„რომ დასცლოდათ, ცემით მოკლავდნენ“ - ორი ტრანსგენდერი ქალი 7-მა მამაკაცმა სცემა

„რომ დასცლოდათ, ცემით მოკლავდნენ“ - ორი ტრანსგენდერი ქალი 7-მა მამაკაცმა სცემა

ტრანსგენდერ ქალს, ტრანსფობიურ ნიადაგზე 7 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა 12 ნოემბერს ღამის 2 საათზე თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალებს ფიზიკური დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული. ერთ-ერთს კი თავდამსხმელებმა დაუზიანეს ყბის ძვლები. ორივე ქალს მიღებული აქვს ტვინის შერყევაც.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები „მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მათი აზრით, გარშემო ძალიან ბევრი კამერაა, რომლის დახმარებითაც პოლიციას თავდამსხმელების ვინაობის და ავტომობილის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისინი ტრანსგენდერ ქალებს მათი გენდერული იდენტობის გამო გაუსწორდნენ და ცემის მოტივი სიძულვილი იყო.

„თანასწორობის მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" საველე ოფიცერია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების გაუმჯობესებაშია ჩართული.

ოფიცრის დაზიანება კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ტრანსგენდერ ქალს 7 მამაკაცი თავს დაესხა და მისი ცემა დაიწეს. ის ქალის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც „მერსედესის" მარკის ავტომობილი გაჩერდა და იქიდან რამდენიმე მამაკაცი გადმოვიდა. ისინი საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ. შემდეგ პირდაპირ ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და მისი ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს.

„ეს სიძულვილით განპირობებული ქმედება იყო. ქალები სცემეს იმის გამო, რომ ისინი ტრანსგენდერები იყვნენ. ყვირდოდნენ და იმუქრებოდნენ, რომ ყველა ასეთ ადამიანს ცემაში სულს ამოხდიდნენ; რომ ჩვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის და გარეთ გამოსვლას ვერ უნდა ვბედავდეთ. რომ დასცლოდათ, ალბათ ორივეს ცემით მოკლავდნენ.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყველა ტრანსგენდერი ქალის გარეთ გამოსვლა სიკვდილის ტოლფასია. არაფრისგან დაცულები არ ვართ. შეუძლიათ უბრალოდ მოვიდნენ და ყველანაირი მიზეზის გამო ცემა დაგვიწყონ.

„სხვაგან სამუშაო არ გვაქვს, სად წავიდეთ? ქუჩაში გამოსვლაც კი უკვე სიცოცხლისთვის საფრთხის მატარებელია. ცირიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერების ცემის ეს პირველი ფაქტი არ არის და ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება", - აცხადებს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი „რეზონანსთან".

„თანასწორობის მოძრაობის" ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ძალადობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ. არიან. მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს.