მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, 1994 წელს ბაგრატისა და გელათის ტაძრების შეტანის ირგლივ for.ge შეხვდა და ესაუბრა პოლიტიკური პარტია “თეთრების“ ლიდერს თეიმურაზ შაშიაშვილს, რომელიც 1994 წელს ქალაქ ქუთაისის მერი იყო.
ვისი იდეა იყო ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიაში შეტანა?
თეიმურაზ შაშიაშვილი: ეს პირადად ჩემი იდეა იყო. იუნესკოში პირველი წერილის გაგზავნამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დავეთათბირე. ეკლესია ბაგრატის აღდგენის მომხრე იყო. მეც ამავე პოზიციაზე ვიყავი - საქართველოს ერთიანობის ტაძარი არ შეიძლებოდა დანგრეული ყოფილიყო.
ვინ იყო ამ საქმეში თქვენი თანამდგომი?
-პეტრე მეტრეველი, რომელიც მაშინ საქართველოში იუნესკოს წარმომადგენელი გახლდათ (ის ახლა სააკაშვილის თანაშემწეა) და ცნობილი მეცნიერი გია შაიშმელაშვილი. 1993 წელს, იუნესკოში პირველი წერილის გაგზავნის შემდეგ ქუთაისში იუნესკოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ჩემი მოწვევით იუნესკოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ფედერიკო მაიორიც იყო ჩამოსული, ყველაფერი დავათვალიერებინეთ, მათ შორის მოწამეთაც; შევთანხმდით, რომ მოწამეთაზე მოგვიანებით ვიზრუნებდით.
გია შაიშმელაშვილი მცხეთის რესტავრაციაზე მუშაობდა. მან ითხოვა იუნესკოში სვეტიცხოვლის წარდგენა მომხდარიყო. პირველად იუნესკოში ჩვენ სამნი ჩავედით, სადაც რამდენიმე ნაწილიანი, ხანგრძლივი და ცხარე კამათი გვქონდა.
რა მოთხოვნები ჰქონდა მაშინ იუნესკოს?
-ტაძრის პირვანდელი სახის ზუსტ მონაცემებს თუ წარვადგენდით, იუნესკო ბაგრატის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავდა. ედუარდ შევარდნაძეს ვუთხარი, რომ ეს კონკრეტული საკითხი ეკლესიის გადასაწყვეტი იყო. მართალია მაშინ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმებული არ გახლდათ, მაგრამ იყო საკითხები (ახლაც ასეა), რომლებიც ეკლესიას უნდა გადაეწყვიტა. მათ შორის ბაგრატის აღდგენის საკითხი.
სანამ ბაგრატს იუნესკოს სიაში შეიტანდნენ, პარიზში გახლდით ჩასული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ხელმძღვანელს ფედერიკო მაიორს ჩავუტანეთ პრეზიდენტ შევარდნაძისა და საქართველოს პატრიარქის წერილები, რაც მოგვიანებით გაზეთ “ახალ ქუთაისში“ დაიბეჭდა. მისი უწმინდესობა იუნესკოს სთხოვდა ხელი არ შეეშალათ, თუ ჩვენს ქვეყანას ბაგრატის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემოდა.
ბაგრატის აღდგენასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ერთიანი იყო?
-ერთიანი აზრი არ იყო, მაგრამ დღევანდელისგან განსხვავებით, მივაღწიეთ იმას, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არ მომხდარა. მეცნიერთა დიდი ჯგუფი თათბირობდა არა სახელმწიფო კანცელარიაში, ან პრეზიდენტთან, არამედ ბაგრატთან და გელათთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა და წყდებოდა მხოლოდდამხოლოდ პატრიარქთან.
ვინ გამოდიოდა ღიად ბაგრატის აღდგენის წინააღმდეგ?
-ყველა ცნობილი მეცნიერი აღდგენას ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი და სხვები, აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. ისინი ძეგლის კონსერვაციას მოითხოვდნენ.
რა არგუმენტი ჰქონდა ეკლესიას, თავისი პოზიციის გასამყარებლად?
-ეკლესია არქიტექტორ-რესტავრატორ ვახტანგ ცინცაძის პოზიციას იზიარებდა - თუ ზუსტ ანალოგიას მივაგნებთ, უნდა აღვადგინოთ და თუ ვერ მივაგნებთ, მაშინ ბაგრატზე ერთი არასწორად დადებული ქვაც კი დიდი ცოდვა იქნებაო. მოგეხსენებათ, რომ ბაგრატის ტაძრის კარიბჭეს რესტავრაცია ვახტანგ ცინცაძემ ჩაუტარა. ხუთი თვე მეც ვეხმარებოდი, ყველა ქვის მთლელი ვიცი, ვინც ჭოგნარიდან ჰყავდა ჩამოყვანილი. მათ ოჯახებშიც ნამყოფი ვარ. ვხედავდი ბატონი ვახტანგი თითოეულ ქვას როგორ ელოლიავებოდა.
