სატელიტური თეფში პრეზიდენტს...

სატელიტური თეფში პრეზიდენტს...

ასეთი საჩუქარი გაუგზავნეს ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა მიხეილ სააკაშვილს. მათ სიმბოლურად ერთ სატელიტურ თეფშს მოაწერეს ხელი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნეს. პირველი ავტოგრაფის ავტორი ლაშა ტუღუში იყო.

პარლამენტის შენობის წინ დღეს გამართულ „მაესტროს“ მხარდამჭერ აქციას, სავარაუდოდ, სხვა აქციებიც მოყვება და პროტესტი მანამდე გასტანს, სანამ „მაესტროს“ სატელიტური თეფშები არ დაუბრუნდება. დღევანდელი აქციის მონაწილეებმაც, უკვე მერამდენედ, „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნა მოითხოვეს. აქციაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ

საქართველოში სატელიტური თეფშები საძებარი გახდა. ამიტომაც აქციის მონაწილეებს ხელში სატელიტური თეფშების გამოსახულებიანი პლაკატები ეჭირათ, წარწერით: „იძებნება“.

აქციაზე თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების წარმომადგენელი იმყოფებოდა. აქვე იყვნენ საზოგადოების წამომადგენლები, არასამთავრობოები,

„ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები და, უბრალოდ, ცნობილი ადამიანები: დიმა ჯაიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ქეთი დოლიძე, გოგა ხაინდარავა, რატი ამაღლობელი და სხვანი. გარშემო პერიმეტრს კი სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.

For.ge აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს, რომ იგი ყოველთვის იქაა, სადაც საკუთარი ხალხი ეგულება. მით უმეტეს, დღეს, როცა ხალხი თავისუფალ პრესას მოითხოვს.

„მაესტროს“ როგორც ებრძვიან, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მსმენია. ხელისუფლება გვამადლის, „მაესტრო“ ხომ არის თავისუფალიო?! ეს სიმართლე არაა. ყველა ტელევიზიას ხელისუფლება აკონტროლებს და „მაესტრო“ გადის მხოლოდ თბილისში, თეფშები ჩამოართვეს ყველას. რაშია საქმე? რა უბედურებაა? რა თქმა უნდა, ამათ გვერდით უნდა დავდგე, ასე ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, სიმართლე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს. არ შეიძლება, ბოროტებამ გაიმარჯვოს. დღეს სიყვარულის დღეა და სიყვარული სიძულვილს ებრძვის,“ - აღნიშნა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

მსახიობი და რეჟისორი დიმა ჯაიანი აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ სურს, თავისუფალი იყოს, რადგან „მაესტროზე“ მიტანილი იერიშის გამო სასუნთქ სივრცეს ვერსად პოულობს.

„მინდა, ფიზიკურადაც, მორალურადაც თავისუფალი ვიყო და სხვანაირად ვისუნთქო. ჰაერი არ მყოფნის, როცა „მაესტროს“ გადაკეტილი აქვს სასუნთქი სივრცე. გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვსუნთქავ. მინდა, თავისუფლად ვისუნთქო. „მაესტრო“ აუცილებლად მიაღწევს მიზანს, რადგან ადამიანი რასაც ჩაიფიქრებს, არ შეიძლება, არ მიაღწიოს. ეს ყველაფერი ჩვენ გვაკლდა, ახლა ყველაფერი რიგზე იქნება“.

ჟურნალისტი თეა სიჭინავა მიიჩნევს, რომ სატელიტურ თეფშებზე ყადაღა უნდა მოიხსნას, რადგან შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ადამიანს ინფორმაციის მიღების პრობლემა შეექმნას. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, სიჭინავას განმარტებით, პროკურატურამ დღემდე სარწმუნო ვერაფერი წარმოადგინა, რომლითაც რაიმე ბრალეულობა დამტკიცდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ხელისუფლება საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. ცდა ყოველთვის აუცილებელია, ამიტომ ჩვენ ვეცდებით. თუკი სოლიდარობა და საზოგადოების მტკიცე ნება იქნება, იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დირექტორს, ზურაბ ბაზლიძეს სამართლიანობის აღდგენის იმედს ხალხის პროტესტი უსახავს. მისი აზრით, თუკი მედია თავისუფალი იქნება, მათაც მიეცემათ მუშაობის საშუალება.

