"ხელში ელექტროშოკები ეჭირათ, დაგერხათ ბადრის მონებოო" – იმედი 2007 წლის 7 ნოემბერი

"ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა და ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს "ბადრის მუ…ს" გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც "ქრონიკის" ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: “ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედაო...

ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან.  "ნიუსრუმში" იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორი იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები "ბადრის მონებოს" ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა…“, - ეს ახსნა-განმარტება თეა ადეიშვილმა ადვოკატებს შალვა შავგულიძეს და სოსო ბარათაშვილს პროკურატურაში წარსადგენად 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე მისცა.