"მოხსენით თქვენი კანდიდატი, ხომ იცით რომ არაფერი არ გამოვა" - პაატა ბურჭულაძე გორში მოსახლეობას შეხვდა და ტრიბუნიდან "ქართულ ოცნებას" მიმართა

პაატა ბურჭულაძე საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. მსოფლიო ბანი გორში ამომრჩეველს შეხვდა სადაც განაცხადა, რომ  ქართველმა ერმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.

ბურჭულაძემ ქვეყანაში მიმდინარე და არსებული ვითარება შეაფასა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის განმავლობაში თავიანთი უმოქმედობის შედეგად ხალხის ნდობა დაკარგა.

მსოფლიო ბანს მიაჩნია, რომ ყოფილმა პრემიარმა ბიძინა ივანიშვილმა გვერდიდან ყველა ჭკვიანი ადამიანი ჩამოიშორა, რადგან მას მხოლოდ მონები სჭირდება. ბურჭულაძე ვითარებას როგორც საზოგადოების ნდობით დაკარგული მთავრობის არჩევნებად აფასებს.

„როგორ მოახერხა ამ მავნებელმა მთავრობამ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობის დაკარგვა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან. როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში. როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი?! მე მინდა ვთხოვო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი  არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ იავნანაში და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.