შკლიაროვის ბლოგი საქართველოს არჩევნებზე,  საზოგადოების ზომბირებას, დაშინებას და მოსალოდნელი გადატრიალებისათვის მის ფსიქოლოგიურ შემზადებას ემსახურება

შკლიაროვის ბლოგი საქართველოს არჩევნებზე, საზოგადოების ზომბირებას, დაშინებას და მოსალოდნელი გადატრიალებისათვის მის ფსიქოლოგიურ შემზადებას ემსახურება

საქართველოში ერთგვარი „შკლიაროვიზაცია“ დაიწყო. ბევრს  საუბრობენ გრიგოლ ვაშაძის მიერ დაქირავებულ მთავარ საარჩევნო კონსულტანტზე  ვიტალი შკლიაროვზე. როგორ აფასებენ ანალიტიკოსები და ექსპერტები  გაერთანებული ოპოზიციის მიერ რუსი პიარ -კონსულტანტის დაქირავების ფაქტს.  ამ თემაზე თავისი მოსაზრება აქვს ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს. 

გრიგოლ ვაშაძის პიარ -კონსულტანტის, ვიტალი შკლიაროვის  ბოლო ბლოგმა საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციაზე, საკმაო ვნებათაღელვა და განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? 

როდესაც ბლოგის კითხვა დავიწყე, ყურადღება მივაქციე, რომ ამჯერად შკლიაროვმა ქამელეონივით ტყავი იცვალა და პოლიტოლოგ-ამერიკანისტად მოგვევლინა. ეს  ალბათ იმისათვის. რომ როგორმე „რუსული შლეიფი“ დაემალა.  თუ დავაკვირდებით, მისი  პასაჟები საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე  სრულ უნისონშია იმასთან, რასაც მასზე ადრე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის“ სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობის“ ფაქტობრივი ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა. მან  თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებდა რევოლუციას, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვებას არ გაუფორმებდა.  თავად ვაშაძემ კი  გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში დიპლომატია გვერდზე გადადო და პირდაპირ ისაუბრა ათასობით ხალხის ქუჩაში გამოყვანასა  და ისეთ თემებზე, რაც არც მშვიდობიანი პოლიტიკური ცხოვრების და არც ოპოზიციური პრეზიდენტის და მმართველი პარტიის „კოჰაბიტაციის“ დასავლურ სცენარში არ ჯდება. 

შკლიაროვის ბლოგში ლამის სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა სააკაშვილის „აღმშენებლობაზე“ და „ქართული ოცნების“ მიერ „დაკარგულ“ 6 წელზე. ამ ბლოგის მთავარი მიზანი ჩემი აზრით,  მოსახლეობის ფსიქოლოგიურად შემზადება იყო იმისთვის,  რომ არჩევნები გაყალბდება და შესაბამისად,  რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა გარდუვალია. გათვლა იმაზეა, რომ ეს გზავნილი დაზაფრავს ხალხს. რაღაც ნაწილი, ძირითადად სალომე ზურაბიშვილის მომხრეები დაშინდებიან, არჩევნებზე არ წავლენ.  ამით კი თავისებურ „საინფორმაციო დივერსიას“ უწყობენ საქართველოს ელექტორატს. 
თუ დავსვამთ კითხვას, როგორც ძველი რომაელები-  „ Qui Prodest” ანუ,  „ვის აძლევს ეს ხელს“, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ  საქართველოში რევოლუცია ხელს აძლევს მხოლოდ მის არაკეთილმოსურნეებს და რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა  რუსეთს, რადგანაც ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის შემთხვევაში, საქართველო დემოკრატიის კუთხით,  მინიუმ 15 წლით უკან გადასროლილი აღმოჩნდება.  დიდი ხნით გადაიდება მისი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. საქართველომ ხელახლა უნდა უმტკიცოს დასავლეთს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა და ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციური გზით გადაბარება შეუძლია. ასე რომ შკლიაროვი და მისი ბლოგი ვის ინტერსებს ემსახურება, ძალიან კარგად ჩანს. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებიც პრო-დასავლურობაზე აცხადებენ პრეტენზიას და სავარაუდოდ, არც ფინანსების და რესურსების დეფიციტს  განიცდიან, რატომ დაიქირავეს მაინცადამაინც შკლიაროვი და მისი ჯგუფი და არა, რომელიმე ამერიკული ან ევროპული კომპანია?
ვფიქრობ,  მათ სწორედ იმიტომაც დაიქირავეს შკლიაროვი და მის ჯგუფი, რომ ევროპული და ცივილური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას არც აპირებდნენ. სურდათ ოპონენტის მიმართ ეწარმოებინათ სწორედ ისეთი კამპანია, როგორსაც ამჟამად აწარმოებენ და  ევროპელები უკვე ღიად გმობენ. 

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვიტალი შკლიაროვი შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებთან იყოს დაკავშირებული და შესაბამისად,   მათი  გავლენის აგენტი  იყოს საქართველოში? 

ჩემის აზრით,  ვიტალი შკლიაროვი და მისი გუნდი საქართველოში იმავე მიზნებით და იმავე ხაზით არის ჩამოსული, რომლითაც 1999 წელს „მოქალაქეთა კავშირმა“  შავი პიარის და საარჩევნო ტექნოლოგიების დიდოსტატი, ალექსეი სიტნიკოვი და მისი ფირმა- „იმიჯ-კონტაქტი“ ჩამოიყვანა. მკითხველს შევახსენებ, რომ შკლიაროვი და მისი ჯგუფი საქართველოში აპრილიდან იმყოფება. 
მათი მთავარი მეთოდია საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ამომრჩევლის ზომბირება. დღეს სოცქსელების და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამ ზემოქმედების ეფექტი აუდიტორიაზე,  კიდევ უფრო გაზრდილია.  
ჩვენ არ ვიცით, ვაშაძის კონსულტირების გარდა კიდევ რით არის საქართველოში დაკავებული შკლიაროვი და მისი ხალხი.  ისევე როგორც სიტნიკოვის „იმიჯ კონტაქტი“, რომელიც როგორც  მოგვიანებით გაირკვა,  საარჩევნო კონსალტინგის გარდა სხვა საქმეებითაც იყო   დაკავებული, რასაც   საერთო არაფერი  ჰქონდა არჩევნებთან.

დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყოფნისას შკლიაროვი  და მისი ხალხი, საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ ინფორმაციას შეკრებდა აქაური პოლიტიკური ცხოვრების ქვედინებებზე.  გაიგებდნენ ისეთ დეტალებს, რასაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შეიტყობ. ასეთი ტიპის ინფორმაციაზე კი დამშეული არიან სპეცსამსახურები.  ის განცხადებები, რასაც შკლიაროვი აკეთებს საქართველოს არჩევნებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოების ზომბირებას, დაშინებას და მოსალოდნელ გადატრიალებისათვის მის ფსიქოლოგიურ შემზადებას ემსახურება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.