ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა, ეს ის თანხაა, რაც მას, როგორც ფიზიკურ პირს, თავისი „პოლიტიკური მიზნების კანონის დარღვევით განხორციელებისათვის“ დააკისრეს. თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით მას 74 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ივანიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და თანხის გადახდას არ აპირებდა.
ჯარიმის გადაუხდელობისთვის მისი საქართველოში არსებული აქტივების ნაწილი დააყადაღეს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი დაყადაღებულ აქტივებს დროებითი მმართველი დაუნიშნა, რომელსაც ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა მიემართა.
საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარიმის გადახდა გადაწყვიტა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში, ჯამში, 80 მილიონი ლარი გადარიცხა, საიდანაც 75 მილიონი შეადგენს ჯარიმის თანხას, დანარჩენი კი - წარმოადგენს ჯარიმის გადახდის ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 7%-იან თანხას.
აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისთვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.
„2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“, აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სს „ქართუ ჯგუფი“-ს აქციათა 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკი“-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.
25 ივლისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისათვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველი, ვლადიმერ უგულავა აცხადებს, კრედიტორის, ანუ სახელმწიფოს მოთხოვნები სრულად არის დაკმაყოფილებული, დარჩა ფორმალური მხარე, რომლის შედეგადაც მას ხვალ იძულებითი მმართველის სტატუსი აღარ ექნება. უგულავას განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
„შემდეგ კი, პროცედურების მიხედვით, აღსრულების ბიურო სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას „ქართუ ჯგუფისთვის“ იძულებითი მართვის და ყადაღის მოხსნის შესახებ. სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება 24 საათში უნდა მიიღოს, - განაცხადა უგულავამ, რომელმაც „ქართუ ჯგუფის“ ოფისი უკვე დატოვა.
ამ დროისთვის „ქართუ ჯგუფის“ ოფისში იმყოფება „ქართუ ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რომელიც ოფისში მას შემდეგ მივიდა, რაც შენობა დატოვა ჯგუფის იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ.
იძულებითი მართვის გაუქმების შემდეგ „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა ხელახლა უნდა დაინიშნოს. ნოდარ ჯავახიშვილი დარწმუნებულია, რომ დამფუძნებლები მას ბანკის პრეზიდენტად ისევ დანიშნავენ, თუმცა გარკვეული პროცედურების შემდეგ,
„ძალიან მარტივად გავივლიდით ამ პროცედურებს, თუმცა ცოტა გაურკვევლობაა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ჩადებული, რომ დროებითი მმართველობა წყდება ვალდებულების შესრულებისთანავე. შემდგომ პუნქტში კი წერია, რომ დროებითი მმართველი ვალდებულია, ვალდებულების შესრულებისთანავე შეატყობინოს სასამართლოს. ამის მეტი გაწერილი არაფერი არ არის. ავტომატურად შეგვეძლო ბანკის მართვა ხელში აგვეღო, თუმცა პროცედურების გამო ვაყოვნებთ. დღესვე მიიღებენ დამფუძნებლები გადაწყვეტილებას მმართველის პოსტზე ჩემი დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოკლედ, „ქართუ ჯგუფი“ კვლავ მისი კანონიერი მფლობელების ხელში გადადის, თუმცა ხელისუფლება ბძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს „ქართუ ბანკის“ დაბრუნების სურვილით ხსნის და ამბობს, რომ ამ ნაბიჯს სტიქიასთან საერთო არაფერი აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდა „ქართუ ბანკის“ დაბრუნების მიზანს ემსახურებოდა და მას სტიქიასთან კავშირი არ აქვს“.
პოლიტიკური ნაბიჯების შეფასება ცოტა ძნელია, მას ყოველთვის შეიძლება მოეძებნოს რამდენიმე მხარე, თუმცა საინტერესოა კიდევ ერთი ნიუანსი - აღიარა თუ არა ამ თანხის გადახდით ბიძინა ივანიშვილმა ის ფაქტი, რომ სამართლიანად დააჯარიმეს. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილს ეს სამართალდარღვევა არ უღიარებია.
„ბიძინა ივანიშვილს სასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე არ უღიარებია, რომ რასაც მას აკისრებდნენ, ეს კანონიერია. სამწუხაროდ, ეს უკანონო გადაწყვეტილებები შევიდა ძალაში და მიექცა იძულებით აღსასრულებლად. ჯარიმის გადახდა იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც მას ხელისუფლებამ დაუტოვა კახეთში დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად,“ - აცხადებს ბარამიძე.
ცნობილია, რომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს იმ ზიანის კომპენსირებისთვის, რაც მას მიადგა. საქმე კი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის ცენტრში განიხილება.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი ამბობს, ეს უცხოური კომპანია თავის საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებდა, ერთი, რომ ის იცავდა ივანიშვილის ინტერესებს იმ პერიოდში და იმ ზიანზე, რომელიც მიადგა, მაშინ, როდესაც ის იყო ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე, და ეს შეეხება 30 აპრილამდე პერიოდს.
„მეორე თემა იყო 21 აპრილის შემდეგ მომხდარი მოვლენები, როდესაც სხვა აქციონერების ქონება იყო ხელყოფილი. ახლა დროის მონაკვეთი ჩაიკეტა, 12 თუ 13 დღის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ იმ უცხოელი აქციონერების ქონება იყო ხელყოფილი. ზიანის ოდენობაც ამ 13 დღიანი მმართველობის შედეგად იქნება დათვლილი და ეს პრინციპი შენარჩუნებული იქნება. ასეთი სახეცვლილება განიცადა მიყენებული ზიანის თაობაზე დავამ“ - აცხადებს კბილაშვილი
რაც შეეხება ჯარიმას, როგორც ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილს ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა, ამიტომ ამ მიმართულებით დავას არ შეწყვეტენ და საქმის განხილვა სტრასბურგში გაგრძელდება.