დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეურაცხმყოფელ განცხადებას არავის მიმართ არ აკეთებს, ევროპულ და დაბალანსებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

„კარლ ჰარცელმა თქვა, რომ მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ საარჩევნო გარემო კონსტრუქციული ყოფილიყო, ოპოზიციის მიზანი ხმაურიან და სკანდალურ კამპანიაში ხმების მობილიზება იყო. ეს მათი სტრატეგია იყო, რაც გააკეთეს კიდევ. დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეტევა იყო და ოპოზიცია  მღვრიე წყალში სარგებელის მიღებას ეცადა, რაც მძიმე და არასასიამოვნოა, რადგან ქვეყანაში ნეგატიური განწყობა შეიქმნა. სალომე ზურაბიშვილი სხვაზე არანაირ შეტევას არ ახორციელებს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ შეტევა იყო და მუქარებიც გაუგზავნეს.

რაც შეეხება ვაშაძეს, მან განაცხადა, რომ სიტუაციას იმით შეცვლის, რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. მათი მცდელობაა, რომ დესტაბილიზაცია იყოს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს და მეორე ტური მშვიდად ჩაივლის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ფაქტებს შესაბამისი უწყება გამოიძიებს.