იუნესკოში ერთად რატომ შეიტანეთ გელათი და ბაგრატი?
-ასე გადავწყვიტეთ, რადგან ბაგრატის ტაძრის და გელათის სამონასტრო კომპლექსის აშენების დრო ერთმანეთთან ახლოსაა და თან, ორივე ტაძარი ქუთაისშია. იუნესკოს სიაში ბაგრატი, გელათი და სვეტიცხოველი ერთდროულად, ასეთი ნუმერაციით შევიდა - 418-ე, 419-ე, 420-ე.
იმ დროისთვის იყო რომელიმე ძეგლი იუნესკოს სიაში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან?
-ქალაქის სუზდალი იყო შეტანილი, თუ შეჰქონდათ, ეს ზუსტად აღარ მახსოვს.
როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ მეუფე კალისტრატეს - ვინ იყო მისთვის აღმაშენებელი?
-პირდაპირ ასე ამბობდა - ვინც დაიწყო გელათის და ბაგრატის საკითხი და ვინც ტაძრის აღდგენას დაასრულებს, ის არის ჩემთვის დავით აღმაშენებელი. ამაზე ჩემს სათქმელს ყოველთვის ვეუბნებოდი. 2003 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას ბაგრატის ტაძარში და მის გარშემო უამრავი ადამიანი ვიყავით, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქი და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქი. მეუფე კალისტრატემ გამოიტანა ტექსტი (ჩვენ ამაზე მოლაპარაკება გვქონდა), რომელზეც ხელმოწერითაც ჩვენ ყველანი პასუხისმგებლობას ვიღებდით ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე.
ვისი პროექტით აპირებდით ბაგრატის აღდგენას?
-2000 წელს საუკეთესო პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოვაცხადეთ. ორად ორი პროექტი წარმოადგინეს - ერთი ვანო გრემელაშვილმა და მეორე კახა ქორიძემ.
ანუ იმ პროექტზე საუბრობთ, რომლითაც ახლა ბაგრატზე სამუშაოები მიმდინარეობს?
-დიახ, იმ პროექტზე, რომლითაც ახლა ბაგრატის გადახურვა მიმდინარეობს. ვანო გრემელაშვილის პროექტი 30 000 დოლარით დავაფინანსეთ. ბაგრატის გარშემო ატეხილი აურზაურის შემდეგ თქვენ ხართ პირველი ჟურნალისტი, ვინც ამ პერიოდთან დაკავშირებით კითხვები დამისვა.
კახა ქორიძემ თანამედროვე პროექტი წარმოადგინა, ხოლო ვანო გრემელაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი პროექტით აღდგენილი ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა. იუნესკომ ორივე პროექტი დაიწუნა; თქვეს - “არ გრცხვენიათ? თქვენივე ძეგლებს ებრძვით! როგორ შეიძლება ან ერთით ან მეორით ბაგრატის აღდგენა?! პატრიარქის სახელზე წერილს ვამზადებთო“.
ჩემი თხოვნით წერილის გაგზავნისგან თავი შეიკავეს. მის უწმინდესობას შევხვდი და იუნესკოს პოზიციის შესახებ დაწვრილებით მოვახსენე. პატრიარქმა ბრძანა, რომ იუნესკოსთან მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა.
ბატონი ვანო ერთწლიან დაფინანსებას გვთხოვდა - თურქეთში გადავალ, ტაოს ძეგლებზე სერიოზულად ვიმუშავებ, რაც ბაგრატის პირვანდელი სახით აღდგენაში დიდ დახმარებას გაგვიწევსო.
იუნესკოსთან მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, მაგრამ სხვაგვარად, ერთი ხელის მოსმით ასეთი რთული საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია. ამ პროცესში საკმაოდ დავახლოვდით და 1996 წლის 21-27 მაისს პარიზში, იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეები გაიმართა. მთავარი მასპინძელი ფედერიკო მაიორი გახლდათ. მაშინდელი “მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლები (დღესაც მმართველ პარტიაში, რომ არიან) ათასგვარი მეთოდებით (გაზეთებში წერილების დაბეჭდვით, მაკონტროლებელი ორგანოების ქუთაისზე შემოსევით) ცდილობდნენ პარიზში ქუთაისის დღეების აღნიშვნის საქმეში ჩემთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ეგ კი არა, 2000 წელს, ბაგრატის კომპლექსის ტერიტორიაზე, ლეონ მეფესთან დაკავშირებული წმინდა გიორგის პატარა ეკლესია იმჟამად არსებული წესის და კანონის დაცვით ხარაჩოებში ჩავსვით, აღდგენა მინდოდა და ამაზე გაგიჟდნენ, გადაირივნენ, ერთი ამბავი ატეხეს და ხარაჩოები ჩამომახსნევინეს - სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ ბაგრატის აღდგენასთან არანაირი კავშირი არ მქონოდა.
