სრული მობილიზაცია

სრული მობილიზაცია "ოცნებაში" - რა მიზნით დაიბარეს სპორტსმენები და ბიზნესმენები პარტიის მთავარ ოფისში

საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული არასახარბიელო შედეგის შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" საგანგებო შეკრებები თითქმის ყოველ დღე იმართება და გვიანობამდე გრძელდება.

როსტომ მეფის სასახლეში დღის ბოლოს სპორტსმენები და ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ, თუმცა "ქართული ოცნების" ოფისში მათი მისვლის მიზეზად წინასაარჩევნო საკითხები კატეგორიულად გამორიცხეს.

"გავიარე, ვნახე ჩემი ძველი კოლეგები და მეგობრები,"-აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური.

ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძეც ირწმუნება, რომ საარჩევნო თემაზე არ უსაუბრიათ.

"მეგობართან ვიყავი კახასთან, საარჩევნო იმაზე არ დაგვილაპარაკია,"-აცხადებს დემეტრაძე.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გიგა ახვლედიანთან პირად საქმეზე სასაუბროდ იმყოფებოდა. მისი თქმით ვიზიტი არ უკავშირდება არჩევნებს.