საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შეწყალების შემთხვევაშიც, ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. კერძოდ, სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც საია-ს იურისტმა რევაზ აჭარაძემ განაცხადა, იქამდე, ვიდრე პირის მიმართ განაჩენი არ დადგება და მსჯავრდებულის სტატუსი არ ექნება, მისი შეწყალება შეუძლებელია. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მიმართ 2 საქმეზე განაჩენია დამდგარი, ხოლო 2 საქმეზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.
„რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეტაპზეა საქმის განხილვა - აპელაციაში თუ უზენაესში, რადგან პირველივე ინსტანციის განაჩენის შემდეგ, პიროვნება ითვლება მსჯავრდებულად. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული. შესაბამისად, პრეზიდენტს რაიმე შეზღუდვა იმის, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, მიუხედავად იმისა, მისი საქმე უზენაესშია თუ აპელაციაში, არ აქვს.
"რაც შეეხება სხვა საქმეს, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ საქმეებში პიროვნება ითვლებად ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად. როდესაც პირი ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად ანუ სანამ პირველი ინსტანციას განაჩენი არ არის დამდგარი, პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გაგრძელდება საქმე. შესაბამისად, თუ პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე იქნება დაკავებული", - განაცხადა აჭარაძემ.