თავი მოგვაბეზრეს იმის ძახილით, რომ ქურდულ სამყაროს ებრძვიან. ახლა მე ერთ კონკრეტულ მაგალითს გიამბობთ, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით და მერე თქვენმა მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა, რამდენად რეალურია “ნაცმოძრაობის“ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა.
რა კავშირშია ერთმანეთთან ბაგრატის ტაძარი და ქურდული სამყარო?
-ბაგრატის ტაძრის კომპლექსი ეკალ-ბარდებში იყო გახვეული. ქუთაისის ქალაქქკომის მდივანმა, მამუკა ასლანიკაშვილმა 1986 წელს დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გაყვანა, მეექვსე საშუალო სკოლაც დაანგრია, რომელიც ბაგრატის ერთ-ერთ ხედს ფარავდა. მე იმავე თანამდებობაზე 1989 წლიდან მივედი და მისი დაწყებული საქმე გავაგრძელე.
საათობით ვიჯექი თითოეულ ადამიანთან, რომლებსაც სახლები ეკლესიის მიწაზე ჰქონდა აშენებული. ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიიდან უამრავი ოჯახი გავასახლეთ, მათ შორის ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) პატივსაცემი ადამიანები. ამის მოწმეა მეუფე კალისტრატე, რომელიც მაშინ საკვირველი სიტყვებით მეც მამკობდა, მაგრამ დღეს აღარაფერს იხსენებს. მოხარული გახლავართ, ახლა პრეზიდენტ სააკაშვილსგან შერისხული, რომ ვარ, მაგრამ მეუფეზე გული მწყდება, უკადრისს, რომ კადრულობს და სააკაშვილს აღმაშენებლს უწოდებს.
სწორედ სააკაშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა მისცეს “კანონიერ ქურდს“ ბაგრატის ტაძართან სახლის აშენების უფლება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი, სასამართლოსაც კი მივმართე, სახლის მშენებლობა შევაჩერებინე, მაგრამ, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჩემი თანამდებობა “ნაცმოძრაობის“ წევრმა დაიკავა, “კანონიერ ქურდს“ სახლი დაასრულებინეს. ამაზე თანხმობა მეუფე კალისტრატემაც მისცა, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს - სანამ მეუფესთან მივიდოდნენ, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან შესაბამისი ნებართვა აიღეს და ასე დაითანხმეს მეუფე.
ამ ბოლო პერიოდში, აწ განსვენებული ვანო გრემელაშვილის გამოსვლა მოვისმინე, ბაგრატის ქვები ვიპოვეთო, - ამბობდა. არადა, რეალურად ამ ქვების მოგროვება ოთხმოცდაათიან წლებში დავიწყეთ. პოეტმა ლილი ნუცუბიძემ თავის ხელით მომიტანა ორი ქვა, რომელიც სახლში ჰქონდა წაღებული. ასევე მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებსაც ბაგრატის ტაძრის ქვები სახლებში ჰქონდათ გატანილი.
მეტსაც გეტყვით - ერთ-ერთი სახლი შევისყიდეთ, რათა ეკლესიისთვის გადაგვეცა, მაგრამ ამ პროცესს ხელი მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა - მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და სახლის გადაფორმების ნება არ მოგვცა. სააკაშვილი და მისი ამფსონები ჩემზე ამერიკაში ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ძველის პატივისმცემელია, ახალი არ აინტერესებსო და ძველ ორგანიზაციებში, მაგალითად, იუნესკოში და სხვაგან კიდევ არწმუნებდნენ, რომ განდიდება მინდოდა და ამისთვის ვაკეთებდი ყველაფერს.
ბაგრატზე ზარი ჩვენ დავაყენეთ, წირვა-ლოცვაც ჩვენს დროს აღდგა, რაც დიდი საქმე იყო, რადგან დანგრევის შემდეგ ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა არასდროს ჩატარებულა. ამ საქმეში მეუფემ ძალიან დიდი როლი ითამაშა, ისევე, როგორც მამა ზინობმა (ჟვანია), რომელიც შემდეგ ბაგრატს მოაცილეს.
რა თანხა იყო გათვალისწინებული ბაგრატის აღდგენისთვის? 1994-ში ხომ ბაგრატის აღდგენის ფონდიც შეიქმნა.
-წარმოდგენილი პროექტით ბაგრატის აღდგენას ორი მილიონი სჭირდებოდა. ჩანაწერიც არსებობს, რომელშიც მეუფე კალისტრატე მიმართავს შევარდნაძეს და ეუბნება, რომ ორი მილიონია ბაგრატის აღდგენისთვის საჭიროო.
როგორ აფასებთ ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას, ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან მიმართებაში?
-მე ვრჩები ვახტანგ ცინცაძის მოსაზრების მომხრედ, რომელსაც ყოველთვის იზიარებდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბატონი ვახტანგის სიტყვებს, რომ ერთი შეცვლილი, არასწორად დადებული ქვაც კი იქნება დიდი ცოდვა ქვეყნის წინაშე და ამის გაკეთების უფლება არავის აქვსო. აი, ეს არის ჩემი პოზიცია.