სააკაშვილი ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას ულოცავს: რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა

სააკაშვილი ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას ულოცავს: რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას ულოცავს. 

"ბერა,გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვეტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე,სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს,1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე...

თუ გინდა,  გაიგო როგორია, ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ,უფრო უკეთესი-შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს, სადაც ბებია და შვილიშვილი 3-ოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ იმიტომ, რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი "ზომიერი" ულუფა..

ისე კი, გისურვებ ბედნიერებას“!, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც რეპერი წერდა, რომ ზომიერება მისი ოჯახის დაუწერელი კანონია. 

„დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?! 

ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება“ დაწერა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა მისი და ნანუკა გუდავაძის ქორწილის შემდეგ.