„გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე „ვერბოვკის“ ფურცლები, ოთხივე ძალიან ცნობილია“

„გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე „ვერბოვკის“ ფურცლები, ოთხივე ძალიან ცნობილია“

„ჩეკისტებითაა გატენილი „ოცნება", თავის რიგებში ჰყავს უამრავი. ან, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესში ვის ეყრდნობოდა, რუსეთის უშიშროებასთან არ თანამშრომლობდა?!. ჩვენთან რომ გაჟონოს (სუკ-ის ყოფილი აგენტების) სიამ, ვინც აღმოჩნდება, ყველა იტყვის, რომ ტყუილია და აბა, საქმე მაჩვენეთო, საქმე კი რუსეთშია გატანილი... ზვიად გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე ე.წ. გადაბირების, „ვერბოვკის" ფურცლები, სადაც მათ ენიჭებათ თიკუნები და წერია, რომ გადაიბირეს, მათ შორის ერთი ძალიან დიდი კაცია, ოთხივე ძალიან ცნობილია. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი. თუ მიიღებენ კანონს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ყალბი ლაპარაკია,"- ლუსტრაციის კანონის შესახებ საუბრობს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.

„რ": „ოცნების" დეპუტატი ლევან კობერიძე გამოდის ინიციატივით, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდეს, იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ მთავარია ყოფილი სუკ-ის თუ კა-გე-ბეს აგენტები თანამდებობებზე არ ინიშნებოდნენ, სიის გასაჯაროვება კი არ მოხდეს, რადგან ეს ადამიანებს დააპირისპირებს. რამდენად შესაძლებელია მივიღოთ ახალი და ქმედითი კანონი?

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ უკვე გვაქვს კანონი „თავისუფლების აქტი", რომელშიც მთლიანად არის ის ნაწილი, რაზეც ახლა ლაპარაკობენ. „ლუსტრაციის კანონი" ჩვენ სინამდვილეში გვაქვს. ეს კანონი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა დროს ამა და ამ თანამდებობაზე იყვნენ, დღეს თანამდებობას ვერ დაიკავებენ. ამ კანონით აკრძალულია კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკა. სხვათა შორის, ამას წინათ ხელებს რომ იქნევდნენ სასამართლოში, ეტყობა მოსამართლემ არ იცის, რომ ეს კანონით აკრძალულია და ფაშისტები რომ ჰყავდა დარბაზში, ეს ვერ მიუთითა. ახლა რაზეც არის ლაპარაკი, ეს გასაგებია, უნდათ გრიგოლ ვაშაძეს ამით დააკლონ ხმები. „ლუსტრაციის კანონით", სხვათა შორის, ვინმე თუნდაც „მამალი ჩეკისტი" იყოს, არჩევით თანამდებობებს არ ეხება არსად მსოფლიოში, თუ ხალხმა იცის, რომ ჩეკისტია და მაინც ირჩევს. მაგალითად ნამდვილი ჩეკისტია ჩეხეთის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელსაც „ლუსტრაციის კანონით 9 წელი პოლიტიკაში მოღვაწეობა ეკრძალებოდა, მაგრამ მერე მაინც აირჩიეს. ამიტომ ეს ლაპარაკი ახლა, არის ყალბი ლაპარაკი, წინასაარჩევნო ლაპარაკი. არსებულ კანონს არ იცავენ, სტალინის ქუჩაა გორში, რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ხომ მაინც არის?! არის ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ადრე რაიკომის მდივანი იყო, არ აქვს თანამდებობაზე ყოფნის უფლება, მაგრამ მაინც არის. კანონი გვაქვს, კანონში არ არის საქმე.

რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, აგენტების სია გვაქვს, მაგრამ მათი საქმეები რუსებს აქვთ წაღებული და მთავრობას არც მოუთხოვია. ამიტომ მხოლოდ სია შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, თუ არ იცი რა საქმეები გააკეთა კაცმა. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ლუსტრაციის კანონისთვის, ნინო ბურჯანაძემ ჩააგდო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მეორეჯერ და მესამეჯერაც იყო მცდელობა. შემდეგ 2011 წელს მივიღეთ თავისუფლების" აქტი, რომელიც სრულიად საკმარისი იმ ამოცანებისთვის, რომელიც ახლა დგება, ანუ გავარკვიოთ ვინ, ვინ არის. აგენტურაზე კი მასალები არ გაქვს. მეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი აგენტების სია რომ გამოაქვეყნონ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები გეტყვიან, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ, აგენტს შეიძლება არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ ისე დათანხმდა და ა.შ., მაგრამ კობერიძისგან ეს ლაპარაკი ახლა ყალბი ლაპარაკია და არ მიიღებენ ასეთი კანონს. ასეთი კანონი თუ მიიღეს, საქართველოს პარლამენტში ნოზაძეები და მისი მსგავსები როგორ უნდა იყვნენ?! ჩეკისტებითაა გატენილი იქაურობა. „ოცნებას" თავის რიგებში ჰყავს უამრავი. ან, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესში ვის ეყრდნობოდა, რუსეთის უშიშროებასთან არ თანამშრომლობდა?! არ ვიცით ვინ, ვინ არის,მაგრამ ახლა ილაპარაკებენ, ამით შეგვახსენონ, რომ ბატონი ვაშაძე რახან საგარეოში მუშაობდა, ჩეკისტი იყო.