„სულ ახლახანს პროკურატურამ მოგვწერა წერილი, რომ თურმე ჩვენ არ ვართ მხარე. აქედან გამომდინარე, ვერც ინფორმაციას ვიგებთ, რატომ ვართ დაყადაღებული და ვერც ვერანაირად მივიწევთ წინ, რადგან გვეუბნებიან, პროცესი მიმდინარეობს, თქვენ არ ხართ მხარე და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო“.

მისი თქმით, მართალია, „გლობალის“ ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებას ახდენს, შესაბამისი განცხადებებიც კეთდება და სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ეხმიანებიან ამ თემას, მაგრამ, ჯერჯერობით, დადებითი არაფერი ჩანს. რეალურად, დღესდღეობით საქართველოში ისევ პრობლემაა სატელიტური თეფშების შემოტანა. ვერცერთ კომპანიას, ორგანიზაციას ვერ შემოაქვს და არც შემოაქვს ეს თეფშები, რადგან, ვისაც შემოტანილი აქვს, მათაც პრობლემა ექმნებათ საქართველოს ბაზარზე.

21-ე საუკუნეში სიტყვის თავისუფლების დაპატიმრებას რეჟისორი გოგა ხაინდრავა დიდ სირცხვილად მიიჩნევს.

„პირველ რიგში, ეს ჩვენი საზოგადოების სირცხვილია, რომ ჩვენ ამას ვუშვებთ. ამიტომ ბუნებრივია, ყველა ჩვენგანი აქ უნდა იყოს და გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა და უბედურება, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა ამ წუთში. ეს არის შუა საუკუნეების აზროვნება, ეს არის საბჭოური აზროვნება და მე ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში საბჭოური აზროვნების ადგილი, მით უმეტეს, ხელისუფლებაში, ასეთი აზროვნება არ უნდა იყოს“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი დავით აქუბარდია „მაესტროს“ თეფშების დაყადაღებას აშკარა ძალადობად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მრავალი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, კერძოდ, ინფორმაციის თავისუფლად მიწოდების შეზღუდვაა.

„სწორედ ამას ვებრძვი, ვებრძვი ძალადობას მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემა-ტყეპას ვაპროტესტებ და ვგმობ იმას, რომ ინფორმაციის თავისუფლად გადაცემაში ხელს რომ გვიშლიან. თუ მივაღწიეთ ამას, ეს საზოგადოების დიდი გამარჯვება იქნება, ხოლო, თუ ვერ მივაღწიეთ, რომელიმე სხვა ეტაპზე აუცილებლად მივაღწევთ. ამას გპირდებით“ - გვითხრა დავით აქუბარდიამ.

„რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას კიდევ მრავალი განცხადება დაემატება.

„როგორც ვიცი, ბევრი განცხადება შევა პროკურატურაში, რადგან სხვა ორგანიზაციებიც აპირებენ განცხადებების შეტანას. გარდა ამისა, კიდევ ბევრი აქცია ჩატარდება. იმდენი აქცია ჩატარდება, რამდენიც საჭირო იქნება კანონიერების აღსადგენად. რაც შეეხება სატელიტურ თეფშებზე ხელმოწერებს, ჩვეულებრივმა ადამიანებმა ასეთნაირად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ასეთივე ხელმოწერები დატოვეს მედიის წარმომადგენლებმაც. ეს თეფში უნდა ვაჩუქოთ პრეზიდენტს, რადგან ქვეყნაში თეფშების დეფიციტია. ჩვენ არ ვიზიარებთ პროკურატურის პოზიციას, რადგან შეუძლებელია, აქ არსებობდეს კანონდარღვევის ნიშნები. აქ უფრო პოლიტიკური მიზანია და ხელისუფლების მთავარი მიზანია, შეზღუდოს „მაესტროს“ მაუწყებლობა“.