მომსმენი ჭიაბერაშვილი, იმდენად გაოცებული დარჩა, რომ ექიმების საპასუხოდ სიტყვებსაც ვეღარ პოულობდა.

საავადმყოფოებისა და იქ დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც”:

“ჭიათურის საავადმყოფო 25 საწოლიანია. მისი მფლობელი სადაზღვევო კომპანია „ირაოა“. საწოლების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რადგან მანამდე ჭიათურაში 205 პაციენტისათვის განკუთვნილი ორი პოლიკლინიკა და საბავშვო საავადმყოფო არსებობდა. შესაბამისად, როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, პაციენტებისათვის ადეკვატური მომსახურების გასაწევად საჭირო საწოლების რაოდენობა არ არის. ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში მხოლოდ 25 საწოლი და ერთი საოპერაციოა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭიათურის მაღაროებში 4000 ადამიანი მუშაობს. რაიმე სახის უბედური შემთხვევის დროს, საავადმყოფო პაციენტების მომსახურებას ვერ გაწვდება. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ თითქოსდა ჭიათურის საავადმყოფო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. ექიმებმა კი გვითხრეს, რომ მათ ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ გააჩნიათ. 

ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქირურგმა, შესაძლოა, ოპერაციის ჩატარების შემდეგ 1,700 ლარამდე მიიღოს. ამ დროს კი ქირურგებმა აღნიშნეს, რომ მათი ხელფასი თვეში  160-დან 370 ლარამდეა.

დაბალი ხელფასი ექიმებს მხოლოდ ჭიათურაში არა აქვთ. ბოლო პერიოდში ზუგდიდში სამსახურიდან გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც  ადგილობრივი საავადმყოფოს მფლობელის, კომპანია „ალდაგის“ მიერ გადახდილი დაბალი ხელფასი გააპროტესტა”.