1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“არაა საჭირო ეს ორიგინალობები და ახალი საოცრებების გამოგონება – მე როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავს უფლებას ვაძლევ სრული პასუხისმგებლობით ვთქვა – 9 აპრილს ადამიანები დაიღუპნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მიზანმიმართულად ჯარის მიერ შექმნილი ჭყლეტვის დროს ასფიქსიით, ნიჩბებისგან მიყენებული ჭრილობებისგანაც და მომწამვლელი გაზის ზემოქმედებისგანაც. ეს არაერთხელ დადასტურდა უკვე და ისიც რომ აქციის დაშლა იყო მიზანმიმართულად სადამსჯელო. სადისტურად გვისწორდებოდნენ მაშინ ფარებით და ორლესური ნიჩბებით აღჭურვილი რუსული ჯარის ჯარისკაცები. ამის გამართლება რაიმე სახით არის სირცხვილი და უზნეობა, “- წერს რაზმაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ. როგორც მეჩითოვმა ტელეარხ – Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, 1989 წლის 9 აპრილს 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები.
„9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“, – განაცხადა იური მეჩითოვმა.