„რ": თქვენ თვლით, რომ ვაშაძის „მხილებისთვის" დაიწყო ლუსტრაციის კანონზე საუბარი?

ლ.ბ: რა თქმა უნდა.

„რ": ფოტოგრაფი იური მეჩითოვის განცხადებაც იყო 9 აპრილზე და აღქმა გაჩნდა, რომ ამის გამოძახილი იყო ეს.

ლ.ბ: მეჩითოვის გამოკვლევა თუ უნდათ, თუ შემთხვევით მეჩითოვი გრუ-ს აგენტია და მასალები აქვთ, რომ აგენტურაა, ამას ლუსტრაციის კანონი რაში სჭირდება, ამას სჭირდება დაპატიმრება, ჩხრეკა. მეჩითოვი ან არის ვიღაცის აგენტი და დავალებით ამბობს, ან თავისით ამბობს იმას, რაც არავის არ მოგვწონს. თავისით თუ ამბობს, ვერაფერს ვერ ვუზამთ, შეგვიძლია ცუდი სიტყვები ვაკადროთ, მაგრამ ძალადობა არ ივარგებს, რადგან ამით მაინც უნდა ვაჯობოთ. მან ყველას შეგვაფურთხა, თურმე როგორ გვიყურებს. თურმე ჩვენი გოგოების სიკვდილი დაინახა, ბიჭები ვერ დაინახა. „ალ ჯაზირას" აძლევდა ინტერვიუს და იქ ქალების მოკვლა უფრო მოეწონებათ-ო თუ რა იყო, არ ვიცი, რა ჭკუას ემსახურება. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, ალბათ, ჯდება. ხოლო თუ აგენტია და გრუ-ს დავალებებს ასრულებს, გამოიძიონ და დააპატიმრონ. ლუსტრაციის კანონი რას უზამდა ვითომ, მინისტრად არ დავნიშნავდით?! კობერიძემ შეიძლება არც იცის „ლუსტრაციის კანონი" რას ნიშნავს. არის ორი სია, ვის ეხება და რა ეხება. „რა ეხებაში" არის ის, რომ თანამდებობაზე ვერ დანიშნავ, მაგრამ არჩევა შეიძლება. თუ მეჩითოვს ეხება ეს, გაემიჯონონ სიტყვებით, თქვან, რომ ეზიზღებათ ასეთი ლაპარაკი, მაგრამ რაღაც კანონებით გველაპარაკებიან. კი ბატონო, მიიღონ კანონი, კი არ მეწყინება, იმდენი მასალა მაქვს, დავეხმარები, პოლონური, ჩეხური, გერმანული, უნგრული.

„რ": კულტურის მუშაკებიდან რამდენად ბევრი და ცნობილი ადამიანი შეიძლება იყოს აგენტურის სიაში?

ლ.ბ: ალბათ ჩვენი „წითელი ინტელიგენციის" 80% იყო აგენტი. ძალიან დიდი პროცენტია და ამიტომ მას ხელს ვერ მოჰკიდებს ვერავინ, იმიტომ რომ, დედასთან, მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ბიძაშვილებთან ექნებათ საქმე. ეს სია საქართველოში არსებობს, მაგრამ მათი საქმეები წაიღო რუსეთმა. თუ მოითხოვე საქართველო, გამორიცხული არ არის, გადმოგვცენ კიდეც. ჩემი საქმე მოვითხოვე, მინდოდა მენახა, პატიმარი რომ ვიყავი, ვინ ჩამიშვა და მითხრეს იგორ გიორგაძემ წააყოლა ხელსო. ამ სიით ყველა ხელისუფლებამ იხელმძღვანელა, ყველა თავისთან მიიყვანა და უთხრა, რომ სია მე მაქვს, ამიტომ ახლა მომემსახურებით მე.

„რ": მაგალითად, ჩეხეთში როგორ მოხდა ლუსტრაციის კანონის შემდეგ, სიები გასაჯაროვდა?

ლ.ბ: სიები ჰქონოდა სახელმწიფოს და კაცი რომ დააპირებდა თანამდებობაზე დანიშვნას, ამოწმებდნენ და სიაში მყოფს უარს ეუბნებოდნენ. თუ კენჭის ყრას დააპირებდა, უბრალოდ უქვეყნებდნენ, რომ ის აგენტია. თუმცა ჩეხეთში ეს სიები მაინც გასაჯაროვდა, მაგრამ ეს სახელმწიფომ კი არ ქნა, ინფორმაციამ გაჟონა და დღეს ყველა ოჯახში სიდი დისკზე აქვთ, ვინ იყო აგენტი და ვინმეს ცოლი რომ მოჰყავს, არკვევენ, მისი მშობელი აგენტი ხომ არ იყო. ჩვენთან რომ გაჟონოს სიამ, ვინც აღმოჩნდება, ყველა იტყვის, რომ ტყუილია და აბა საქმე მაჩვენეთო, საქმე კი არ გატანილია. ჩეხეთში რომ გაჟონა, იქ ამას ენდნენ, რადგან ჩეხები არიან და იციან, რომ ტყუილს არ იკადრებდნენ, ჩვენთან კი ასე არ იქნება. ზვიად გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე ე.წ. გადაბირების, „ვერბოვკის" ფურცლები, სადაც მათ ენიჭებათ თიკუნები და წერია, რომ გადაიბირეს, მათ შორის ერთი ძალიან დიდი კაცია, ოთხივე ძალიან ცნობილია. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი. თუ მიიღებენ კანონს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ყალბი ლაპარაკია.