ნიკა გვარამია: ცაგურიას, პროკურატურაში ჩივილს ურჩევნია, საკუთარ უსაფრთხოებას მიხედოს

ნიკა გვარამია: ცაგურიას, პროკურატურაში ჩივილს ურჩევნია, საკუთარ უსაფრთხოებას მიხედოს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დაჩი ცაგურიასთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. „რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში, რა დაზუსტებული ინფორმაციაც მქონდა, ის გავაჟღერე და ახლა მას ამ განცხადებების კეთებას და პროკურატურაში ჩივილს ურჩევნია, საკუთარ უსაფრთხოებას მიხედოს, თვითონ ხომ კარგად იცის, რომ სიმართლე ვთქვი“, -  განაცხადა ნიკა გვარამიამ „2020NEWS“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. გვარამიას თქმით „ქართული ოცნების“ აქტივისტი და რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია კრიმინალურ ავტორიტეტებს წინასაარჩევნოდ გაურიგდა.

"დაჩი ცაგურიას უთხრეს, რომ სამტრედიაში ადგილობრივ ავტორიტეტებს დალაპარაკებოდა, ისე გააკეთე რომ სამტრედია მოვიგოთ და შემდეგ ფულს გადავიხდითო, "გრევი" იქნებაო... სამტრედიაში წაგების შემდეგ ე.წ. კანონიერმა ქურდებმა "გრევი" მოითხოვეს, რაზეც დაჩი ცაგურიამ უთხრა, რომ დიდი ბოდიში, "გრევი" არ იქნება, რადგან არჩევნები წავაგეთო. ქურდებმა უთხრეს: კარგი, მამაშენმა იცის სად გეძებოს, როცა დაიკარგებიო.

არის კატის დღეში, უბედური ცაგურია და მამამისი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაფრთხილო, ცუდად არის ეს ბიჭი. არ ვიცი მან გითხრათ თუ არა, მაგრამ საფრთხის ქვეშაა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან და მიაქციეთ ყურადღება, რადგან ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და ნამდვილად არ მსურს, დამნაშავეების ხელში მოხვდეს, მითუმეტეს, სხვის დავალებას ასრულებდა" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს კი დაჩი ცაგურიამ გადაცხადა,  რომ მთავარ პროკურატურაში შეაქვს განცხადება გვარამიას ბოდვებთან დაკავშირებით  და იმ ფაქტების გამოძიებას ითხოვს, რაზეც გვარამია საუბრობდა.